საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სასაზღვრო პოლიციაში 2014 წელს განხორციელებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს აშშ-ის სახით ძლიერი პარტნიორი ჰყავს, რომელიც წინსვლაში ეხმარება.
"ნებისმიერ ქვეყანას უდიდესი პასუხისმგებლობა გააჩნია, რომ თავიანთი საზღვრების სუვერენიტეტი, დაცულობა უზრუნველყონ. ყველა ქვეყანა დგას ისეთი გამოწვევის წინაშე, როდესაც ხალხი ცდილობს, რომ ჩამოიყვანოს არალეგალური სხვადასხვა ჯგუფები, განხორციელდეს ტრეფიკინგი და შესაბამისად, არის კონტრტერორიზმის საფრთხე. ეს არის ის საფრთხე, რომელიც აბსოლუტურად ყველა სახელმწიფოს წინაშე დგას. ეს არის ის გამოწვევა, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც იბრძვიან უსაფრთხოებისთვის და სწორედ ამიტომ ხორციელდება ეს პროექტები. საქართველო არ არის მარტო, რომ ამ საფრთხეს გაუმკლავდეს. მინდა გითხრათ, რომ აშშ კმაყოფილია და ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორია და ეხმარება საქართველოს, რომ გამოწვევებს გაუმკლავდეს", - განაცხადა ნორლანდმა.
ელჩის თქმით, აშშ-ის მთავრობის სხვადასხვა სააგენტო, მათ შორის, ექსპორტის კონტროლისა და საზღვრების დაცვის სამსახური, ასევე საერთაშორისო ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის სტრუქტურები და ყველა სხვა სააგენტო და ორგანიზაცია ამაყობენ იმით, რომ საქართველოს პარტნიორები არიან.
"აქ არ ვლაპარაკობთ მარტო აშშ-ზე. არის რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია - გაერო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და სხვები, რომლებიც ამ პროცესებში ჩართულები არიან. ასევე ევროკავშირი ძალიან ახლოს, მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რამეთუ მალე საქართველოს საზღვრები შეიძლება გახდეს ევროპის საზღვრები და აქედან გამომდინარე, არის ერთიანი ინტერესი, რომ გამოვნახოთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც ყველასთვის სასარგებლო იქნება. აშშ-ის პრიზმიდან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, ხოლო ჩვენი უსაფრთხოება კი - თქვენი და აქ ვლაპარაკობ ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორულ ურთიერთობაზე", - განაცხადა ნორლანდმა.
მისი თქმით, იყო რთული პერიოდი, როდესაც ინფრაქტრუქტურა განადგურებული იყო, როდესაც შესაბამისად, სამართალდამცველი ორგანოები შესაბამისად არ მუშაობდნენ.
"იმ წლების შემდეგ, ამ 21 წლის განმავლობაში საქართველომ მართლაც ძალიან ბევრს მიაღწია. მრავალი სხვადასხვა ხელისუფლების, ლიდერების დახმარებით, საქართველომ ბევრს მიაღწია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფერში თქვენი სახელმწიფო მუშაკების, სამართალდამცველი სტრუქტურებისა და სამხედრო პერსონალის პროფესიონალიზმი ყოველთვის იყო გადამწყვეტი, სწორედ ამიტომ ძალიან კარგი მომენტია დღეს, რომ 21 წლის მერე, იმ პერიოდიდან დაწყებული, მივულოცოთ ქვეყანას ის პროგრესი, რომელსაც მიაღწიეთ და მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ თქვენს გყავთ ძლიერი პარტნიორი აშშ-ის სახით, რომელიც წინსვლაში გეხმარებათ", - განაცხადა ნორლანდმა.