გენერალ გიორგი კალანდაძის დაკავება შეუზღუდავად, მშვიდ ვითარებაში მოხდა. დაკავებისას კალანდაძეს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, _ ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
წულუკიანის თქმით, კალანდაძის დაკავება თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში 7 ნოემბერს, 05:20 საათზე მოხდა. მინისტრი განმარტავს, რომ ამ დრომდე დაკავებული არ დაუკითხავთ.
გამთენიისას კალანდაძის პირადი ჩხრეკაც განხორციელდა. "პროკურატურის წარმომადგენელმა დაკავებულს ორჯერ შესთავაზა ჩხრეკას მოწმეებიც დასწრებოდნენ, რაზეც კალანდაძემ უარი განაცხადა. მან გამოიყენა კანონით გათვალისწინებული უფლება, დაურეკა ახლო მეგობარს და ოჯახის უსაფრთხოების დაცვა სთხოვა. რაც შეეხება დაკავებას, გენერლის დაკავება შეუზღუდავად, მშვიდ ვითარებაში მოხდა. დაკავებისას კალანდაძეს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა", - განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, იგეგმებოდა დაკავებულის ორი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კალანდაძეს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, პროკურატურამ ჩხრეკა დილამდე გადადო.
თეა წულუკიანის თქმით, დაკავებული შს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მისი თქმით, კალანდაძესთან ერთად კიდევ ორი პირია დაკავებული.