აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ ფიქრობს, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან უხვევს, თუმცა, მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესები გამოწვევებს ქმნის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯენიფერ ფსაკიმ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"რეგიონული უწესრიგობისა და შიდა ეკონომიკური გამოწვევების დროს, საქართველოს რაც სჭირდება, ესაა სტაბილურობა, ერთობა, კანონის უზენაესობის რეალიზება და საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი. ცხადია, როდესაც ადგილი აქვს მრავალგზის, ერთდროულ გამოძიებას ყოფილი მთავრობისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, ეს ბადებს წუხილს პოლიტიკურ ანგარისწორებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, თავიდან იქნას აცილებული აღქმაც კი იმისა, რომ სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება", - განაცხადა ფსაკიმ.
კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის ადმინისტრაციაში შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო შორდება გზას, რომლითაც ის მიდოდა, ფსაკიმ უპასუხა, რომ "არა, თუმცა მიმდინარე პროცესებს გარკვეული გამოწვევები ახლავს თან".
ამასთან, ჯენიფერ ფასკის თქმით, აშშ-ს სურს, საქართველომ გააგრძელოს წარმატებისკენ სვლა და ლიდერები, რომლებიც თანამშრომლობენ ქვეყნის მომავლისთვის, ამის მნიშვნელოვანი კომპონენტია.