2007 წლის 7 ნოემბრის აქციიდან, როცა "გაერთიანებული ოპოზიციის" მიერ ორგანიზებული აქცია პოლიციამ დაარბია და ათეულობით ადამიანი დაშავდა 7 წელი გავიდა. ამ ფაქტს დღეს "თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივანი ალეკო შალამბერიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს იყო დღეს, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და პირადად სააკაშვილმა საკუთარ ხალხს ტერორი მოუწყო.
-"შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაარბია საკუთარი მოსახლეობა, გამოიყენა რეზინის ტყვიები და გაზი. ეს იყო ტერორი საკუთარ მოსახლეობაზე, რომელიც სააკაშვილმა განახორციელა. ეს იყო პირველი შემთხვევა მას შემდეგ, რაც 1989 წელს საქართველოს მოსახლეობაზე რუსებმა განახორციელეს ტერორი. ამიტომ, ჩვენ ეს დღე არ უნდა დავივიწყოთ, უნდა გვახსოვდეს და არ უნდა დავუშვათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვიდეს. ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ მომავალში ქვეყანაში ასეთი შესაძლო ექსცესები შევზღუდოთ"-განაცხადა შალამბერიძემ.