რატომ არის მარგველაშვილი პლასტელინი, გარდაუვალია თუ არა ალასანიას უნიათო და კორუმპირებულ მმართველად წარმოჩენა და სად იკვეთება რუსული სპეცსამსახურების ინტერესი - „ივერიონს“ „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ესაუბრა
-ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ამ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ პროცესებს. თქვენი აზრით, ხელოვნურად გართულებულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე თუ ალასანიამ გარისკა და ახალი პოლიტიკური თამაში წამოიწყო?
-ეს პროცესი ადრე თუ გვიან უნდა დაწყებულიყო, რადგან, კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელოვნურად იყო გაერთიანებული, ხოლო მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებდა არა პოლიტიკური ხედვა, არამედ, "ძალაუფლებისადმი ლტოლვის ცხოველური ჟინი". ამ ჟინისა და პირადი კეთილდღეობის დაკმაყოფილების შემდეგ, მათთვის ერთიანობის გარანტი ვერც ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა და დაიწყო ეს ბუნებრივი პროცესები.
ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ამ ყველაზე რთულ სიტუაციაში, რა საჭირო იყო ამგვარი თემებით სპეკულირება თუ ის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არ არის მართული? იმის ნაცვლად, რომ აფხაზეთის შესახებ ვმსჯელობდეთ და საერთაშორისო ტრიბუნას ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად ვიყენებდეთ, კაბელებზე ვდაობთ.
შეიძლება ვთქვათ, რომ ორივე მხარემ გარისკა, თუმცა ეს რისკები, ტოტალიზატორის ენაზე, დააზღვიეს ერთმანეთთან მოლაპარაკებით, შეხვდრებით, რამაც დაადასტურა, რომ მათი კონფლიქტი იყო პირადი და არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე!
-მთავრობიდან გაძევებულმა ალასანიამ შაბათს ,,თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობა ტრიუმფით ჩაატარა და პარტიის ლიდერობაც მოირგო. გაწევრიანდებიან თუ არა მის გუნდში ,,რესპუბლიკური პარტია“ და პორტირებული ,,ნაციონალები“?
-ეს დამოკიდებულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და რუსული სპეცსამსახურების ინტერესებზე - როგორ გადაანაწილებს როლებს მისგან მართულ ე.წ. ქართულ პოლიტიკოსებზე.
,,ნაციონალები“, ,,რესპუბლიკელები“ და ,,თავისუფალი დემოკრატები“ ერთი ფესვიდან მოდიან - ბედკრული ,,მოქალაქეთა კავშირიდან“ და, რა გასაკვირია, რომ ერთმანეთში საერთოს პოულობენ? რა გარანტიებიც ექნებათ, იმაზე იქნება დამოკიდებული მათი ერთობაც.
,,რესპუბლიკელები“ კოალიციასთან ,,ივაჭრებენ“, არც ,,ნაციონალებთან“ გაწყვეტენ კავშირს და არც ,,თავისუფალ დემოკრატებთან“. მათ კამათი და უთანხმოება მხოლოდ მაშინ მოსდით, როცა მინისტრთა კაბინეტსა და პარლამენტში ვერ ეტევიან. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ მათ პიროვნული ინტერესები უფრო აერთიანებთ!
-თავის დროზე, ივანიშვილის რუპორმა ზურაბ ბიგვავამ, შეიძლება ითქვას, შოკისმომგვრელი რამ განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა ბრალეულობა საეჭვოა და პროკურატურამ შესაძლოა ძიება შეწყვიტოსო. რასთან გვაქვს საქმე?
-საქმე ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებასა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ბიზნესფსიქოლოგიასთან გვაქვს, როცა სახელმწიფოებს სტრატეგიული განვითარების გეგმა ან კონცეფცია კი არ წარმართავდა, არამედ ვაჭრობა-გარიგება.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა ბრალეულობა დამტკიცდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობის ავტორიტეტი შეილახება. აქ თამასა მაღალია, ეს არ არის ე.წ. ტრაქტორების საქმე, გარიგებით რომ დასრულდეს. პროკურატურას მოუწევს დაამტკიცოს, რომ ალასანია კორუმპირებული და უნიათო მმართველია, ან ის, რომ ღარიბაშვილი ვერ მართავს მთავრობას და პიროვნული მოტივაციით მოქმედებს!
საზოგადოებამ კი უნდა გააცნობიეროს, რომ ვიღაცის საწინააღმდეგოდ ვიღაცას არ უნდა მისცეს ხმა, რადგან ერთი კაცი გარანტორი ვერ იქნება, ერთი კაცის მიერ მოპოვებული გამარჯვება წარმატების საწინდარი არასოდეს ყოფილა...
-თქვენი აზრით, ღარიბაშვილმა უკან დაიხია თუ ეს მართლაც პოლიტიკური დაკვეთა იყო, რომელსაც ალასანიასგან ასეთი რეაქცია უნდა მოჰყოლოდა?
-პრემიერს არ დაუხევია უკან, უბრალოდ, მას ივანიშვილმა უტაქტოდ მიანიშნა, რომ პრემიერი უხეში ლექსიკით არ უნდა საუბრობდეს. (ამ შეფასებისას გულწრფელი იყო ივანიშვილი, ყველა კეთილმოსურნე ასე მიანიშნებდა პრემიერს).
ალასანიამ უნდა თქვას, საფრანგეთში ვიზიტისას, ქართულმა მხარემ რა დოკუმენტზე ხელმოწერა აუკრძალეს მას და უნდა შეწყდეს უფაქტებო ჭორაობა.
თუ ეს საზოგადოების გასაბითურებელი პოლიტიკური სპექტაკლი იყო (,,ვარდების რევოლუციის“ მსგავსი), რომელიც საქართველოში განვითარებულ მძიმე ვითარებას დაგვავიწყებდა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, რადგან მათ უკვე გადააბიჯეს ,,წითელ ხაზებს“ და მთელი მსოფლიო უყურებს, რა მოხდება შემდეგ.
-პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კულუარებიდან კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტებიდან უნდა იმართებოდესო. მან თითი პირდაპირ ივანიშვილისკენ გაიშვირა?
-პლასტელინმა კაცობა დაიწყო, რაც მართლა პოლიტიკური შეკვეთაა! პლასტელინი ვერ გაბედავს ივანიშვილისკენ თითის გაშვერას! ის გუდასავით დადეს პრეზიდენტად ან პლასტელინივით მიაგდეს კუთხეში, პრეზიდენტის ფორმის მისაღებად და მისგან ასე საუბარი არაკაცური და არაადამიანური საქციელია!
მისი ნაბიჯებიდანაც კარგად ჩანს, რომ ის მართული ფიგურაა და ეს აღძრავს ეჭვებს - ვინ მართავს მას, რუსული სპეცსამსახური? აბა, ევროპული საქმე არც სიტყვით გაკეთებულა და არც საქმით. საქართველოში მიმდინარე პროცესებით მხოლოდ რუსეთი ხეირობს, რომელსაც ხელს აძლევს აქაური ქაოსი და დასუსტებული ხელისუფლება.
ესაუბრა ია ჯღარკავა