დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს:
"დღეს საღამოს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია, რომ მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი თბილისში არსებული შენობა-ნაგებობების მოხატვასა და წარწერების გაკეთებას უნებართვოდ აპირებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება, რაც გამოიხატება შენობათა ფასადებზე და კედლებზე პლაკატების, წარწერების, ნახატებისა და ა.შ. თვითნებურ განთავსებაში, 50 ლარით ჯარიმდება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური და განსახილველად უგზავნის სასამართლოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნას და არ დაამახინჯონ დედაქალაქში არსებული შენობების იერსახე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისის მერია იძულებული იქნება, გამოიყენოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლება და ნებისმიერი მოქალაქე, ვინც დაარღვევს კანონს, დაჯარიმდება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.