ნაციონალური მოძრაობის მიერს 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციას "სილქნეტის" მეპატრონე "ზარალა" აფინანსებს"- ამის შესახებ გაზეთი "ალია" წერს.
"თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი სკანდალი იყო. ეს ფაქტი იმიტომ იქცა სკანდალად და განსაკუთრებულ მოვლენად, რომ მომხდარმა პოლიტიკური ელფერი შეიძინა, სს საქმის დეტალებით ბევრი არავინ დაინტერესებულა და ყველა იმას ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირების შედეგი იყო: ღარიბაშვილმა ალასანიას "დაარტყა", მისი დასუსტება წერტილოვანი დარტყმებით უნდა და მალე ან დაიჭერს, ანდა თავდაცვის მინისტრის პოსტსაც დაატოვებინებსო. მოდით, გავიხსენოთ, ვინ და რის გამო დაიჭირეს.
დაკავებულთა შორის არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
გამოძიების თანახმად, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის მიზნით დაწყებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა "სილქნეტს" წინასწარ, საიდუმლოდ აცნობეს სატენდერო პირობები, შესაბამისად, "სილქნეტმა" სატენდერო კომისიას კონკურენტებზე უკეთესი პირობები შესთავაზა და ეს ტენდერი მოიგო. 2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ სს "სილქნეტთან" გააფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის, ქსელური აპარატურის შეძენა-მონტაჟისა და მომსახურების პირობით. ამ ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს "სილქნეტს" უნდა გადაუხადოს, ჯამში, 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) უკვე გადარიცხულია 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს "სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს. მოკლედ, გამოდის, რომ "სილქნეტი" და თავდაცვის სამინისტროს დაჭერილი თანამშრომლები ამ ტენდერით სამინისტროს 4 მილიონ ლარს "უტეხავდნენ".
მთავარი პროკურატურის განცხადებიდან, ასევე, ირკვევა, რომ დაკავებული 5 პირის გარდა, რომლებსაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, გამოძიებას თავდაცვის სამინისტროში სხვა სავარაუდო დამნაშავეებიც ეგულება და რომ ამ ეტაპზე მათი გამოვლენის პროცესი მიმდინარეობს. მოკლედ, პროკურატურა ამ ხალხს "სილქნეტთან" კორუფციულ გარიგებაში სდებს ბრალს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა არ აცხადებს, ვინ იყო "სილქნეტის" მხრიდან ამ გარიგებაში ჩართული. შესაძლოა, ეს ჯერ არც იცის გამოძიებამ და ამ მიმართულებით მუშაობს. აღსანიშნავია, რომ "სილქნეტმა" თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაჭერისთანავე, მეტად უსუსური განცხადება გაავრცელა, - ჩვენ თავდაცვის სამინისტროს ტენდერი პატიოსნად მოვიგეთ, კონკურენტებზე უკეთესი პირობები შევთავაზეთ სამინისტროს, არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონიაო. კაცო, უკეთესი პირობები რომ შესთავაზეთ, მაგაზე არავინ გედავებათ. პროკურატურა აცხადებს, რომ, ჯერ ერთი, ეგ "უკეთესი პირობები" იმიტომ შესთავაზა "სილქნეტმა" სამინისტროს, სხვებთან შედარებით, რომ კონკურენტების შესახებ ინფორმაცია უკანონოდ მიაწოდეს "სილქნეტსო". მეორეც, ის თქვენი "უკეთესი პირობები", 6 მილიონ ლარზე მეტად რომ შეაფასეთ, პროკურატურის მტკიცებით, მხოლოდ 2 მილიონი ღირს და 4 მილიონი კორუფციული გარიგების შედეგად ბიუჯეტიდან მიითვისეს ბრალეულმა პირებმა. არადა, ეჭვგარეშეა, რომ "სილქნეტის" რომელიმე, ან რამდენიმე მენეჯერის გარეშე, ეს საქმე ვერ გაიჩარხებოდა. ეტყობა, "სილქნეტში" არ იციან, რომ კორუფციული გარიგება სექსივით არის - აუცილებლად ორი მხარეა საჭირო, სხვაგვარად, მასტურბაცია გამოვა. მოკლედ, ამ საქმეში "სილქნეტიდანაც" ვიღაც არის გარეული. სავარაუდოდ, აქ "ჯგუფურ სექსთან" უნდა გვქონდეს საქმე, ანუ ჯგუფურ კორუფციულ გარიგებასთან. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან 5 კაცის ბრალეულობა სახეზეა და ძნელად დასაჯერებელია, რომ "სილქნეტიდან" მხოლოდ ერთი ადამიანი იყოს ჩართული ამ დანაშაულში. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია და დაველოდოთ, პროკურატურა როდის დაასახელებს "სილქნეტის" იმ წარმომადგენელს თუ წარმომადგენლებს, რომელთაც, ირაკლი ალასანიას თანამშრომელთა ხელშეწყობით, უკანონოდ მოიგეს ეს ტენდერი. ისიც საკითხავია, ვინც დაიჭირეს, სამინისტროს მხოლოდ ის თანამშრომლები არიან გარეულნი ამ დანაშაულში თუ გამოძიება უფრო მაღლა წავა - თავდაცვის მინისტრის რომელიმე მოადგილეს, ანდა თავად მინისტრს მიადგება.
ამ ეტაპზე კი არსებობს ეჭვი, რომ ამ საქმეში, შესაძლოა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსი ბატიაშვილია გარეული. კერძოდ, "სილქნეტის" კომერციული დირექტორის ნუგზარ (ბაჩო) ჩინჩალაძის დედა, თამარ ბატიაშვილი ალექსი ბატიაშვილის ალალი ბიძაშვილია. სწორედ ბაჩო ჩინჩალაძე კურირებს "სილქნეტის" კომერციულ გარიგებებს კერძო და საჯარო დაწესებულებებთან. მეორე მხრივ, დადასტურდა, რომ ფინანსების კონტროლსა და მონიტორინგს თავდაცვის სამინისტროში სწორედ ლექსო ბატიაშვილი აწარმოებს. ჯერ უცნობია, რა როლი ითამაშა ამ ნათესავურმა კავშირმა "სილქნეტსა" და თავდაცვის სამინისტროს შორის ხელშეკრულების დადების დროს, ცხადია, გამოძიებას მოუწევს ამის გარკვევა, თუ უკვე გარკვეული არ აქვს. თუმცა, დიდი შანსია, რომ ბაჩო ჩინჩალაძე ამ კორუფციულ გარიგებაში "სილქნეტს" წარმოადგენდეს. აი, ალექსი ბატიაშვილი კი უკვე დაბარებულია პროკურატურაში დაკითხვაზე, ჯერჯერობით მოწმედ. აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვა და მთავარმა პროკურატურამ ამ ტენდერებზე წვდომა მხოლოდ შს სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ნებართვის შემდეგ მიიღო. ესეც კიდევ ერთი კანონდარღვევაა და რატომღაც ქართულმა მედიამ ამ ფაქტს არასათანადო ყურადღება დაუთმო.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით კომიტეტი წინასწარ იყო ინფორმირებული. მისი თქმით, "თავდაცვის შესახებ" და "ნდობის ჯგუფის" შესახებ კანონებში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითაც, თუკი არასაიდუმლო წესით შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება - 2 მილიონ ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ ლარს აღემატება, თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია, შესყიდვის თაობაზე პარლამენტის კომიტეტს წინასწარ აცნობოს. იმ შემთხვევაში კი, თუ აღნიშნულ თანხებში საიდუმლო შესყიდვა ხორციელდება, ნდობის ჯგუფსა და კომიტეტს, დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
საიდუმლო ტენდერი ისე ჩატარდა, რომ მისი დეტალები არც პარლამენტის ნდობის ჯგუფს აცნობეს და არც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, მხოლოდ ფაქტის შესახებ შეატყობინეს, რომ ტენდერს ვატარებთო. ეს კი ძალიან სერიოზული კანონდარღვევაა. მახსენდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პერიოდში მის სამინისტროში ჩატარებული ტენდერები, რომელთა შესახებ, არც პარლამენტს ჰქონდა ინფორმაციები და არც არავის, ვისაც, წესით, ეს უნდა სცოდნოდა. ოქრუაშვილს სულ ფეხებზე ეკიდა პარლამენტის ყველა დეპუტატი. მახსოვს, ოქრუაშვილის ამ თავნებობაზე, დღეს პარლამენტში რომ არიან, ის დეპუტატები ბევრს გაჰყვიროდნენ, რომ ამის გამო ოქრუაშვილი დასაჭერი იყო, რომ მთელ ქვეყანას აბუჩად იგდებდა. დღეს ეს ხალხი ჩუმად არის და ამ თემაზე მხოლოდ ირაკლი სესიაშვილი საუბრობს. მოიცა, თუ ირაკლი ოქრუაშვილი დაიკიდებს პარლამენტს ფეხებზე, ეს ქვეყნის დაქცევაა და მინისტრი დასაჭერია და თუ იგივეს ირაკლი ალასანია გააკეთებს, ამაზე ხმაც არ უნდა ამოიღოთ? რატომ? ალასანია თქვენი თანაგუნდელი და არჩეული რომ არის ამ პოსტზე, იმიტომ? აბა, მაშინ "ნაციონალებს" რატომღა ამტყუნებდით, ირაკლი ოქრუაშვილის თავხედობაზე ხმას არ იღებენო? იმიტომ არ იღებდნენ, რომ ოქრუაშვილი მათი თანაგუნდელი და მათი არჩეული იყო. ამ შემთხვევაში რა განსხვავებაა იმჟამინდელ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებასა და "ქართულ ოცნებას" შორის? არც არაფერი! ისინიც თავისიანის დანაშაულს აფარებდნენ ხელს და ესენიც.
საზოგადოების ერთი ნაწილი ამ სკანდალის გამო ირაკლი ალასანიას მინისტრის პოსტიდან გადადგომას მოითხოვს. მათი არგუმენტი აბსოლუტურად მისაღებია, დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი მაღალი თანამდებობის პირების დაჭერის შემდეგ, მინიმუმ, სასამართლოს განაჩენამდე, პასუხისმგებლობის მქონე მინისტრი პოსტს დატოვებდა და რაკიღა დემოკრატიულობაზე გვაქვს პრეტენზია, ალასანია აუცილებლად უნდა წავიდესო. ამ პოზიციის მომხრენი პარალელს "ტრაქტორების საქმესთან" ავლებენ. გეხსომებათ, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩატარებული ტენდერების გამო, სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დაიჭირეს. მაშინ მინისტრი დავით კირვალიძე ამ საქმის გამო გადადგა. ჰოდა, თუ კირვალიძე გადადგა, ალასანიაც უნდა გადადგესო. თუმცა, ეს "ტრაქტორების საქმე" სათავისოდ გამოიყენეს ალასანიას მომხრეებმა. სასამართლომ ამ საქმეში ბრალეული პირები უდანაშაულოდ ცნო და ისე გამოვიდა, რომ კირვალიძემ სულ ტყუილად დატოვა პოსტი. ალასანიას მხარდამჭერები აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროს დაჭერილი თანამდებობის პირები უდანაშაულონი არიან, მაგათაც ისევე გაამართლებენ, როგორც "ტრაქტორების საქმეში" ბრალდებულები გაამართლეს და ირაკლი რომ გადადგეს, მერე აღმოჩნდება რომ ამ კაცმა ტყუილად დატოვა პოსტი და კირვალიძისა არ იყოს, უკან აღარავინ დააბრუნებსო. ახლა, ამათ რომ დაუჯერო, რადგან "ტრაქტორების საქმეში" დაჭერილები გაუშვეს, ყველა, ვისაც სახელმწიფო შესყიდვების ბრალდებით დაიჭერენ, აუცილებლად უდანაშაულოა. თქვენ არ ინერვიულოთ, პროკურატურა გაარკვევს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ბრალეულობას. ძნელი დასაჯერებელია, რომ მინისტრი ამ ტენდერების დეტალების შესახებ საქმის კურსში არ იყო, მით უმეტეს, რომ, კანონით, საიდუმლო ტენდერების შესახებ მას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. თუ ალასანიამ ამ კორუფციული გარიგების შესახებ იცოდა, ლაპარაკი აღარ უნდა - პოსტი უნდა დატოვოს და თუ ეს დაუმტკიცეს, არც დაჭერა ასცდება. თუ არ იცოდა ამ ტენდერის შესახებ, ალასანიას სამსახურებრივი გულგრილობა იკვეთება და პოსტის დატოვებაც მოუწევს და სისხლის სამართლებრივი წესით პასუხისმგებლობაც.
კიდევ ერთი საინტერესო პარალელი: "სილქნეტის" მეპატრონე, მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი რამიშვილია, იგივე "ზარალა". ეს კაცი 90-იან წლებში "მხედრიონელი" და კრიმინალური დაჯგუფების "ვერის საძმოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ამავე პერიოდში კი, გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ალასანია, ასევე, კრიმინალური დაჯგუფების, "კულინარიელების" წევრი იყო. ქართულ მედიაში "ზარალას" შავ-ბნელ საქმიანობაზე მრავალი ინფორმაციაა გამოქვეყნებული. სავარაუდოდ, ირაკლი ალასანია 90-იანი წლებიდან იცნობდა გიორგი რამიშვილს და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ თავდაცვის სამინისტროში "ზარალას" კომპანიის, "სილქნეტის" მიერ მოგებულ ტენდერში ირაკლი ალასანიაც იყოს გარეული.
"ზარალა" მიხეილ სააკაშვილის "ჯიბის ბიზნესმენი" იყო, შესაბამისად, მისი კომპანიები, სააკაშვილისა და სხვა "ნაცლიდერთა" დაკვეთებს უსიტყვოდ ასრულებდა. 2011 წელს, "როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, სააკაშვილს გონება საერთოდ დაებინდა და ძალიან ბევრი სისულელე გააკეთა. ერთი მათგანი ის იყო, რომ თავისუფალი აზრის ჩახშობა დაიწყო, ყველა საშუალება გამოიყენა, რომ თავისუფალი, ოპოზიციური მედია ხალხისთვის მიუწვდომელი ყოფილიყო. ზუსტად ამ პერიოდში, "ზარალამ" მიიღო დაკვეთა, რომ "სილქნეტის" საკაბელო მაუწყებლობის პაკეტიდან "მაესტრო" ამოეღო. "ზარალამ" პირნათლად შეასრულა ეს დავალება და "სილქნეტის" მომხმარებელი "მაესტროს" გარეშე დატოვა.
დღეს ეს კაცი, "ქართული ოცნების" დაუძინებელი მტერი, თავდაცვის სამინისტროს გასაიდუმლოებულ და მრავალმილიონიან ტენდერში მონაწილეობს, იგებს და თანაც, კანონდარღვევით. არადა, ამ ქვეყანას პატრონი რომ ჰყავდეს, დღეს "ზარალას" წარსულ საქმიანობას უნდა იძიებდნენ სამართალდამცავები, იმ ტენდერების სამართლიანობასა და კანონიერებს უნდა არკვევდნენ, რომლებშიც "ზარალა" მუდამ იმარჯვებდა სააკაშვილის რეჟიმის დროს და ეს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი მულტიმილიონერი გახდა.
ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ახლა მოგახსენებთ. "ქრონიკას" კულუარულად აცნობეს, რომ "ნაცმოძრაობის" 15 ნოემბრის აქციის ერთ-ერთი დამფინანსებელი გიორგი რამიშვილი-"ზარალაა". წყარო აცხადებს, რომ მან 2 მილიონი, ნაღდი ფული გაიღო "ნაცმოძრაობის" აქციისთვის. თავს არ ვდებ, რომ ეს ინფორმაცია უტყუარია, მაგრამ ის უდავოა, რომ "ზარალას" კომპანიები "ნაცმოძრაობას" სისტემატურად აფინანსებდნენ, როცა ეს პარტია იყო ხელისუფლებაში. თუ ამ ინფორმაციას დავეყრდნობით, გამოდის, რომ "ზარალა" თავდაცვის სამინისტროს ტენდერებს იგებს, მერე კი, იმ ფულით "ნაცმოძრაობის" იმ აქციას აფინანსებს, რომლითაც "ნაცები" ხელისუფლების დამხობას აპირებენ. "ზარალა" იმ ხელისუფლებას ებრძვის, რომელიც მის კომპანიებს მილიონებს აშოვნინებს. "ზარალას" ამ ხელისუფლების დამხობა კი იმიტომ უნდა, რომ სააკაშვილის "ჯიბის ბიზნესმენის" როლში უკეთ გრძნობდა თავს და მის "სილქნეტს" მაშინ იმას ვერ გაუბედავდნენ, რაც ახლა გაუკეთეს.
"ზარალები" ამ ხალხის საძულველი "ნაცმოძრაობის" დაბრუნებას აპირებენ, რომელიც 9-წლიანი ბრძოლის შემდეგ ძლივს მოიშორეს თავიდან. " - წერს გაზეთი "ალია."
წყარო : http://alia.ge/article.php?id=1178