როგორც "თავისუფალი საქართველო"-ს გენერალური მდივანი, ალეკო შალამბერიძე აცხადებს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით პარტია კამპანიას იწყებს. პარტია ამ ბრძოლაში თანამებრძოლად რამდენიმე პოლიტიკურ ძალას მოიაზრებს და თვლის, რომ მიზანი ძალიან მალე იქნება მიღწეული, რადგან ამას თავად პრემიერიც შეუწყობს ხელს.
"ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა არაფერი იცის პოლიტიკის შესახებ. ის გამოცდილება, რაც მას აქვს, მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ 2012 წლის იმ მიტინგებზე, რომელსაც "ქართული ოცნება" ატარებდა, ამიტომაა, "ნაციონალების" მეტი არაფერი რომ არ იცის. არანაირი მიზანმიმართული პოლიტიკური ხედვა არ გააჩნია, საგარეო პოლიტიკის მხრივ, არანაირი კურსის შემუშავება არ შეუძლია, არ გააჩნია ელემენტარული ხედვა. ღარიბაშვილი არის მარიონეტი ივანიშვილის ხელში, მარიონეტების ადგილი კი "კონკასთანაა", მარიონეტების თეატრში. ორმა წელმა გვაჩვენა, რომ ვერაფერი ხეირიანის გაკეთება ვერ მოახერხა ამ ადამიანმა. ამ ყველაფერის გამო ჩვენ მოვითხოვთ ამ ადამიანის გადაყენებს", - აცხადებს "ალიასთან" საუბრისას პარტიის გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე.