"როგორც იქნა, ვეღირსეთ კონკრეტულ დოკუმენტს _ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს", _ განაცხადა "მაესტროს" პრესკლუბში ლადო პაპავამ.
მისი თქმით, როგორც წესი, საბიუჯეტო პროცესები გაზაფხულზე იწყება და ბიუჯეტის პროექტის წარდგენაც არაუგვიანეს 30 სექტემბერს უნდა მოხდეს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ დაარღვია ეს ვადები _ 30 სექტემბერს ბიუჯეტის პროექტი უკვე წარდგენილი იყო, მაგრამ მას არ ჰქონდა სრულყოფილი სახე.
"ახალი მთავრობის მიდგომა საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩემთვის სრულიად მისაღებია. ქვეყანას არა აქვს ისეთი ფუფუნებისთვის ხარჯების გაღების საშუალება, როგორიც პრეზიდნტის სასახლეა. დღესაც არ ვიცით, რამდენი დაიხარჯა მის მშენებლობაზე. ეს ხარჯები გადახედვას საჭიროებს. ამდენად, ახალი მთავრობის დამოკიდებულება თანხების შემცირებასთან დაკავშირებით, სრულიად მართებულია", –აცხადებს ლადო პაპავა.
ახალი მთავრობა ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტებად ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობაა განსაზღვრული. პაპავას განცახდებით, ის რომ, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების დაფინანსება იზრდება, აბსოლუტურად ლოგიკურია. "ჩვენი ქვეყნისთვის ეს აუცილებელია. რა თქმა უნდა, უარი არ უნდა ვთქვათ შეიარაღების გაძლიერებაზე, მაგრამ ჩემი აზრით, პრიორიტეტი განათლება და მეცნიერება უნდა იყოს", _ ამბობს ექსპერტი.