ახმეტაში დაპირისპირების დროს დაზარალებული ჯოყოლა აჭიშვილი საავადმყოფოში მოათავსეს
ახმეტაში ადგილობრივ ახალგაზრდებსა და პანკისის ხეობაში მცხოვრებ ეთნიკურ ქისტებს შორის დაპირისპირებისას სამოქალაქო აქტივისტი ჯოყოლა აჭიშვილიც ცემეს. მას თავი ორ ადგილზე აქვს გატეხილი და თელავის საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც ჯოყოლა აჭიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ის დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფა მაინც მიაყენეს.
ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას გადის.
დღეს ახმეტაში "ქართული ოცნების" წევრებმა, რუსლან და ბესლან ალხანაშვილებმა ნოდარ ჭიჭიაშვილი ცემეს. რუსლან ალხანაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელია პანკისის ხეობის სოფელ ხალაწანში.
ინციდენტს დაპირისპირება მოჰყვა დაზარალებულის და თავდამსხმელების ახლობლებს შორის. ახმეტაში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და პანკისის ხეობაში მცხოვრებ ეთნიკურ ქისტებს შორის ჩხუბის შედეგად ერთ-ერთ ახალგაზრდას ხელი მოსტყდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეების გასაშველებლად სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოიძახეს. ახმეტაში სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია.
თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური პოლიციის განყოფილებაში მივიდა, რის შემდეგაც ნოდარ ჭიჭიაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულები გაათავისუფლეს. ამ საკითხზე შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ ზვიადაური აღნიშნულ საქმეში არ ფიგურირებს. მათივე ცნობით, გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს.
რუსლან და ბესლან ალხანაშვილები "ქართული ოცნებიდან" ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მეგობრები არიან. "ალხანაშვილების დაჯგუფება" მთლიანად ზურაბ ზვიადაურის კონტროლის ქვეშ არის.
წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი
ივერიონი ჯოყოლა აჭიშვილის ნათესავს,კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს სულხან ბორჯიკაშვილს დაუკავშირდა.
-"ამ დროისთვის ჯოყოლას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას თავი აქვს რამდენიმე ადგილზე გატეხილი და ამ დროისთვის უკვე თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი. რაც შეეხება სიტუაციას ახმეტაში, ჩაწყნარებულია. როგორც მე ვფლობ ინფორმაციას, ადგილზე იმყოფებოდა სპეცრაზმი, რომელმაც ქისტები არ გაუშვეს ახმეტაში. სიტუაცია ჩაწყნარებულია.