"საქართველოში ფეოდალური მართლმსაჯულება დაიწყო". განცხადებას ამის შესახებ "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აკეთებს.
მისი თქმით, პროკურატურა გამოვიდა საპარლამენტო კონტროლიდან და მთავრობის შემადგენლობაში შევიდა.
"მე დიდი ხანია ვამბობ, რომ არ შეიძლება, მთავარი პროკურორი პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს. მოხდა ის, რომ პროკურატურა გამოვიდა საპარლამენტო კონტროლიდან და მთავრობის შემადგენლობაში შევიდა.
არასდროს არ ჰქონია ადგილი ფაქტს, როცა ადვოკატს უმალავენ მტკიცებულებას. კანონით, მსგავსი რამ დაუშვებელია. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსით დაფიქსირებულია უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი მოსამართლისა და იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დააპატიმრეს", - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზაზა ხატიაშვილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მიმართავს.
"სახეზეა დანაშაული ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ, მე , ზაზა ხატიაშვილი, მივმართავ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას - მე, ზაზა ხატიაშვილი, "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე, მზადყოფნას გამოვთქვამ, თავდებში დავუდგე ყველა იმ პირს, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. მოვუწოდებ მინისტრ ალასანიას, თუ ის გულწრფელია, როცა აცხადებს, რომ მის თანამშრომლებს დანაშაული არ ჩაუდენიათ, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვოს თავდებობა. დავუდგეთ მე და მინისტრი ალასანია, ორივე საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, ამ ადამიანებს თავდებში და თუ სასამართლო ამ ადამიანებს თავდებითაც არ გაათავისუფლებს, აშკარა იქნება, რომ ამ ბრალდების უკან დგანან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.