საქართველოს პრეზიდენტი საჭიროდ მიიჩნევს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და NATO-ს პაკეტის იმპლემენტაციის საკითხი განხილულ იქნას მისი თანდასწრებით, იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და არ დაისვას რაიმე ტიპის კითხვის ნიშნები, ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი საწიროდ თვლის აღნიშნული საკითხი მთავრობის უახლოეს სხდომაზე გადაწყდეს.
"საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიმართა საქართველოს მთავრობას, რომ უახლოეს მთავრობის სხდომაზე შეიტანონ დღის წესრიგში საკითხი ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებისა და ჩვენთვის მონიჭებული NATO-ს პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის განხორციელების შესახებ და იმსჯელონ აღნიშნულის თაობაზე. ეს გახლავთ პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება. მეორე მხრივ, პრეზიდენტმა მიმართა პარლამენტს, უახლოეს სხდომაზე გაითვალისწინონ დღის წესრიგში პრეზიდენტის მიმართვა იმავე საკითხთან დაკავშირებით. მიმართვაში საუბარი იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და NATO-ს პაკეტის შესახებ, როგორ მიმდინარეობს იმპლემენტაცია. ეს იმპლემენტაცია რომ იყოს უფრო ეფექტიანი, უფრო გამჭვირვალე, არ დაისვას რაიმე ტიპის კითხვის ნიშნები, ამისთვის საქართველოს პრეზიდენტი საჭიროდ თვლის, განხილულ იქნას ეს საკითხი მთავრობის უახლოეს სხდომაზე, მისი თანდასწრებით", - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.