თბილისის მერიაში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებელ სამუშაოებზე თათბირს მართავს. ნარმანიასთან რაიონების გამგებლები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები არიან შეკრებილი.
როგორც მერიაში აცხადებენ, პრემიერის დავალებით ზამთრის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ყველა სამუშაო დროულად უნდა შესრულდეს, მათ შორის საზოგადოების იმ ნაწილის შეშით მომარაგება, რომლებიც ბუნებრივი აირით ვერ სარგებლობენ.
"პრემიერის დავალებაა და გვქონდა ამაზე საუბარი, რომ შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთოთ მოსახლეობისთვის, რომ ზამთრის სეზონი, რაც შეიძლება ღირსეულად გადავაგოროთ.
ჩვენთან უკვე შემოდის განცხადებები, გარკვეული მიმართულებით დახმარებების თხოვნით და ამაზე ხდება რეაგირება, თუმცა დღეს ნაერთი ინფორმაცია უნდა მოვისმინოთ და შემდეგ უკვე მივაწოდოთ მოსახლეობას ეს ინფორმაცია იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რის გაკეთებას ვაპირებთ." - განაცხადა ნარმანიამ.