"ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პრეზიდენტს გასულ კვირას პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით ვეტოს დადებას თხოვს.
"ბოლო სასესიო კვირას პარლამენტმა მიიღო სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებული კანონპროექტი მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიები და მათი გაერთიანებები, რომელთაც 2014 წლის აგვისტოს სპეციალური მიმართვა გაავრცელეს ხელისუფლების წარმომადგენლების საყურადღებოდ, სადაც ამ კანონის განხილვის შეჩერებისა და სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვდნენ.
კანონპროექტი ახლებურად არეგულირებს სამაუწყებლო კომპანიებში სოციალური რეკლამის განთავსების პირობებს. ახალი რეგულაციები ლახავს კერძო მაუწყებლების როგორც ფინანსურ, ისე სარედაქციო დამოუკიდებლობას და ქმნის მედიაზე ზეწოლის რეალურ ბერკეტებს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა რამდენიმე შენიშვნა შეიმუშავეს:
კანონი საფრთხეს უქმნის ფინანსურ დამოუკიდებლობასა და სტაბილობას: სოციალური რეკლამის განთავსებისას კერძო მაუწყებელი იბეგრება, შესაბამისად, ეს მისთვის ფინანსურად ისედაც წამგებიანია. ასევე, კანონპროექტის შინაარსიდან და კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოები უფრო აქტიურად დაიწყებენ სოციალური რეკლამების მომზადებას, რასაც დაემატება უფასო პოლიტიკური რეკლამების განთავსების ვალდებულება.
კონკრეტული შინაარსის სოციალური რეკლამა შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კერძო არხის სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციისაგან. თუ კერძო მაუწყებლებს დაეკისრებათ ვალდებულება, ამ შინაარსის რეკლამები განათავსონ ეთერში, ეს შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უჩნდება მაუწყებლებზე ზეწოლის ახალი როლი. შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ ან/და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მხარის მიმართვის საფუძველზე, გადაწყვეტილებას მასალის განთავსებასთან დაკავშირებით იღებს კომისია. ეს შენიშვნები სრულად გაიზიარა საპარლამენტო უმცირესობამ. ჩვენ კანონპროექტის განხილვის პროცესში არაერთხელ დავაფიქსირეთ საკუთარი უარყოფითი პოზიცია და კანონპროექტის განხილვის შეჩერება მოვითხოვთ.
აღსანიშნავია ასევე, რომ კანონპროექტს უმრავლესობის წევრთა გარკვეულმა ნაწილმაც არ დაუჭირა მხარი.
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გაიაროს ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებები და დაადოს ამ კანონს ვეტო. ჩვენი მხრივ, ამ კანონის მიღების შემთხვევაში გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ კანონით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია", - აღნიშნულია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.