საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აქცია "მწვანე მომავალი" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წლის მარტის თვიდან ხორციელდება. აქციის ფარგლებში გაზაფხულზე, საქართველოს მასშტაბით 250 000 სხვადახვა სახეობის ნერგი დაირგო, რომელიც სამინისტროს სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობაშია გამოყვანილი.
პრემიერის ინიციატივას სამინისტრო შემოდგომაზეც აქტიურად აგრძელებს. აქციაში "მწვანე მომავალი" სამთავრობო უწყებები, ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები არიან ჩართულები. პროექტის ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტს 3 500 ნერგი გადაეცემა.
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გამწვანების პროგრამის მიხედვით, წელს ქვეყნის მასშტაბით უნდა დაირგას და გაიხაროს მინიმუმ ნახევარმა მილიონმა ნერგმა, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა, რათა დარგვის შემდეგ მოხდეს ნარგავების მოვლა-პატრონობა.
პრემიერის ინიციატივა "მწვანე მომავალი" მიზნად ისახავს მწვანე ნარგავების ფართობების გაზრდას, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობას. აქცია მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური, ასევე კულტურულ-რეკრეაციული თვალსაზრისით.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი სატელეფონო ნომრით - 153. ცხელ ხაზზე დარეკვა და გამწვანების აქციაში "მწვანე მომავალი" ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.