სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომხდარ ცვლილებებს ეხება: პრემიერ-მინისტრის განცხადებები, მინისტრების გადადგომები, მათ მიერ გაკეთებული კომენტარები და ა.შ. (ავტორები - ჯეკ ფარჩი და ნილ ბაკლი).
გთავაზობთ ამონარიდებს:
"ბატონმა ირაკლი ალასანიამ თანამდებობიდან გათავისუფლება იმ ბრძოლის ნაწილად წარმოაჩინა, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" მთავრობაში პროსუსულ და პროდასავლურ ძალებს შორის მიმდინარეობს. "ქართული ოცნება", რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა და ბოლო მოუღო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თითქმის ცხრაწლიან მმართველობას. მას შემდეგ ხელისუფლება შეეცადა საგარეოპოლიტიკური ბალანსი დაემყარებინა: აღდგინა ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც 2008 წლის ომის გამო ყველაზე დაბალ დონეზე იყო და გააგრძელა ძალისხმევა ნატოსა და ევროპულ სტრუტურებში გასაწევრიანებლად.
მაგრამ იმავდროულად საქართველოს ხელისუფლება დასავლელი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის ქვეშ მოექცა, რომელთა აზრით, მთავრობა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ შერჩევით სამართალს იყენებდა, თვით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ჩათვლით. ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს (...)
რამდენიმე მინისტრის გადადგომა იმის ნიშანია, რომ სულ უფრო მატულობს უთანხმოება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებულ სხვადასხვა ჯგუფებს შორის. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად მიხეილ სააკაშვილი შეცვალა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი. ეს გამოიხატება საპროტოკოლო საკითხებისადმი დამოკიდებულებაშიც, მაგალითად, ვინ უნდა გამოვიდეს გაეროში მოხსენებით საქართველოს სახელით - პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი...
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშაბათს ღამით გაკეთებულ განცხადებაში მიანიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პრემიერის პოსტი 2013 წელს დატოვა, ჯერ კიდევ განაგრძობს ქართული პოლიტიკის მართვას, განსაკუთრებით ყურადღებას აქცევდა თავდაცვის სამინისტროს.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერისა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ვატო ლეჟავამ დღევანდელი კრიზისი თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკმაოდ რთულ არჩევნებს დაუკავშირა: "ახლა ბიძინა ფიქრობს, რომ იგი კრიზისის მართვის ცენტრშია და ჰგონია, რომ ამ კრიზისსაც გადაწყვეტს", - თქვა მან და დაამატა, რომ დღევანდელი მოვლენები "ლაკმუსის ქაღალდის" ტესტი იქნება მთავრობისათვის.
"ფაინენშელ თაიმსი" (დიდი ბრიტანეთი), 5 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.ft.com/intl/cms/s/0/e75d8b80-64d2-11e4-bb43-00144feabdc0.html#axzz3ICel4jng