ივერიონი / არის თუ არა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი?!

არის თუ არა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი?!

    "რადიო ფრანსე ინტერნასიონალემ" ("საფრანგეთის საერთაშორისო რადიომ") რვა ნოემბერს საღამოს ეთერში გადასცა თბილისელი კორესპონდენტის გიორგი ლებანიძის მიერ მომზადებული მასალა, რომელშიც ვრცლადაა გადმოცემული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, კერძოდ, სამთავრობო კრიზისი, მისი მიზეზები, მმართველი კოალიციის დაშლა და ა.შ. რადიოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია აუდიომასალის ვრცელი ტექსტური ვერსიაც.
გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას:
  საქართველოს მმართველი კოალიცია "ქართული ოცნება" დაიშალა, რადგან პარტია "თავისუფალმა დემოკრატებმა" დანარჩენ წევრებთან ყოფნა აღარ ისურვეს. ყველაფერი კი თავდაცვის სამინისტროში ხუთი თანამშრომლის დაპატიმრებით დაიწყო, რომლებთაც პროკურატურამ ბრალი კორუფციაში დასდო. "თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მათი დაპატიმრების დროს საზღვარგარეთ, საფრანგეთში ვიზიტით იმყოფებოდა. როგორც ირაკლი ალსანიას თანამოაზრე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, მინისტრმა თანამშრომლების დაჭერის ამბავი იმ დროს გაიგო, როცა ფრანგულ მხარესთან შეთანხმებას აფორმებდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ, ვიღაც-ვიღაცეებს კი მთავრობაში ეს არ მოეწონათ და მინისტრის წარმატებას ხელი ამ დაპატიმრებებით შეუშალესო.
ჟურნალისტი გიორგი ლებანიძე ხაზგასმით აღნიშნავს: "არცერთი ფრანგული წყარო არ ადასტურებს, რომ ირაკლი ალასანია, პარიზში ყოფნისას და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, მართლაც ხელს აწერდა (ან უკვე მოაწერა) რაიმე შეთანხმებას სამხედრო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის თაობაზე, მით უფრო არაა არავითარი ცნობები იმ ფაქტზე, რომ თითქოს საფრანგეთს საქართველოსთვის საზენიტო სისტემები უნდა გადმოეცა".
  ირაკლია ალასანია და მისი თანამოაზარეები დარწმუნებულნი არიან, რომ პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროში მომხდარი დაპატიმრებები საქართველოს პროდასავლურ კურსზე თავდასხმას ნიშნავს. ამ სენსაციურ განცხადებასთან დაკავშირებით რადიოს კორესპონდენტთან საუბარში ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი ამბობს: "აქ ორი შემადგენელია გამოკვეთილი: პირველი, რომ მას ნამდვილად ასე მიაჩნია და მეორე   - იგი ვალდებულია ასე განაცხადოს. ძნელი სათქმელია, რომელია ჭეშმარიტება".
გიორგი ლებანიძე ესაუბრება აგრეთვე კიდევ ერთ ქართველ პოლიტოლოგს გიორგი ხუხაშვილს: მათი განცხადება მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. გამოდის, რომ საქართველოს პროევროპული არჩევანი სამი თუ ოთხი კაცის არჩევანია... პირიქით, ეს არის ქვეყნის არჩევანი, ხელისუფლების სტრატეგია და არა ცალკეული მინისტრების საქმიანობის მიმართულება. მათი განცხადება არასერიოზულია. მე უფრო მგონია, რომ ესაა შეგნებული მცდელობა იმისა, რომ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოების გარკვეული სეგმენტი. მოკლედ, მინისტრმა უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა".
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველო დაღუპვისაკენ მიჰყავს. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი ამბობს ფრანგული რადიოს კორესპონდენტთან საუბარში, "სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, მე ვიტყოდი - სახელმწიფოებრივი კრიზისი. როცა ქვეყანას კერძო პირი მართავს, ეს სრულიად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ასეთი მოდელი მუდმივად იქნება პოლიტიკური კრიზისების წყარო, რომელიც ეკონომიკურ კრიზისებში გადავა და სახელმწიფოს არსებობას დაემუქრება. პრობლემა უნდა გადაწყდეს და ჩვენს ამას ვცდილობთ... ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ტრიბუნა და შესაძლებლობა, მათ შორის მანიფესტაციები, რომ საზოგადოებას ავუხსნათ: ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა დაღუპვისაკენ მიჰყავს... თუ მოსახლეობა ამას გააცნობიერებს, მაშინ, ალბათ, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდება... სხვა ბერკეტი ოპოზიციას არ გააჩნია".
  დავით დარჩიაშვილი თავის პოზიციას ირაკლი ალასანიას და მის თანამოაზრეების შესახებაც აფიქსირებს: "მათი ადექვატურობა ჩემი განსასჯელი არ არის, თუმცა კარგად მახსოვს, როგორ იქცეოდნენ ისინი ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში. ისიც მახსოვს, როგორ მონაწილეობდა ირაკლი ალასანია ერთ ძალიან არასასიამოვნო ისტორიაში, როცა 2012 წლის შემოდგომაზე გენერალური შტაბის უფროსი გიგი კალანდაძე დააპატიმრეს. იმ დროს ამ დაპატიმრებამ ზიანი მიაყენა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. ახლაც ასევეა - ალასანიას გადადგომა ქვეყანას აზარალებს. ამაში იგი მართალია. არავისთვის არაფრის გახსენება არ მინდა, მაგრამ მაინც არ დამავიწყდება, როგორ მოვედით დღევანდელ სიტუაციამდე, მათ შორის ირაკლი ალასანიას "წყალობითაც".

 

"რადიო ფრანსე ინტერნასიონალე" (საფრანგეთი), 8 ნოემბერი, 2014 წელი
http://ru.rfi.fr/obshchii/20141108-krizis-v-gruzinskom-kabmine-chto-stoit-za-gromkimi-otstavkami-ministrov/

 

10-11-2014, 11:49
უკან დაბრუნება