სტატიაში ეხება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის დავით ჭავჭავაძის გარდაცვალებას, რომელიც ქართლ-კახეთის უკანასნკენელი მეფის გიორგი მეთორმეტისა და რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის შთამომავალი (შვილთა-შვილთაშვილი) იყო.
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, დავით ჭავჭავაძე ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოპერაციების ხელმძღვანელი, იმ საიდუმლო კომუნიკაციებს აკონტროლებდა, რომელიც მისი წინაპრების სამშობლოს ეხებოდა. დავით ჭავჭავაძემ თავისი სამსახურის დიდი ნაწილი ბერლინში გაატარა, მეორე მსოფლიო ომის დროს და ცივი ომის დასაწყისში. მის მოვალეობებში შედიოდა აგრეთვე საბჭოთა აგენტების გადაბირებაც.
დავით ჭავჭავაძე ენათესავებოდა რომანოვების დინასტიას, რომელიც რუსეთს 300 წლის განმავლობაში მართავდა. დედამისი ნინა რუსი პრინცესა და იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილიშვილი იყო, რომელიც 1825-დან 1855 წლამდე მეფობდა. მამამისი კი, პავლე ჭავჭავაძე, ქართველი თავადი, კავკასიაში მდებარე ქართლ-კახეთის ყოფილი სამეფოს ბოლო მონარქის, მეფის გიორგი მეთორმეტის პირდაპირი შთამომავალი იყო, რომელიც 1801 წელს გარდაიცვალა.
ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი დავით ჭავჭავაძე ბოლშევიკური რევოლუციის პოლიტიკურ მემკვიდრეებს ებრძოდა, რომლებმაც რომანოვების დინასტია 1917 წელს ჯერ დაამხეს, 1918 წელს კი იმპერატორი ნიკოლოზ მეორე, მისი მეუღლე და ხუთი შვილი სიკვდილით დასაჯეს - დახვრიტეს ურალის მთებში მდებარე ქალაქ ეკატერინბურგის ერთ-ერთი სახლის სარდაფში.
დავით ჭავჭავაძის ბაბუა, თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომელიც პირველ მსოფლიო ომში რუსეთის არმიის პოლკს მეთაურობდა, ბოლშევიკებმა საქართველოში 1931 წელს დახვრიტეს. ეს ქვეყანა მათ ათი წლით ადრე, [1921 წელს] დაიპყრეს. კიდევ ერთი ბაბუა, დედის მხრიდან, დიდი თავადი გიორგი მიხეილის ძე, იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილიშვილი, 1919 წელს იქნა დახვრეტილი პეტროგრადში (ლენინგრადში) მდებარე პეტრე-პავლეს ციხე-სიმაგრეში ბოლშევიკური "ჩეკას" სამეულის გადაწყვეტილებით.
მზვერავ დავით ჭავჭავაძის კარიერა, როგორც იგი თავის ბიოგრაფიულ წიგნში "გვირგვინები და შინელები" წერს, განაპირობა იმის სურვილმა, რომ "რაღაც გაეკეთებინა კომუნიზმის საერთაშორისო საფრთხის წინააღმდეგ".
დავით ჭავჭავაძე დაიბადა 1924 წლის 20 მაისს ლონდონში, სადაც რევოლუციისაგან დევნილმა მისმა მშობლებმა, რუსი თავადაზნაურობის წარმომადგენლებმა, თავშესაფარი ჰპოვეს. მამამისი მთარგმენლობით მუშაობას ეწეოდა - ქართულიდან ინგლისურად თარგმნიდა, თან საზღვაო მიმოსვლის კომპანიაში მუშაობდა. 1927 წელს ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. აშშ-ში ყოფნის დროს მათ კავშირი ჰქონდათ "თეთრი რუსეთის" ემიგრანტულ საზოგადოებასთან, მაგრამ ფინანსურად უჭირდათ. დავით ჭავჭავაძეს ჯერ მასაჩუსეტსის შტატის კერძო კოლეჯში, შემდეგ კი იელის უნივერსიტეტში სწავლისას სტიპენდიას უხდიდნენ.
იელის უნივერსიტეტში სწავლა მან არმიაში გაწვევის გამო შეწყვიტა, მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ალიასკაზე [წითელი არმიისათვის ამერიკული ტექნიკის მიმწოდებელი ცენტრი გაიხსნა], იგი მომსახურე პერსონალის ოფიცერი გახდა, რუსეთის რევოლუციიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ჯარისკაცებში დავით ჭავჭავაძე, თავისი არისტოკრატული გვარის გამო, არავითარ ანტიპათიას არ იწვევდა. როგორც იგი თავის ბიოგრაფიულ წიგნში წერს, ისინი მას "ამხანაგ პრინცს" უწოდებდნენ.
დავით ჭავჭავაძე ომის შემდეგ ბერლინში მსახურობდა, შემდეგ კი სწავლის გასაგრძელებლად იელის უნივერსიტეტში დაბრუნდა, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. მალე იგი სამუშაოდ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში მიიღეს, თავისი ძველი უნივერსიტეტელი მეგობრის რეკომენდაციით. თავის მემუარებში იგი საკმაოდ ვრცლად აღწერს სამსახურის ხასიათს, რომელშიც, სხვადასხვა მოვალეობებთან ერთად, აგენტთა "ლეგენდის" შექმნაც შედიოდა, მაგალითად, რომელიმე ოფიცრის [მზვერავის] გაფორმება სავაჭრო ან სასოფლო-სამეურნეო მისიებში, ე.წ. "სახურავის" სახით. სადაზვერვო სამსახურიდან იგი 1974 წელს გადადგა და ცხრა წლის მანძილზე მოგზაურობდა, საბჭოთა კავშირიდან გამოქცეულ დისიდენტებს ხვდებოდა ხოლმე.
დავით ჭავჭავაძე კარგად უკრავდა და მღეროდა გიტარაზე, მუშაობდა მემუარებზე და რუსეთის თავადაზნაურობის ისტორიაზე, რის შესახებაც 1989 წელს წიგნიც გამოსცა სახელწოდებით "დიდი თავადები" ["დიდი მთავრები"]. იგი ცხოვრობდა ვაშინგტონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სახლში, რომელსაც რუსი ემიგრანტი დისიდენტები ხშირად სტუმრობდნენ.
დავით ჭავჭავაძე გარდაიცვალა პოტომაკის ჯანდაცვის ცენტრში თირკმლის უკმარისობის შედეგად, მას ბოლო წლებში მეხსიერების მოშლაც დაეწყო, - თქვა მისმა მეუღლემ, 35 წლის ევგენია (ეჟენი) ჭავჭავაძემ. მისი უფრო ადრინდელი ცოლები იყვნენ ჰელენ ჰუსტედი და იუდიტ კლიპინგერი. პირველი ქორწინებიდან დავით ჭავჭავაძეს ორი ქალიშვილი დარჩა - მარია და ალექსანდრა, ხოლო მეორედან ქალ-ვაჟი - ქეთრინ და მაიკლ ჭავჭავაძეები, აგრეთვე ექვსი შვილიშვილი.
1966 წლამდე დავით ჭავჭავაძეს ვაჟი არ ჰყავდა. არადა, თავადაზნაურობის ტრადიციის მიხედვით, ჭავჭავაძის გვარის გამგრძელებელი მამრობითი მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. "როცა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კლინიკაში ბიჭი დამებადა, დედაჩემმა ტელეფონში გახარებულმა წამოიძახა: "ვაშა, დინასტია გადარჩენილია", - წერს დავით ჭავჭავაძე მემუარებში.
"ვაშინგტონ პოსტი" (აშშ), 9 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.washingtonpost.com/local/obituaries/david-chavchavadze-cia-spy-with-russian-royal-roots-dies-at-90/2014/11/08/ddd65f86-5ec6-11e4-9f3a-7e28799e0549_story.html