ივერიონი / ზაჰიდ ორუჯი: „საქართველომ უნდა გააცნობიეროს აზერბაიჯანის კარგი დამოკიდებულება და ჩვენი თანამემამულეების ინტერესები დაიცვას!“

ზაჰიდ ორუჯი: „საქართველომ უნდა გააცნობიეროს აზერბაიჯანის კარგი დამოკიდებულება და ჩვენი თანამემამულეების ინტერესები დაიცვას!“

ყოველკვირეული გაზეთისადმი მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის (პარლამენტის) დეპუტატი ზაჰიდ ორუჯი, ეხება რა ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემატიკას, საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეების უფლებათა დაცვის საკითხებზეც საუბრობს და თბილისის პოლიტიკას კრიტიკულად აფასებს (ესაუბრება სალეჰ ბაიათი).


გთავაზობთ ამონარიდს:
- როგორც აფასებთ სიტუაციას საქართველოში ეთნიკურ აზერბაიჯანელთა უფლებების დაცვის სფეროში?
- აზერბაიჯანი ბევრს აკეთებს საქართველოში ჩვენი თანამემემულეების უფლებათა დაცვისთვის, მათი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას, რომელსაც აზერბაიჯანი საქართველოს უწევს. რასაკვირველია, ჩვენთვის დასავლეთისკენ მიმავალი გზა საქართველოზე გადის, მაგრამ დღეს ამ გზაზე მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივია. სამწუხაროდ, ჩვენ იძულებული ვართ დავაფიქსიროთ, რომ აზერბაიჯანელების - ჩვენი თანამემამულეების უფლებათა დისკრიმინაცია ხდებოდა როგორც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, ასევე ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში, გრძელდება დღესაც - საქართველოს ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგაც.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ჩვენი თამემამულეები საქართველოში თავიანთ უფლებებს აქტიურად იცავენო. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ აზერბაიჯანელები არასდროს არ ყოფილან ქართული სახელმწიფოებრიობის მოწინააღმდეგეები, არასდროს არ დაუწყიათ სეპარატისტობა, არასდროს არ ყოფილან გარეშე ძალების იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. აზერბაიჯანელები საქართველოს ხელისუფლებას სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად ულტიმატუმებს არ უყენებენ, სამაგიეროდ, ოფიციალური თბილისი თვლის, რომ აზერბაიჯანელები უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ. ჩვენი თანამემამულეები იძულებულნი არიან საკუთარი უფლებების დასაცავად ისე იბრძოლონ, რომ ხელისუფლებას ზიანი არ მიაყენონ და ჯავახეთის მოსახლეობას არ დაემსგავსონ. მე არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოში აზერბაიჯანელებმა ტერიტორიულ-კულტურული ავტონომიის შექმნა უნდა მოითხოვონ, უფრო ხმამაღლა განაცხადონ თავიანთ უფლებებზე.
- ამას წინათ სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ხელისუფლებამ მეჩეთის ძველი შენობის დემონტაჟი მოახდინა, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ექსპლოატაციას კომუნისტები უწევდნენ. რამდენიმე კვირის წინათ ადგილობრივმა მუსულმანურმა თემმა მისი დაბრუნება მოითხოვა, მაგრამ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიწა, რომელზეც მეჩეთია აშენებული, სახელმწიფოს ეკუთვნის და იმ ადგილზე დარბაზი ან კლუბი უნდა აშენდესო. განა ეს ადამიანის უფლებათა და მუსულმანთა დისკრიმინაციის ფაქტად არ უნდა ჩაითვალოს?
- მე ამ ფაქტთან მიმართებით პროვოკაციას არ გამოვრიცხავ, ეს ან სპეცსამსახურების დამსახურებაა, ან კრიმინალური ჯგუფების ნამოქმედარი, რომლებთაც რაღაც ინტერესები აქვთ. ისტორიას ბევრი ასეთი პროვოკაცია ახსოვს. მაგალითად, ამას წინათ აშშ-ის ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში, სპეცსამსახურების მონაწილეობით, აზერბაიჯანის სამხრეთში სიტუაციის დესტაბილიზების სავარაუდო განვითარების სცენარები განიხილეს...
იბადება კითხვა: საიდან მოდის მსგავსი პროვოკაციები? ზოგიერთები რუსეთისაკენ იხედებიან, მაგრამ მე მათ კატეგორიულად არ ვეთანხმები  და ასეთი აზრი მცდარად მიმაჩნია. უფრო მეტიც - ვთვლი, რომ ამ ძალებს აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობის გაურესება სურთ. აზერბაიჯანი ცდილობდა რუსეთთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროსაც. ჩვენი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არასდროს არ გაატარებს ისეთ საგარეო პოლიტიკას, რომ ერთი სახელმწიფოს ხარჯზე მეორესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, სწორედ ამაში გამოიხატება აზერბაიჯანის საიმედოობა. ამიტომაც ოფიციალურმა თბილისმა უნდა გააცნობიეროს ბაქოს კარგი დამოკიდებულება და ჩვენი თანამემამულეების ინტერესები დაიცვას. თუ საქართველო მართლაც დემოკრატიულ სახელმწიფოდ ითვლება და სურს ევროპის ნაწილი გახდეს, მაშინ კეთილი ნება უნდა გამოვლინოს და აზერბაიჯანელთა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მოაგვაროს.
რატომ უნდა ვაშენოთ ჩვენ საქართველოში სკოლები, რატომ უნდა მივცეთ ჩვენ მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოები, შევქმნათ სხვადასხვა პროექტები იმ მიზნით, რომ საქართველოდან აზერბაიჯანელთა მიგრაცია შევაჩეროთ? ამაზე ხომ თვითონ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, ეს ხომ უპირველესად საქართველოს მთავრობის მოვალეობაა...
- რა უნდა გააკეთოს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ამ მიმართულებით? გვაქვს რაიმე ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის?
- აზერბაიჯანი ამ მიმართულებით ყველაფერს აკეთებს. ეს რომ არ ყოფილიყო, პრობლემები უფრო სერიოზული და უფრო ღრმა იქნებოდა.
- ხომ არ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან, რომელიც თავის მოხსენებებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოსთან მიმართებით დუმილს ამჯობინებს, რადგან ვაშინგტონი და დასავლეთი ამ ქვეყანას  სამხრეთ კავკასიაში „დემოკრატიის კუნძულად“ განიხილავს? და თვალს ხუჭავს თბილისის ყველანაირ დისკრიმინაციულ მოქმედებაზე?
- როცა 1995 წელს აზერბაიჯანში ზომები მიიღეს იმ ზოგიერთი დესტრუქციული ელემენტების წინააღმდეგ, რომლებთაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურდათ, საერთშორისო საზოგადოების წარმომადგენლები ჩვენ გვმოძღვრავდნენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ ძველის სამართლებრივი დევნა არ უნდა განახორციელოსო, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვისაც მაღალი პოსტები ეკავათ წინა ხელისუფლებაში. უფრო მეტიც - გვეუბნებოდნენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების ჩახშობა ხელს უშლის დემოკრატიულ პროცესებსო. მაგრამ თუ დასავლეთი პარალელურად საქართველოში არსებულ სიტუაციას გაანალიზებს, დაინახავს, რომ იქ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი გენპროკურორი, ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი დაპატიმრებულნი არიან, ხოლო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ძებნაა გამოცხადებული. და ამ დროს საქართველოს არადემოკრატიულობას არავინ საყვედურობს. განა მათ არ იციან მეჩეთთან დაკავშირებული ისტორია? რა თქმა უნდა, იციან, მაგრამ არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, არც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, არც ევროკავშირი და ევროპარლამენტი საქართველოზე ზეწოლას არ ახდენენ. აზერბაიჯანი დასავლეთის ყველა მოთხოვნას ასრულებს, რომლებიც შეეხება ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, უსაფრთხოების საკითხებს, ადამიანთა უფლებების დაცვას... და ამ დროს დასავლეთი კიდევ უფრო მეტად ითხოვს ჩვენგან ერთგულების დადასტურებას, რომ ბლოკებში მონაწილეობა მივიღოთ, ანტირუსული ბარიკადები ავღმართოთ, აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელთა ინტერესებზე კი არ ვიზრუნოთ.
აზერბაიჯანი დაიღალა დასავლეთისადმი თავისი ერთგულების დემონსტრირებით. შემთხვევითი არაა, რომ როცა ნატოს სამიტზე ალიანსის წარმომადგენლებმა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისაგან მკვეთრი პოზიციები მოითხოვეს, ბატონი ილჰამ ალიევი მათ შეეკითხა: „გვაძლევთ გარანტიებს?“, მაგრამ პასუხი ამ შეკითხვას არ მოჰყოლია...

„კასპიი“ (აზერბაიჯანი), 3 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.kaspiy.az/news.php?id=18642

4-11-2014, 11:12
უკან დაბრუნება