ივერიონი / ირაკლი ალასანია: ჭეშმარიტების დასადგენად გამოძიება ღიად უნდა წარიმართოს!

ირაკლი ალასანია: ჭეშმარიტების დასადგენად გამოძიება ღიად უნდა წარიმართოს!

   თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებით ქვეყნის უსაფრთხოებამ დიდი დარტყმამიიღო. განცხადებას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია აკეთებს.

 

 ალასანიას თქმით ჭეშმარიტების დასადგენად საქმეს "საიდუმლო" უნდა მოეხსნას.

 

  "ძალიან მნიშვნელოვანია, გრიფი "საიდუმლო" მოეხსნას ამ საქმეს, იმიტომ რომ ამ ნაბიჯით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ უსაფრთხოების კუთხით. აქედან გამომდინარე, იმ რაღაც მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე აუცილებელი იყო, რომ ასე ყოფილიყო, ახლა მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია, გამოძიება წარიმართოს ღიად და გახსნილად", - განაცხადა ალასანიამ.

  თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დისკუსიები უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ყუნდა შედგეს. მისივე თქმით, დაგეგმილია მთავრობის წევრებთან შეხვედრა.


  "ვინაიდან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ამით მიადგა ზიანი, აუცილებელია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შედგეს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსიები. მე დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა - პრემიერ-მინისტრთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც ვგეგმავ შეხვედრას. ბუნებრივია, როცა ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და პასუხისმგებლობა უკვე დადგება იმ პირების, ვინც შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება", - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.


 შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

1-11-2014, 12:31
უკან დაბრუნება