ივერიონი / რუსეთი და დასავლეთი ამიერკავკასიაში

რუსეთი და დასავლეთი ამიერკავკასიაში

ევგენი კოსტილევი, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი
(შემოკლებით)
რუსეთს თავის დასავლეთ საზღვრებზე დაძაბულობის ერთი სრულფასოვანი  კერა უკვე აქვს - უკრაინა. ახლა საკითხი იმაშია, არსებობს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის შესაძლებლობა? და თუ არის, სად შეიძლება ველოდოთ? ამ კითხვაზე პასუხის ორი ვარიანტი არსებობს:
პირველი - ცენტრალურ აზიაში, სადაც უკვე იყო დასავლეთის მიერ „ფერადი რევოლუციების“ მოხდენის მცდელობა, სადაც ერთმანეთს ეჯახება რუსეთისა და ჩინეთის ინტერესები, სადაც ავღანეთის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს… მაგრამ აქ რუსეთს საიმედო პარტნიორი ჰყავს - ყაზახეთი. იგივე შეიძლება ითქვას უზბეკეთზეც... ასე რომ, ცენტრალურ აზიაში დღეს რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართული რაიმე სრულფასოვანი კონფლიქტი მოსალოდნელი არ არის.
მეორე - ამიერკავკასიაში, რომელშიც „დამნაშავეა“ საქართველოს ხელისუფლების პროდასავლური კურსი. თბილისი ვერ შეურიგდა თავისი სუვერენიტეტის დაკარგვას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. სწორედ ამიერკავკასიული ვარიანტი ითვლება რუსეთისათვის დესტაბილიზაციის შესაძლებელ წყაროდ. ცენტრალური აზიისაგან განსხვავებით, სადაც დასავლეთმა ვერ მოახერხა ყაზახეთისა და უზბეკეთის გადაბირება, ამიერკავკასიაში ვაშინგტონსა და ბრიუსელს, საქართველოს სახით, სანდო და თანმიმდევრული მოკავშირე ჰყავთ.
რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით ამ საკითხზე ცოტა უფრო ვრცლად უნდა ვისაუბროთ.
ერთი მხრივ, მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური რეჟიმის შეცვლისა, რუსეთი მაინც ცდილობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (ანუ, თბილისური ვერსიით, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“) თავისი სამხედრო გავლენის გაღრმავებას. მიზანი მარტივია: მოსკოვს სურს ამიერკავკასიაში „მეორე ფრონტის“ შექმნის შესაძლებლობა ჩანასახშივე მოაშთოს, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ დაიძაბოს ისედაც არასტაბილურ ჩრდილოკავკასიურ რეგიონში. მეორე მხრივ, რუსეთი ჩქარობს და ეს სიჩქარე აფხაზეთში სახიფათო პროცესებს იწვევს. აღსანიშნავია, რომ რაულ ხაჯინბას ადმინისტრაცია ისეთივე დამყოლი არ არის, როგორც ალექსანდრე ანქვაბის გუნდი იყო. მართალია, მოსკოვს ჰქონდა პრეტენზიები ანქვაბის მიმართ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გამოყენების გამო, მაგრამ ამ დროს ერთგვარი კომპენსაციის როლს ის ფაქტორი ასრულებდა, რომ ანქვაბი მთლიანად რუსეთზე იყო დამოკიდებული. რაულ ხაჯინბასთან მიმართებით კი სიტუაცია სხვაგვარია.
უეჭველია, რომ აფხაზეთში ძლიერია პრორუსული და ანტიქართული განწყობები. ცხადია, რომ ამას ახალი პრეზიდენტი ანგარიშს უწევს. მაგრამ ისიც ცხადია, რომ რაულ ხაჯინბამ, რომელიც ხელისუფლებაში მოსახლეობის საპროტესტო განწყობის ტალღით მოვიდა, ახლა იმავე მოსახლეობას უნდა დაუმტკიცოს, რომ იგი ალექსანდრე ანქვაბისაგან განსხვავდება, მათ შორის რუსეთთან დამოკიდებულების გამოხატვასა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. ის, რომ აფხაზეთში რუსეთის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტი სხვადასხვანაირად მიიღეს, მოსკოვისათვის სოხუმის პოლიტიკის არასასურველ ცვლილებას წარმოადგენს: „ჩვენ ხელშეკრულების ჩვენეულ ვარიანტს მოგცემთ და მერე განვიხილოთო“. ალბათ, სტრატეგიული თვალსაზრისით, მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე, მოსკოვის სიჩქარეს თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით  უმჯობესია „ვიჩქაროთ ნელა“.
რუსეთის გადაჭარბებულად სწრაფი მოქმედება, ალბათ, იმითაცაა განპირობებული, რომ საქართველომ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესების ფონზე, თავისი პროდასავლური ინტეგრაციული კურსი არ შეცვალა. მოსკოვმა ხელშეკრულების პროექტი სოხუმს ოქტომბრის შუახანებში შესთავაზა, როცა ბრიუსელში ნატო-საქართველოს კონფერენცია მიმდინარეობდა. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს ერთგვარი „სასინჯი ქვა იყო, თუ რას მოიმოქმედებდა დასავლეთი. საინტერესოა, რომ რეაქცია მაინც და მაინც მკვეთრი არ ყოფილა - კონფერენციის შემდეგ ნატოს ჯარების სარდლის ფილიპ ბრედლავის თბილისურმა ვიზიტმა რაიმე მკაცრი ანტირურული განხცადებების გარეშე ჩაიარა. და თუ ამ ფონზე მაინც ვიფიქრებთ იმას, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთის წინააღმდეგ რაღაც აქვს ჩაფიქრებულიო, ამის განხორციელება უახლოეს პერსპექტივაში არ მოხდება. ყოველ შემთხვევაში რუსეთ-აფხაზეთის ხელსეკრულების პროექტი არაა იმ დონის მადესტაბილიზებელი ფაქტორი, რომ ამის გამო სამხრეთ კავკასიაში დასავლეთმა „მეორე ფრონტი“ გახსნას. შესაძლოა ბრიუსელში რუსეთის მოქმედების შეზღუდვას მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციებით გეგმავენ, მით უმეტეს, რომ არის ამის საფუძველი: ერთი მხრივ, რუსეთის ხისტი პოზიცია სოხუმის მიმართ, მეორე მხრივ - მიხეილ სააკაშვილის აგრესიული რეჟიმის დემონტაჟი. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, რუსეთის პოლიტიკის გამკაცრება აფხაზეთის მიმართ („ხელი მოაწერე!“) და  საქართველოს ანტიაფხაზური აგრესიული პოლიტიკის შესუსტება ნიადაგს ქმნის იმისთვის, რომ დასავლეთმა სოხუმის მიმართ „რბილი ძალა“ „გამოიყენოს.
ამრიგად, შეიძლება კიდევ ერთი კონსტატაცია მოვახდინო: სანამ დასავლეთი იმედოვნებს, რომ „აფხაზეთის ახალი ხელისუფლების მიმართ პოლიტიკურ გავლენას მოვახდენო“, ამიერკავკასიაში ანტირუსული „მეორე ფრონტის“ გახსნა ნაკლებად სავარაუდოა.
უკრაინის ამბებმა აჩვენა, რომ რუსეთს შეუძლია მოვლენებზე ძლიერი გავლენა სამხედრო ძალების პირდაპირი ჩარევის გარეშეც მოახდინოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობა „რბილი ძალის“ გამოყენების დროს არ მოხდება. არაა გამორიცხული, რომ დასავლეთმა სოხუმისა და ცხინვალისაკენ შემხვედრი ნაბიჯები გადადგას, შეიძლება დასავლეთმა თბილისს მიხეილ სააკაშვილი გადასცეს და იმავდროულად არაღიარებულ რესპუბლიკებში ჰუმანიტარული კატასტროფის პროპაგანდა დაიწყოს. ეს იქნება ის მინიმალური, რაზედაც დასავლეთს წასვლა შეუძლია. სავარაუდოდ, მაქსიმალური იქნება ის, რომ პერსპექტივაში ვაშინგტონი და ბრიუსელი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს აღიარებასა და ინვესტიციებს დაპირდებიან...
რუსეთის როგორც ქართული აგრესიის შემკავებლის სასტარტო მონაცემები ამჟამად ცუდი არ არის, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ დასავლეთთან კონკურენციაში მყოფი რუსეთის რესურსები სულ უფრო მცირდება და სუსტდება. სამომავლოდ მოსკოვმა, ალბათ, ასეთი სტრატეგია უნდა აირჩიოს: უნდა იმოქმედოს უკიდურესად ფრთხილად, დასავლეთს მისცეს უფლება თავისი ალტერნატიული პოლიტიკა განახორციელოს, მაგრამ არ დაუშვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელძღვანელების პრორუსული ორიენტაციის შეცვლა პროდასავლურით.
„ტასს“ (რუსეთი), 2 ნოემბერი, 2014 წელი
http://tass-analytics.com/positions/3350

4-11-2014, 11:19
უკან დაბრუნება