საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფარული მოსმენების ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად "გონივრულ ვადად" არა უგვიანეს 2014 წლის 1 დეკემბერს ასახელებს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა და ევროპელი სპეციალისტების მიერ საექსპერტო დასკვნებიც მომზადდა.
"საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებითაც, რომ გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა და მომზადებულ იქნა საექსპერტო დასკვნები ევროპელი სპეციალისტების მიერ, სადაც დაფიქსირებულია უარყოფითი დამოკიდებულება ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების მეშვეობით განხორციელებულ კომუნიკაციასთან სამართალდამცავი ორგანოების პირდაპირ წვდომასთან მიმართებით, ხსენებულ თემაზე მომზადდა საკანონდებლო წინადადებები, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონით (#2637-რს) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოების დაცვისათვის დადგენილი რეგულაციების სრულფასოვანი ამოქმედებისათვის წესის შესამუშავებლად მიზანშეწონილად მიგვაჩნია განისაზღვროს გონივრული ვადა - არა უგვიანეს 2014 წლის 1 დეკემბრისა", - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა.