"ჩვენ ივანიშვილთან შესახვედრად არ მივსულვართ" - ემოციურად გამოსცრა "ქართული ოცნების" ოფისიდან გამოსულმა ირაკლი ალასანიამ და ამით საზოგადოებას კიდევ ერთხელ "დაანახა", რომ ამ ყველაფრის უკან ივანიშვილი დგას, რასაც იგი ვერ შეეგუება!..
დავიწყოთ იქიდან, თუ რატომ არ უნდა მისულიყო ივანიშვილი კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე და მითუმეტეს, რატომ არ უნდა დასმულიყო კითხვები სახელმწიფო ქონების დატაცებასთან დაკავშირებით, რომელსაც პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ედავება?!
ალასანიამ ამ განცხადებით დაადასტურა, რომ მისთვის, როგორც უწყების ხელმძღვანელისთვის მთავარი არ იყო სამართალდამცავ სტრუქტურებს ბოლომდე გამოეძიათ ჰქონდა თუ არა ადგილი სისტემაში სახელმწიფო ქონების დატაცებას (გაფლანგვას) თუ პროკურატურა ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიტიკური ანგარიშწორების ინსტრუმენტად იქცა?!
მიუხედავად დემარშისა და საკმაოდ გაცვეთილი პოლიტიკური განცხადებისა, რომ დიქტატურა მყარდება და საფრთხე ექმნება დემოკრატიას და საქართველოს ევროატლანტიკურობისკენ სწრაფვას, ბოლოდროინდელი მოვლენები (განსაკუთრებით კოალიციის პოლიტსაბჭოს დემონსტრაციული დატოვება) მოწმობს, რომ ალასანია თავიდანვე წაგებულ თამაშს თამაშობს. ყოველ შემთხვევაში, მისი პოლიტიკური ტრიუკები არ ჯდება სახელმწიფოს ინტერესებში და მხოლოდ და მხოლოდ ქაოსისა და დესტაბილიზაციის დამკვიდრებას უწყობს ხელს!
სხვა თუ არაფერი, საზოგადოებისთვის თვალისახვევაა მისი მხრიდან იმის მტკიცებაც, რომ თავდაცვის უწყებაში კორუფციული სქემის გამოვლინება საქართველოს ხელს შეუშლის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო) გაწევრიანებას, ან პროკურატურამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როცა სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება მის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრას დაამთხვია.
ალასანია ივანიშვილისთვის (კოალიციისთვის) მყარი პოლოტიკური პარტნიორი რომ არ იქნებოდა, ეს ჯერ კიდევ არჩევნების დამთავრებამდე ჩანდა (იგულისხმება მისი საეჭვო მარცხი ზუგდიდში მაჟორიტარულ არჩევნებში).
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე ალასანიას მომავალ პრეზიდენტად მოიაზრებდნენ, მან საპრეზიდენტო არჩცევნებამდე დიდი ხნით ადრე გაუცრუა იმედები კოალიციის ლიდერს და თავისი ურჩობით თუ სახელმწიფო ჩინოვნიკებისადმი შეუფერებელი საქციელით ვიცე-პრემიერის თანამდებობაც დაკარგა. მართალია, მინისტრის პოსტი შეინარჩუნა, მაგრამ, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ალასანიას საპრეზიდენტო ამბიციებს წერტილი დაესვა.
დედის წინ მოხტუნავე კვიცს ან მგელი შეჭამს, ან მგლისფერი ტურაო, გამოთქმისა არ იყოს, ალასანია კოალიციის ჩარჩოებში ვერ ჩაჯდა და დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო, რითაც არამყარი პოლიტიკოსის იმიჯი შეიქმნა. დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მას ღარიბაშვილთანაც - ალასანიას ბოლოდროინდელი განცხადებები გუნდური კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანდა და ესეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ იგი მხოლოდ მიზეზს ეძებდა ფარული დაპირისპირება აშკარა დაპირისპირებაში გადაეზარდა!..
ზოგადად ალასანიას ფენომენი ცალკე საუბრის თემაა. რაც შეეხება მისი და მისი თანაგუნდელების მხრიდან კოალიციის პოლიტსაბჭოს დემონსტრაციულად დატოვებას ივანიშვილის ფაქტორის გამო, საკმაოდ უსუსურად გამოიყურება და ალასანიას პოლიტიკურ ინტრიგებს საბოლოოდ აშიშვლებს. ისეთი შთაბეჭდილებაც შეიქმნა, საქმის გასარჩევად მისულს ძლიერი მოწინააღმდეგე დახვდა და საერთოდ, რომ არ გაფარჩაკებულიყო, გამოსავალი დემარშში იპოვა!..
P.S. პოლიტსაბჭოს სხდომაზე ივანიშვილის გამოჩენა შემთხვევითი სულაც არ არის - ის სრულად პასუხისმგებელია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, მისი ხელახალი პოლიტიკური გააქტიურებაც არ უნდა გამოვრიცხოთ. მითუმეტეს სიტუაციის გართულება ხეირს არც ივანიშვილს მოუტანს!
ზაურ ნაჭყებია