საქართველოს მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს იმ ყოფილ თანამშრომელთა ჩვენებებს აქვეყნებს, რომელთა საფუძველზეც დაკავებულნი არიან თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა.
"ივერიონი" ჩვენების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
ჩვენება N1
"საქმის ირგვლივ და დასმულ შეკითხვებზე მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპისათვის ადვოკატის მომსახურებას არ ვსაჭიროებ და მზად ვარ მოგცეთ ჩვენება. ვცხოვრობ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ჩემს ოჯახთან ერთად, მყავს მეუღლე და 5 წლის ვაჟი. 2011 წლის ოქტომბრის თვემდე ვმსახურობდი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ამჟამად ვარ უმუშევარი, ვინაიდან ხსენებულ პერიოდში უკანონოდ შემიწყვიტეს კონტრაქტი. სამხედრო სამსახური დავიწყე 2004 წლიდან და მქონდა სერჟანტის წოდება, თავდაპირველად მსახური დავიწყე კოჯრის სპეცდანიშნულების ბატალიონში, შემდგომ შევიცვალეთ დისლოკაციის ადგილი და გადაგვიყვანეს ქ. თბილისში მდებარე ვაშლიჯვარის ნაწილში, ხოლო 2011 წლის სექტემბერში ვაშლიჯვარში არსებული სამხედრო ნაწილის მოსამსახურეების გარკვეული ნაწილი გადაიყვანეს სხვადასხვა ბრიგადაში, მათ შორის მე, დ. ხ., ბ. გ., გ. კ., ნ. ქ., ნ. დ. და კიდევ რამდენიმე პიროვნება, რომელთა სახელებიც არ მახსოვს გადაგვიყვანეს მე-4 ქვეით ბრიგადაში, რომელიც დისლოცირებულია ვაზიანში. როდესაც ჩვენი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ გადაგვიყვანეს ვაზიანში, პირადად მე ხშირად გამოვთქვამდი უკმაყოფილებას და ზოგჯერ უხამსი სიტყვებითაც მოვიხსენიებდი თავდაცვის სამინისტროს იმდროინდელ ხელმძღვანელ პირებს, რომელთა შორისაც იყო პირველ რიგში თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და გენშტაბის მოვალეობის შემსრულებელი გიგი კალანდაძე. ვაზიანში სამსახურის დაწყებიდან მცირე ხანში, იქნებოდა 2011 წლის ოქტომბრის დასაწყისი - მე, ნ. ქ. და დ. ხ., დაახლოებით ღამის 12 საათზე ბრიგადიდან სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ორმა პიროვნებამ, "ჰაილუქსის" ავტომობილით წაგვიყვანეს ქ. თბილისში მდებარე თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, მისვლისთანავე აგვიყვანეს მინისტრის, ბაჩო ახალაიას მისაღებში, სადაც დაგვხვდა მე-4 ბრიგადის მეთაური შამათავა, მისი სახელი არ მახსოვს და ჩემთვის უცნობი ერთი პიროვნება, ასევე მისაღებში იმყოფებოდა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი სამი სამხედრო მოსამსახურე, კერძოდ ესენი იყვნენ ვაშლიჯვრიდან ჩვენთან ერთად ვაზიანში გადაყვანილი - დ. დ., ბ. გ. და გ. კ., რომელთა ჩათვლით სულ ვიყავით 6 სამხედრო მოსამსახურე. მისაღებიდან მინისტრის კაბინეტში პირველი შევიდა შამათავა, ხოლო შემდეგ კაბინეტიდან ერთმა პიროვნებამ დაუძახა და შეიყვანეს დ. დ., დაახლოებით 5 წუთში, კაბინეტიდან დამიძახა ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ და შემიყვანეს მეც, კაბინეტში იმყოფებოდა თავად მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც იჯდა მაგიდასთან, ხელში ეჭირა დიდი ზომის დანა, რითაც ჭრიდა და მიირთმევდა ხილს, ოთახში ასევე იმყოფებოდნენ, იმდროისათვის გენშტაბის მოვალეობის შემსრულებელი - გიგი კალანდაძე, ი. ს., მე-4 ბრიგადის მეთაური - შამათავა და ჩემთვის უცნობი კიდევ რამდენიმე პიროვნება. როდესაც შევედი ოთახში, იქიდან გაიყვანეს დ. დ., რომელსაც გარეგნულად ჩემთვის შესამჩნევი რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, მინისტრის მაგიდის პირდაპირ იდგა სკამი სადაც მითხრეს, რომ დავმჯდარიყავი, პირველი რაც უხეში ტონით მკითხა თავად მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, იყო შემდეგი: - "შენ ბიჭო ვის აგინებ, რით ხარ უკმაყოფილო", რის შემდეგაც თავად მინისტრმა "ლეპტოპით" მომასმენინა ჩემი საუბრის ჩანაწერი, სადაც გამოვთქვამდი უკმაყოფილებას და შეურაცმყოფელი სიტყვებით მოვიხსენიებდი ხელმძღვანელობას. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ჩემი საუბრის ჩანაწერი ფარულად განხორციელებული იყო ... ბაზაზე, კერძოდ, ჩვენ მოსასვენებელ ოთახში, როდესაც მომასმენინეს ჩემი საუბარი, მინისტრმა და იქ მყოფმა პირებმა მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ მაგინებდნენ დედას. მინისტრი ადგა ფეხზე, მომიახლოვდა და დანა, რომელიც ხელში ეჭირა ჩამარტყა თავში ბლაგვი პირით, აქვე მოგახსენებთ, რომ თავზე რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიმიღია, ამავე დროს ოთახში მყოფმა ორმა პირმა, როდესაც თავდახრილი ვიჯექი სკამზე, რამდენჯერმე დამარტყეს გვერდებში, მათ შორის, როგორც მახსოვს, იყო გიგი კალანდაძე, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა ჩემი დასჯის პროცესში. აღნიშნულის შემდგომ, როგორც მახსოვს ოთახში შემოიყვანეს ჩემთან ერთად მყოფი სხვა სამხედროები, რომელთაც როგორც მინისტრმა, ასევე კალანდაძემ და შამათავამ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კაბინეტში ვიმყოფებოდი დაახლოებით ნახევარი საათი, შემდგომ ყველას დაგვადეს ხელბორკილი და სხვადასხვა ავტომობილებით წაგვიყვანეს ...ში, სადაც ასევე წამოვიდა თავად ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და შამათავა. როდესაც მივედით ნაწილში, ...-ში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები მინისტრის მითითებით მოაწყვეს ერთ-ერთ შენობაში მდებარე დარბაზში, რომელთა წინაშეც დაგვაყენეს ხუთი სამხედრო მოსამსახურე, ერთადერთი იმ დროისათვის ჩვენთან ერთად არ იმყოფებოდა დ. დ., შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ ვიყავით დასჯილები ჩვენს მიერ გამოთქმული უკმაყოფილების გამო და სასჯელის სახით უნდა შეგვესრულებინა სხვადასხვა შავი სამუშაო ერთი თვის განმავლობაში, როდესაც გამოგვიყვანეს დარბაზიდან პირადად მე, ორმა სამხედრომ ჩამსვა "ჰაილუქსის" ავტომობილში და გამიყვანეს ...-ის ტერიტორიიდან, არ გასულა 05 წუთი, როდესაც მძღოლის გვერდით მჯდომ სამხედროს დაურეკა ვიღაცამ და უკანვე მოგვაბრუნეს ნაწილში, გადამიყვანეს ავტომობილიდან იმავე შენობის წინ სადაც იყო დარბაზი, ადგილზე შეკრებილნი იყო დაახლოებით 20-30 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა თვალწინაც შამათავა და სერჟანტი გ. უმოწყალოდ მცემდა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, ძალადობის დროს ვინაიდან ვიყავი პირქვე დავარდნილი არ დამინახავს ხსენებულმა პირებმა ცემისას გამოიყენეს თუ არა რაიმე ბლაგვი საგნები, იმ დროისათვის ამ ფაქტს ადევნებდა თუ არა თვალყურს თავად მინისტრი ბაჩო ახალაია, ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცაღა იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ იგი ზუსტად ამ დროს იმყოფებოდა ნაწილში და გამორიცხული იყო მისი მითითების გარეშე ასე უმოწყალოდ ვეცემე დასახელებულ პიროვნებებს. ფიზიკური შეურაცყოფის შედეგად სხეულის სხვადასხვა მიდამოში მივიღე მრავლობითი დაზიანება და დაჟეჟილობა, თუმცაღა შემდგომ არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმომიჩინეს, რაც შეეხება დანარჩენ ოთხ მოსამსახურეს, მათ შორის დ. ხ.-ს, ბ. გ.-ს, ნ. ქ.-ს და გ. კ.-ს, მათ მიაყენეს თუ არა ფიზიკური შეურაცყოფა იმ საღამოს, ჩემთვის უცნობია. აღნიშნულის შემდეგ მე და აღნიშნული ოთხი მოსამსახურე, რამდენიმე ავტომობილით წაგვიყვანეს ქ. თბილისში, თავდაცვის სამინისტროსთან მდებარე სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მე პირადად, ორმა ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ მაიძულა, დამეწერა ახსნა-განმარტება, თითქოს ჩვენ ...-ის ბრიგადაში ვაპირებდით არეულობის მოწყობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით თუ აღნიშნულს არ დავადასტურებდი, უარესი მომელოდა წინ, ამავე დღეს ასევე ჩემთვის უცნობმა პიროვნებებმა დამაწერინეს პატაკი სამხედრო სამსახურიდან წასვლის თაობაზე, რის საფუძველზეც შემიწყვიტეს კონტრაქტი. აღნიშნულის შემდგომ დასახელებულ პიროვნებებთან და ზოგადად სამხედრო სამსახურთან რაიმე შეხება არ მქონია, ამჟამად ვარ უმუშევარი. საქმის ირგვლივ სხვა დასამატებელი არაფერი მაქვს, კითხვების შემთხვევაში მზად ვარ თანამშრომლობისათვის".
ჩვენება N2
"საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი 2006 წლიდან. 2011 წლის დაახლოებით სექტემბრის თვიდან ვმსახურობდი მეოთხე ქვეით ბრიგადაში, 2011 წლის ოქტომბრის თვეში ზუსტი რიცხვი არ მახსოვს საღამოს საათებში, როდესაც ვიმყოფებოდი ჩემს საცხოვრებელ სახლში, ჩემს მობილურ ტელეფონზე ნომრით 5XX XX-XX-XX, დამირეკა ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ, რომელმაც მითხრა, რომ იყო სამხედრო პოლიციის თანამშრომელი. მან მითხრა, რომ სურდა ჩემთან გასაუბრება და მთხოვა გავსულიყავი გარეთ ქუჩაში გაჩერებასთან. მე ეგრევე ჩავიცვი და გავედი გარეთ, სადაც დამხვდა სამხედრო პოლიციის მანქანა, საიდანაც გადმოსულმა სამხედრო პოლიციელებმა დამადეს ხელბორკილები და ჩამსვეს მანქანაში. იმ მომენტში ჩემთვის არავის არ აუხსნია, თუ რატომ მადებდნენ ხელბორკილს და ვიყავი თუ არა დაკავებული. მითხრეს უბრალოდ, რომ უნდა წავეყვანე თავდაცვის სამინისტროში. იქნებოდა დაახლოებით საღამოს რვა-ცხრა საათი, უკვე ბნელოდა, როცა მიმიყვანეს თავდაცვის სამინისტროში. მე ამიყვანეს მეხუთე სართულზე, სადაც მე დამხვდა ჩემივე თანამოსამსახურეები: ქ., ბ., დ., დ., გ. და ხ.. ამ დროს მინისტრის კაბინეტიდან გამოვიდნენ გიგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური შამათავა, ორივე მათგანმა მისაღებში ყველას გვაგინა. ამ დროსაც ჩემთვის უცნობი იყო თუ რა დავაშავე და რატომ ვიყავი მიყვანილი მინისტრის მისაღებში. ამის შემდეგ დაიწყეს ჩვენი სათითაოდ შეყვანა მინისტრის კაბინეტში. როგორც მახსოვს პირველი შეიყვანეს დ. ამ დროს კალანდაძე და შამათავა ისევ მინისტრის კაბინეტში იყვნენ. რა საუბარი შედგა დ.-სთან ან მიაყენეს თუ არა შეურაცხყოფა ჩემთვის უცნობია, რადგან როდესაც დ. გამოიყვანეს ქვემოთ ჩაიყვანეს და იმის შემდეგ მე ის აღარ მინახავს. შემდეგ როგორც მახსოვს შეიყვანეს ბ., რომელიც როდესაც გამოიყვანეს სახეზე იყო აწითლებული, დააყენეს ჩვენგან მოშორებით და ცოტა ხანში ისიც ქვემოთ ჩაიყვანეს. ამის შემდეგ ვინ როგორ შეიყვანეს, თანმიმდევრობას ვერ ვიხსენებ. ყველანი ჩაყავდათ რიგრიგობით ქვემოთ ისე, რომ ჩვენ, რიგში მდგომები, ვერ ვახერხებდით ერთმანეთთან კონტაქტს. პირადად მე მინისტრის კაბინეტში არ შევუყვანივარ არავის. ჩემის აზრით, მე ვიყავი ბოლო და უბრალოდ გამოვრჩი. სამინისტროში ვიყავით დაახლოებით ერთი საათიდან საათნახევრამდე. ამის შემდეგ ყველანი ჩაგვიყვანეს ქვემოთ, ჩაგვსვეს ცალ-ცალკე სამხედრო პოლიციის მანქანებში და წაგვიყვანეს მეოთხე ქვეით ბრიგადაში. მე პირადად ვიჯექი სამხედრო პოლიციის მანქანაში. როდესაც მიგვიყვანეს მეოთხე ქვეით ბრიგადაში ყველანი შეგვიყვანეს მეოთხე ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთ ბრიფინგის ოთახში, სადაც დაგვხვდა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ოფიცერთა შემადგენლობა. ჩემი აზრით ყველანი, რადგან ამ დროს ბრიგადაში გამოცხადებული იყო განგაში. ოთახში იყო ასევე მინისტრი ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და ბრიგადის მეთაური შამათავა. ასევე იყვნენ სამინისტროდან და სამხედრო პოლიციიდან სხვადსხვა პირები, რომლებიც იყვნენ სამოქალაქო ფორმაში, მათი სახელები და გვარები არ ვიცი. ბრიფინგის ოთახში საუბარი დაიწყო მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, რომელმაც ოფიცრებს უთხრა, რომ ჩვენ ვიყავით ის ჯარისკაცები, რომლებიც ერთმანეთში საუბრისას ვაგინებდით და ვლანძღავდი ოფიცრებს და არ მოგვწონდა ჯარის სისტემა თურმე. აღნიშნული საუბრები იყო ჩაწერილი. სწორედ ამ დროს გავიგე, თუ რატომ ვიყავი მიყვანილი. მან მოსთხოვა ოფიცრებს ამაზე ჩვენთვის გაეცათ პასუხი, თუმცა, არ დაელოდა და ბაჩო ახალაიამ თვითონვე თქვა, რომ დაგვსჯიდა ჩვენ პირადად და დაგვნიშნავდა დამლაგებლებად. შემდეგ გვკითხა რომელიმეს რაიმე პრეტენზია გვქონდა თუ არა. ამ დროს როგორც მახსოვს ვიდექით ხუთი, სამხედრო მოსამსახურე - მე, ქ., ბ., გ. და ხ. ამ დროს მხოლოდ მე გამოვთქვი, რომ მქონდა პრეტენზია და არ ვიმუშავებდი დამლაგებლად, რა დროსაც ბაჩო ახალაიამ გაიცინა და მითხრა, რომ მაინც მაიძულებდა მუშაობას, რაზეც ვუპასუხე, რომ ამას მერჩივნა, დავეჭირე ან დავეხვრიტე, რაზეც მან უბრძანა გიგი კალანდაძეს, წასულიყვნენ ჩემს სახლში, ჩაეტარებინათ ჩხრეკა და ამოეღოთ იარაღი. მე ვუპასუხე, რომ სახლში არანაირი იარაღი არ მქონდა. მან მითხრა, რომ აბა რაზე დაგიჭიროო, თან დაამატა, რომ სახლში მქონდა აკაესიც, გლოკიც, მაკაროვიც და ტყვიაწამალიც. ასევე, წამოეღოთ სახლიდან ყველაფერი თუ რამე ფასიანი გამაჩნდა. მიუხედავად ასეთი ბრძანებისა, ჩემთან სახლში არავინ მისულა და ჩხრეკა არ ჩატარებულა, ჩემი აზრით, მან შემდეგ გადაიფიქრა. ბრიფინგის ოთახში ჩვენ ვიყავით დაახლოებით საათნახევრიდან ორ საათამდე. შემდეგ გაგვიყვანეს გარეთ, სადაც ზემოაღნიშნულ ჯარისკაცებს სცემდნენ და აგინებდნენ ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და შამათავა. როგორც მახსოვს ქ. და ხ. სხვა ოფიცრებმაც სცემეს, მაგრამ მათი სახელები და გვარები არ ვიცი. პირადად მე მაგინა ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და ზურაბ შამათავამ. გიგი კალანდაძემ უკნიდან პატარა ბავშვივით ყური ამიწია. ასევე ცემა დამიპირა შამათავამაც. ცოტა ხანში ჩვენ წაგვიყვანეს ისევ თავდაცვის სამინისტროში, სადაც გაგვანაწილეს ცალ-ცალკე ოთახებში. კარებთან მცველებად დააყენეს სამხედრო პატრულის ორ-ორი თანამშრომელი, ჩვენ აკრძალული გვქონდა დაჯდომა, საჭმლის ჭამა და წყლის დალევა. ასევე ყოველ 5 წუთში უნდა გვეყვირა "გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას". ამ დროს ჩვენს მიერ ამ სასჯელის ზუსტად შესრულებას აკონტროლებდა სამხედრო პოლიციის ერთერთი თანამშრომელი, როგორც მახსოვს გვარად გ., მაიორის წოდებით, მას ჰქონდა მეგრული კილო, საშუალო სიმაღლის, მსუქანი აღნაგობის, შესაძლოა გვარი მეშლებოდეს, მაგრამ მისი ამოცნობა შემიძლია. ჩვენი ასეთი წამება გაგრძელდა სამი დღე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ მქონია ოჯახთან კავშირი, ასევე ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, თუ სად ვიყავი. მე გამომიშვეს პირდაპირ ქუჩაში. სამხედრო ნაწილში არ მივსულვარ, მხოლოდ ოცი დღის შემდეგ მივედი, რა დროსაც ჩავაბარე ჩემი აღჭურვილობა. თავდაცვის სამინისტროდან გამოშვების შემდეგ, მე დამავალდებულეს, არ დამეტოვებინა ქალაქი, ქალაქში ჩემი ყველა მოძრაობა წინასწარ მობილური ტელეფონით შემეტყობინებინა ვინმე მ-სთვის, რომლის გვარი არ ვიცი, ხოლო ტელეფონის ნომერია 5XX XX-XX-XX. მე ასე მუდმივი კონტროლის ქვეშ ვიყავი 2012 წლის დადგომამდე. თუ რა ფორმით, რა საფუძვლით ვარ დათხოვილი შეიარაღებული ძალებიდან ჩემთვის უცნობია, რადგან მე არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია არანაირ სამანდატო კომისიაზე, სადაც განხილული იქნებოდა ჩემი საკითხი. ამას დავამატებ, რომ სამხედრო პოლიციაში მე რაღაც განცხადებაზე მომაწერინეს ხელი, რომლის შინაარსიც არ ვიცი, მაგრამ ვადასტურებ, რომ მაშინ არც ჯანმრთელობის მხრივ, არც ოჯახური მდგომარეობის გამო არ მსურდა შეიარაღებული ძალებიდან წასვლა. თუ იმ განცახდებაში მითითებულია, რომ მე მსურდა შეიარაღებული ძალებიდან წასვლა და არანაირი პრეტენზია არავისთან არ გამაჩნდა არ არის სიმართლე და მასზე ხელი მოწერილი მაქვს მოტყუებით. მე ჩემს ჩვენებაში კონკრეტულად დავასახელე ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და შამათავა, მე მათ სამივეს ვიცნობდი სახეზე, რადგან ისინი თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები და ცნობილი სახეები იყვნენ ზოგადად შეიარაღებულ ძალებში. მე მსურს, რომ კანონის შესაბამისად დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, რომლებმაც მონაწილობა მიიღეს ჩემს სამსახურიდან უკანონოდ გამოგდებაში და მომექცნენ არაადამიანურად. სხვა ჩვენებაზე დასამატებელი ამ ეტაპზე არაფერი მაქვს.ჩვენება დაბეჭდილია ჩემი ნაკარნახები სიტყვებით, წავიკითხე, სწორია და ვადასტურებ ხელის მოწერით".
პროკურატურის განცხადებით, მოწმეთა პირადი მონაცემები მითითებული არ არის.