საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.
ის კანონები, რომელებიც უკავშირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მათ დაცულობას, უსწრაფეს ვადაში უნდა იქნას მიღებული . განცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდნეტმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა:
"ეს გადაწყვეტილება განპირობებულია რამდენიმე მიზეზით. ჩვენს საზოგადოებაში არის მტკიცე კონსენსუსი, რომ ამ საკითხზე პოზიცია უნდა იქნას ჩამოყალიბებული და ჩვენ უნდა გადავიდეთ სპეცსამსახურების ფუნქციონირების თანამედროვე დემოკრატიულ ფორმაზე. მე დავიბადე საბჭოთა კავშირში. ვიცოდი, რომ გვისმენდა "კაგებე" და ამით გავიზარდეთ. შემდეგ მე ვცხოვრობდი პოსტსაბჭოთა საქართველოში, სადაც სახელმწიფოს გაძლიერების სიმბოლოდ სააკაშვილის რეჟიმმა აიღო უკანონო მოსმენები. ჩვენ, ყველამ ერთად, ამ რეჟიმს გამოვუტანეთ განაჩენი.
მე მივესალმები სამოქლაქო საზოგადოების ჩართულობას, ასევე მივესალმები იმ კანონს, რომელიც იქნა მიღებული აგვისტოში. თუმცა, ბევრი დეტალი ამ კანონისა არ დარეგულირებულა და უმნიშვნელოვანესი თემები გადაიდო და ეს თემები გადაიდო დღევანდელი დღისთვის. ამ გადადებას მოჰყვა კიდევ ერთხელ გადადება. ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, არ არის პირველი ჩვენს ახალ პარლამენტში. მიმაჩნია, რომ ეს ტენდენცია ბევრად უფრო გონივრულ რეჟიმში უნდა იქნას გადატანილი და ბევრად უფრო სწრაფად უნდა ვიღებდეთ იმ კანონებს, რომლებზეც საზოგადოებაში სრული კონსენსუსია; დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ ელიტაშიც ასეა. ის კანონები, რომელებიც უკავშირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მათ დაცულობას, უნდა იქნას მიღებული უსწრაფეს ვადაში. მოვუწოდებ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი; გააკეთოს მთავარი, აღადგინოს ნდობა სახელმწიფოს აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის. იმედი მაქვს, პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას", - განაცხადა მარგველაშვილმა.