ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ ,,ივერიონთან“ საუბრისას პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პოლიტიკური იმიჯი შეაფასა, “თავისუფალი დემოკრატების“ მოსალოდნელ პოლიტიკურ ტანდემსა და სახელმწიფოს კულუარულ მმართველობაში ივანიშვილისეულ როლზეც ისაუბრა.
-ბატონო ვაჟა, როგორ აფასებთ ამ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ პროცესებს. თქვენი აზრით, ხელოვნურად გართულებულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე თუ ალასანიამ გარისკა და ახალი პოლიტიკური თამაში წამოიწყო?!
-პოლიტიკა საკმაოდ რთული სფეროა, რომელსაც ახასიათებს აღმავალი და დაღმავალი პროცესები. დღევანდელი ქართული პოლიტიკური პროცესები არ არის “გაშეშებული“, რამაც წარმოშვა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.
რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშებს, ყველა პოლიტიკოსსა თუ პოლიტიკურ ძალას აქვს თავისი განსხვავებული მიდგომები და ხედვა. ალასანიას მოქმედება კი პარტიული და პიროვნული თვალსაზრისით საკმაოდ რისკიანი იყო, რადგან მისი ნაბიჯები შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს წარმატებული.
“თავისუფალი დემოკრატები“ არ წარმოადგენენ რეიტინგულ პოლიტიკურ პარტიას და, როგორც დამოუკიდებელმა მოთამაშეებმა, მიუხედავად ალასანიას რეიტინგისა, ვადამდელ ან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარტო, სხვების ან კოალიციის გარეშე, ბარიერი შეიძლება ვერც გადალახონ. შედეგის მისაღწევად მათ დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი დასჭირდებათ. მათ აქვთ კიდეც ადამიანური რესურსი -დიპლომატიურ არენაზე წარმატებული ადამიანებისა, მაგრამ ფინანსური რესურსი, ვფიქრობ, საკმარისი არ აქვთ.
-მთავრობიდან გაძევებულმა ალასანიამ შაბათს ,,თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობა ტრიუმფით ჩაატარა და პარტიის ლიდერობაც მოირგო. გაწევრიანდებიან თუ არა მის გუნდში ,,რესპუბლიკური პარტია“ და პორტირებული „ნაციონალები“?
-არ მიყვარს მჩხიბავობა და მარჩიელობა, თუმცა პროგნოზირება შემიძლია და ამ კითხვაზე გიპასუხებთ: თქვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკური სუბიექტები შესაძლოა მართლაც გაერთიანდნენ ალასანიასთან. ალასანია სწორ ორიენტაციას თუ აიღებს, ვადამდელ თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მას მოკავშირეები დასჭირდება და ესენი, საუკეთესო შემთხვევაში, პრეზიდენტი მარგველაშვილი და ლევან ვასაძე იქნებიან.
არ არის გამორიცხული, ალასანიას პორტირებული ნაციონალები და ,,ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდნენ. რაც შეეხება პრაგმატულ, მოქნილ და გამოცდილ “რესპუბლიკელებს“, ისინი არ დაშლიან კოალიციას, რადგან მას აქვს დიდი პოლიტიკური რესურსი და შანსიც მომავალ არჩევნებზე გამარჯვებისა.
-თქვენი აზრით, ღარიბაშვილმა ალასანიასთან ბრძოლაში უკან დაიხია თუ ეს მართლაც პოლიტიკური დაკვეთა იყო, რომელსაც ალასანიასგან ასეთი რეაქცია უნდა მოჰყოლოდა?
-ბრიტანული პოლიტიკის ლექსიკას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ იქ ბევრი რესპექტაბელური გამონათქვამია. ღარიბაშვილის მიერ ალასანიას შეფასებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, ეს ამ ახალგაზრდა პოლიტიკოსის სტილია, მისი იმიჯის ნაწილია, ის მკვეთრი და პირდაპირია, საზოგადოებას კი ეს შეიძლება მოსწონდეს, შეიძლება -არა.
არაორდინალურია, როცა თავდაცვის მინისტრი იწყებს პოლიტიკურ თამაშს და მიზნად ამ უწყებას იყენებს. ასეთ დროს ის მკაცრი შეფასების ღირსია, რომელიც უფრო დახვეწილი ფრაზეოლოგიით უნდა ეთქვა პრემიერს, თუმცა პრემიერმა ამგვარი შეფასებით საკითხის სიმძაფრეს გაუსვა ხაზი.
უნდა აღვნიშნო, რომ “ქართული ოცნება“ და საზოგადოება “ამ ფაქტამდე“ ლოიალურად იყო განწყობილი პრემიერის მიმართ - მას პრინციპულობას, ენერგიულობასა და გამჭრიახობას უქებდნენ, ხოლო ალასანიასთვის ნასროლი ერთო-ორი მკვახე სიტყვის შემდეგ, ივანიშვილმაც გააკრიტიკა, რასაც არ ვეთანხმები.
ასეა თუ ისე, ღარიბაშვილი საქართველოს პოლიტიკური ლიდერია, თუმცა უმჯობესი იყო ამ პოსტზე გამოცდილი პოლიტიკური მებრძოლი ყოფილიყო. რადგან არჩევანი მასზე შეჩერდა, ისიც ორი წელია მაქსიმალურად შრომობს და იხარჯება. ალასანიასთან კი, რომელიც კარგი პოლიტიკოსია, შეცდომა არ დაუშვია.
მე სხვა რამ მაფიქრებს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალასანია მოლაპარაკებას აწარმოებდა პარიზში თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის თაობაზე, სადაც ხელი უნდა მოეწერა რაღაც შეთანხმებაზე, რის გამოც ის შერისხეს და დასაჯეს.
მე არ მგონია, ალასანია ისეთი უგუნური იყოს, რომ ასეთ მსხვილ და მასშტაბურ შეთანხმებაზე ხელმოწერა საქართველოს მთავრობის მეთაურთან არ შეეთანხმებინა. ალასანია ამ ფაქტს არც ადასტურებს, არც უარყოფს. ალბათ არც შეუთანხმებია, რაც ალასანიას შეცდომაა.
-პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კულუარებიდან კი არა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან უნდა იმართებოდესო. მან თითი პირდაპირ ივანიშვილისკენ გაიშვირა?
-როგორც თავად განაცხადა, ამ განცხადებაში ასეთ ფაქტს არ გულისხმობდა. მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს კულუარებიდან მართვის პრაქტიკა არსებობს, თუმცა საფუძველი არ გვაქვს ვამტკიცოთ, რომ ივანიშვილი მართავს ან ნაწილობრივ ერევა მართვის პროცესში (რამდენიმე დღის წინ კი მისი მონაწილეობა რეალურად გამოჩნდა ამ პროცესებში).
მაგალითად, ნიდერლანდებში, ბელგიაში ან გერმანიაში პრემიერ-მინისტრების გავლენიან პირებთან კონტაქტი საჯაროა, ასეთ ცივილიზებულ ქვეყნებში პირველი პირების დღის წესრიგსაც კი აქვეყნებენ ხოლმე. დროა, ჩვენთანაც საჯარო გახდეს ამგვარი ურთიერთობები.
ესაუბრა ია ჯღარკავა