,,რის ფასად დაუჯდება მთავრობას თავდაცვის სამინისტროში ატეხილი საბიტაჟი?“ - ,,ივერიონის“ შკითხვებს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე პასუხობს.
- ბატონო დემურ, როგორ შეაფასებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ვეტოს გამოყენების უფლებას. მან ამით პარლამენტსა და მთავრობას საკუთარი ძალები ზედმეტად ხომ არ აგრძნობინა?
- მთავარი ის არის, რომ ფარული მოსმენების კანონპროექტი და მისდამი დამოკიდებულება, პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შემადგენელი სტრუქტურების (არასამთავრობოები და ტელევიზიები, გავლენის ქვეშ მყოფნი) მობილიზაცია, მიანიშნებს: მთავარი ამ კანონპროექტით ხელისუფლებაზე ზეწოლაა - პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და არა საკითხის გადაწყვეტისა...
კარგად ვიცი პოლიტიკური სამზარეულო, სად როგორ და რა მასშტაბით იგეგმება... საქმის ინტერესი რომ დომინირებდეს, მაშინ როგორ შეიძლება ჭკუათმყოფელ ხალხს სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი სახელმწიფო უფლებამოსილი ინსტიტუტების გარეთ გამოჰქონდეს?!
ცხადია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში არ უნდა იყოს ეს გასაღები და მისი გამოყენების არანაირი ცალმხრივი უფლება მას არ უნდა ჰქონდეს ( ცხადია, სასამართლოს გარეშე!).
თუ მეორე გასაღებზეა საუბარი, - ეს შეიძლება იუსტიციის საბჭო ანდა იუსტიციის სამინისტრო იყოს და ა.შ.
ელემენტარული საკითხია, შსს-ზე მიზანმიმარულია ზეწოლა, მათ შორის, ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული პოლიტიკური პარტიის ლიდერების მიერ. აშკარად მიუთითებს, - საერთო რეჟისორთან ერთად, არის მცდელობა გადათამაშდეს 2001-2003 წლის ტექნოლოგია და სცენარი.
თუ შსს დაძლეულ იქნა, მერე სხვა მძლავრ ინსტიტუტზე იქნება ზეწოლა და ბოლოს... პრემიერ-მინისტრს გამოუთხრიან ძირს... ეს ელემენტარულად იკითხება ამ ბატალიებში! სამწუხაროდ, სახელისუფლებო პარტია ე.წ. "ქართული ოცნება" იმდენად შორსაა პოლიტიკისგან და მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან, - ისე შეექმნება უდიდესი პრობლემები, მგონი, აზრზეც ვერ მოვა!
რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, ვფიქრობ, კონტექსტი პოლიტიკურია...
მაგრამ ასეთია ის სასტიკი პოლიტიკური რეალობა საქართველოში, რომელიც გვაქვს და არაფრით განსხვავდება ბოლო 24 წლის პოლიტიკისგან... შედეგი რა გვაქვს - კი ვხედავთ!
საზოგადოება, მიამიტურად, ჯერ მაყურებლის როლშია... ვფიქრობ, არაა მარტივი სიტუაცია... ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე მიზანმიმარული ზეწოლა მთავრობაზე და 15 ნოემბრის აქცია - ერთი სცენარის შემადგენელი ნაწილია!
- ხომ არ მწიფდება კოალიცია ,,ქართული ოცნების" დაშლისა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის დასუსტების პროცესი?
- პრემიერ-მინისტრის დასუსტების პროცესი კარგა ხანია მიმდინარეობს. ამას ხელს უწყობს მიზერული შედეგები ეკონომიკაში, დასაქმებაში, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. შედეგი ისაა, რომ პროვოკაციული პოლიტიკური ძალა, რომლის ლიდერების კატასტროფულმა შეცდომებმა რუსეთს მისცეს საშუალება დაეპყრო ქართული ტერიტორიის 20% და ცალმხრივად ეღიარებინა ეს ტერიტორიები, - 15 ნოემბერს... ანექსიის წინააღმდეგ გამოდის! ეს იგივეა - კაცის განზრახ მკვლელი მკვლელობებისა და ძალადობის წინააღმდეგ ილაშქრებდეს...
რაც შეხება მმართველ კოალიციას, - ცხადია, ის ვერ იქნება დღეგრძელი... მიმდინარე პროცესები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ კონფიგურაციის ცვლა მხოლოდ დროის საქმეა... ეს ბუნებრივიც იქნებოდა ნორმალურ ქვეყანაში, სადაც კოალიციები პოლიტიკაში დროის საჭიროების მიხედვით იქმნება და მალევე იშლება, მაგრამ საქართველოს ნორმალურ ქვეყნამდე დიდი გზა აქვს გასავლელი!!! აქ პოლიტიკური გადაჯგუფებები და შიდა მობილიზაციები ხელისუფლბის დასამხობად ხდება და არა ნორმალური პოლიტიკური პროცესის კალაპოტში!
- თქვენი აზრით, იზრდება თუ არა პრეზიდენტის რეიტინგი მის მიერ დემონსტრირებული ვეტოთი?
- ამ ვეტოთი პრეზიდენტის რეიტინგი არა მგონია იზრდებოდეს. მაგრამ მას აქვს სერიოზული რესურსი და სახელისუფლებო ბერკეტები, გაზარდოს საკუთარი პოლიტიკური რეიტინგი... ამისათვის აუცილებელია ყველაზე მთავარი, რასაც არ აქცევენ საქართველოში სათანადო ყურადღებას, კერძოდ: პოლიტიკაში რეიტინგი და გავლენა რომ გაზარდო, - სწორედ ესაა პოლიტიკოსის განმსაზღვრელი და არა თანამდებობა, - პოლიტიკური პროცესის დამოუკიდებელი სუბიექტი უნდა იყო და არ ასოცირდებოდე რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების გუნდის წევრად! მაშინ, არა დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ხარ, არამედ გარკვეული ფუნქციის შემსრულებელი ამ დაჯგუფების ფარგლებში... ეს კი მოკლევადიანი "ავტორიტეტია" და სრულდება ისევე მალე, როგორც ამ 24 წლის განმავლობაში დასრულდა ძალიან ბევრის პოლიტიკური კარიერა...
მე პრეზიდენტს დამოუკიდებელი პოლიტიკოსის და ძლიერი გავლენის მქონე დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშის პერსპექტივას ვუსურვებ... პირადად არ მაქვს ახლო ურთიერთობა, შორიდან ვიცნობ, - არანაირად არ ტოვებს ცუდ შთაბეჭდილებას. რას შეძლებს პოლიტიკაში - ეს მისი ალღოს, ინტუიციის და უნარის საქმეა და ვისთან ერთად ითამაშებს ამ ურთულეს თამაშს, რომელსაც პოლიტიკა ჰქვია!
- აჟიოტაჟია ატეხილი თავდაცვის სამინისტროს გარშემოც. რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ ე.წ. მაკომპრომატირებელი მასალა იქ სწორედ მინისტრ ალასანიას საქართველოში არყოფნის დროს იპოვა?
- ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძალოვნებმა პოლიტიკური სიტუაცია არ გაითვალისწინეს და არაა გამორიცხული, ესეც მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი იყოს, კარგად გათვლილი პრემიერ-მინისტრის ავტორიტეტის და პოლიტიკური გავლენის დასუსტებისთვის... თორემ მექრთამეობაზე ეჭვმიტანილი ჩინოვნიკების დაჭერა როგორ შეიძლება ნორმალურ საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეში განსჯის საგანი იყოს: გამოძიება დასრულდება და სასამართლო გადაწყვეტს - დამნაშავენი არიან თუ არა!
მაგრამ, არა!... აქ თავდაცვის მინისტრი აკეთებს განცხადებებს და უკვე სამართალდამცავ სტრუქტურებს მუქარის ტონით მიმართავს... ეს კი ცუდია, - ეს პოლიტიკოსის შეცდომაა... ასე იმუქრებოდა "რევოლუციის ერთი ლიდერი" - ლომაია, როცა კონტროლის პალატამ 40 მლნ ლარის ხარჯვის დოკუმენტები ვერ აღმოაჩინა განათლების სამინისტროში და რა შედეგი მივიღეთ? შემმოწმებლები გაყარეს სამსახურიდან და მალე კონტროლის პალატა გაანადგურეს, - ახლა მის ნაცვლად რაღაც სასცილო, არასერიოზული ორგანოა შექმნილი, "სახელმწიფო აუდიტის სამსახური" ჰქვია... კარგად ვიცი, რასაც ვლაპარაკობ!
- თქვენი აზრით, ეს ფაქტი ალასანიას ,,ჩაძირვას" ემსახურება თუ კიდევ ერთხელ გამოწვიეს მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა?
- ეს ფაქტი უნდა ემსახურებოდეს დანაშაულის გამოვლენას და არაფერს სხვას. თუ ის განმეორდა, რაც სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის გადადგომას უკავშირდება, თითქოსდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მაშინ არაფერი მომხდარაო (სასცილოა!), როგორც ეს პროკურატურაში განაცხადეს, მაშინ ეს ნაბიჯი პოლიტიკური დაკვეთის შემადგენელი ნაწილილად უნდა განვიხილოთ და პროკურატურის სერიული რეორგანიზაცია უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღევანდელ მთავრობას ეს საბოტაჟი ძვირად დაუჯდება( თუ აღმოჩნდება, რომ თავდაცვის სამინისტროში ადამიანები ყალბი ბრალდებით არიან დაკავებული!).
ესაუბრა ია ჯღარკავა