ივერიონი / ანდრო ბარნოვი თავდაცვის მინისტრს მიმართავს

ანდრო ბარნოვი თავდაცვის მინისტრს მიმართავს

თავდაცვის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი ირაკლი ალასანიას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც ,,ივერიონი"  უცვლელად გთავაზობთ.

 

,,ბატონო მინისტრო, თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ 2010 წლის 29 ნოემბრიდან მე ვხელმძღვანელობდი საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას, ხოლო 2011 წლის 9 ივლისს დავინიშნე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და ჩემს საკურაციო სფეროში შემოვიდა წრთვნებისა და სამხედრო განათლების სისტემა მთლიანად, ანალიტიკური დეპარტამენტი და საკადრო პოლიტიკა. ეს უკანასკნელი გულისხმობდა არა კონკრეტული ადამიანების დანიშვნა-განთავისუფლებას, არამედ - სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტებისა და პროგრამების შემუშავებას. ამავდროულად, პარალელურად ვაგრძელებდი თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შესრულებას 2012 წლის 2 ივლისამდე, ანუ იმ დრომდე, როდესაც მე ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების საშუალება აღარ მომეცა.

ამ პერიოდში საშუალება გვქონდა, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაგვედგა სამივე სფეროში, მაგრამ აუცილებელია, რომ ყველა მიმართულებით საქმე ბოლომდე მივიდეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სხვა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მაკისრია უნივერსიტეტში, კარგად მესმის, რომ ჩემი პასუხისმგებლობაა, ფართო საზოგადოებამ თუ სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ იცოდეს იმ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების შესახებ, რისი გაკეთებაც მოხერხდა ბოლო ორი წლის მანძილზე და რაც, ჩემი ღრმა რწმენით, უნდა გაგრძელდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებობდეს სწორი ხედვა იმ პრობლემებისა თუ პროცესების მიმართ, რაც შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს. ამიტომ, გადავწყვიტე, გამომენახა დრო და მომემართა ამ ღია წერილით.

ცალკე საკითხია ანალიტიკური მიმართულება, სადაც ასევე უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა და ასევე ბოლომდეა მისაყვანი, თუმცა ამ წერილში ძირითადად სამხედრო-პროფესიული განვითარების პრობლემატიკით შემოვიფარგლები.

იმედი მაქვს, ინტერესით მოეკიდებით ამ წერილს. აქვე ვაცნობიერებ, რომ მცირე წერილით ვერ ამოვწურავ სათქმელს და გამოვთქვამ მზადყოფნას, დამატებითი განმარტებები მოგცეთ, თუ საამისო ინტერესს გამოიჩენთ. პატივისცემით, ანდრო ბარნოვი".

 

ბმული

7-11-2012, 12:21
უკან დაბრუნება