"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს, პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ის მოხარულია კვლავ პარტიის ტავმჯდომარედ რომ აირჩიეს.
მისი თქმით, მშნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში და საქართველოში პოლიტიკა წარმართონ პოლიტიკოსებმა.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ კვლავ ამირჩიეთ თავმჯდომარედ. ეს არის თავისუფლებისმოყვარე მტკიცე, ძლიერი ხალხის პარტია და დარწმუნებული ვარ მომავალ არჩევნებში ჩვენს გამარჯვებაში. რაც მთავარია, დაუღალავი შრომა გვექნება იმისთვის, რომ თითოეული გადაწყვეტილება გავშალოთ მთელ საქართველოში. ვაპირებ, აქტიურად ჩავერთო პარტიის სტრუქტურის მუშაობაში რეგიონებში ისევე, როგორც დედაქალაქში. ჩემთვის გადამწყვეტია, რომ დემოკრატებმა საზოგადოებასთან ერთად რეალურად შევძლოთ 2012 წლის საერთო გამარჯვების იმ იდეალების ერთგულება, რომლისთვისაც ხმა მოგვცა საზოგადოებამ. ამ გზიდან გადახვევა არ იქნება. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო გაყოფილი იყოს მმართველი კოალიციისგან და პარტიისგან. რეგიონებშიც და საქართველოში მთლიანად პოლიტიკა წარმართონ პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, თვითმმართველობებმა და არა უშიშროებამ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისეთი კანონები მივიღოთ, რომელიც გარანტირებულს გახდის თითოეული მოქალაქის დაცულობას და აღარასოდეს უდანაშაულო ადამიანები აღარ მოხვდებიან საპყრობილეში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება მას მერე, როდესაც საზოგადოება გავერთიანდებით და რეალურად დავიწყებთ სახელმწიფოს და რაც მთავარია მთავრობის კონტროლს. ეს იქნება ჩემი და ჩემი პარტიის მთავარი ამოცანა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.