ძალიან პროდასავლური თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან სავარაუდო კორუფციის გამო გაათავისუფლეს!
რეჟი ჟანტე, „ფიგარო“
ამ გადადგომას უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდებოდნენ და ეს შემაშფოთებელია. ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება კვლავ ეჭვებს იწვევს კავკასიურ რესპუბლიკაში ყველაზე ძლიერი ადამიანის - ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პრორუსულობის შესახებ. მართალია, მას დღეს ოფიციალური თანამდებობა უკვე აღარ აქვს დაკავებული, პრემიერ-მინისტრის პოსტი ერთი წლის წინ დატოვა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობას თავის მიერ შექმნილი კოალიცია „ქართული ოცნების“ მეშვეობით აკონტროლებს.
ამ ეჭვებზე თვითონ ირკალი ალასანიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც მის სამინისტროშო სავარაუდო კორუფციის ბრალდებით რამდენიმე ოფიცერი დააპატიმრეს. „ეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცის წინააღმდეგ მიმართული შეტევაა“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. მას მხარი დაუჭირეს საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრებმა და პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგნენ.
რას ნიშნავს ეს? ალასანია საკითხის პოლიტიზებას ცდილობს საკუთარი თავის დასაცავად? თუ ამით იგი ამხელს მთავრობის შიგნით არსებულ რეალურ სტრატეგიას, რომელიც ნატოს კურსის მხარდამჭერთა ლიდერის წინააღმდეგაა მიმართული?
„ეს აბსურდია“, - პასუხობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ სწორედ მისი გუნდი ახორციელებს წარმატებით ევროკავშირთან ინტეგრაციას, როცა ივნისში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას და ასევე ნატოსთან, რასაც ადასტურებს ირაკლი ალასანიას მემკვიდრის [მინდია ჯანელიძის] შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან.
ანგარიშწორება?
2012 წლის ოქტომბრიდან, როცა ირაკლი ალასანია თანამდებობაზე დაინიშნა, მას ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობები გაუფუჭდა. ოლიგარქი შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რომ საჯაროდ არ ისაუბროს ამ ახალგაზრდა კაცის სავარაუდო ოჯახსგარეთა კავშირებზე, ბიძინა ივანიშვილმა იგი ვიცე-პრემიერობიდანაც ჩამოაქვეითა მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიამ ქვეყნის პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატურის დასახელება დააპირა.
შემაშფოთებელია ისიც, რომ ოლიგარქი თურმე ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში დაპირებია თავის მოწინააღმდეგე მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, რომ იგი მის რამდენიმე მინისტრს დაიჭერდა, შემდეგ კი მათ ბედს მალე ირაკლი ალასანიაც გაიზიარებდა - მას კორუფციაზე დაიჭერდა.
ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც თავისი სიმდიდრე (4,2 მილიარდი ევრო) რუსეთში დააგროვა, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისაგან ჩამოშორების შემდეგ (2012 წლის საპარლამენტო არჩევნების და ერთი წლის ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად) იგი პროდასავლურ პოლიტიკას გაატარებდა და იმავდროულად მოსკოვთან 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის გამო გართულებული ურთიერთობის ნორმალიზებასაც შეეცდებოდა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ნატოსთან, კრემლისთვის ამ ძალიან მგრძნობიარე საკითხთან, არაერთგვაროვანია. 2013 წელს, როცა იგი ერევანში იმყოფებოდა, მან სომხეთის პოლიტიკა მოსკოვთან და ვაშინგტონთა კარგი ურთიერთობის მოდელად დაასახელა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მან გვითხრა, რომ „ეს ასე არ არის“, რადგან სომხეთი არ აპირებს გახდეს ნატოს წევრი“ და არ სურს დატოვოს რუსეთის უსაფრთხოების ქოლგა!
„ფიგარო“ (საფრანგეთი), 13 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.lefigaro.fr/international/2014/11/12/01003-20141112ARTFIG00410-en-georgie-la-crise-politique-s-eternise.php