ივერიონი / ვანო მერაბიშვილის კლანი "ქართულ ოცნებაში" შეღწევას ცდილობს

ვანო მერაბიშვილის კლანი "ქართულ ოცნებაში" შეღწევას ცდილობს

 

"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ამირეჯიბი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" რიგებში შეღწევას ისეთი ადამიანები ცდილობენ, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დანაშაულს ჩადიოდნენ. 

 

ლაშა ამირეჯიბი: შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტული პიროვნება, რომელიც ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრი იყო, დღეს კი, მთელი დღე "ქართული ოცნების" ოფისში ტრიალებს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ადიგენის რაიონში რაიმე თანამდებობაზე დანიშნონ. ეს პიროვნება გახლავთ ანტონ მერაბიშვილი. იგი  2006 წლამდე ადიგენის რაიონის დაბა აბასთუმნის გამგებელი იყო. შემდეგ, 2011 წლამდე  გამგეობის წარმომადგენელი. მას პარალელურად სამშენებლო-სარემონტო ფირმა-შპს "თორნიკე" ჰქონდა, რომელიც ვანო მერაბიშვილის გარემოცვის წევრთა ლობირებით, არაერთ ტენდერში იმარჯვებდა. ეს შპს უხარისხოდ ასრულებდა სამუშაოებს, აბარებდა დაუმთავრებელ ობიექტებს, აკეთებდა სასმელი წყლების რეაბილიტაციას, სარწყავი წყლის საგუბარებს, ქუჩის განათებებს, საბავშვო ბაღებისა და სახელმწიფო ბალანსზე არსებული ყველა სახის დაწესებულების სარემონტო სამუშაოებს. კერძოდ, 2003-2004 წლებში  ანტონ მერაბიშვილის ფირმამ შეასრულა  ადიგენის სოფელ ვარხნის საჯარო სკოლის რემონტი, რომელსაც BP-ი აფინანსებდა. შემკვეთმა გადაიხადა თანხა 40000 ლარი. როდესაც ობიექტის ჩაბარების დრო დადგა, სკოლაში საეჭვო ვითარებაში გაჩნდა ცეცხლი და დაიწვა. ეს ფაქტი მიიჩქმალა. ამასთან, ეს პიროვნება დაბა აბასთუმანში ულიცენზიოდ ამუშავებდა ავეჯის კომბინატს, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ორგანიზაციის ბალანსზე იყო (ამ კომბინატში ამზადებდა მუხის პარკეტს). ანტონ მერაბიშვილი არც ადიგენის ტყის უკანონო გაჩეხვას ერიდებოდა. ხე-ტყე თავისივე არალიცენზირებულ სახერხ საამქროში მიჰქონდა და მასალად აქცევდა.

 

ერთ დღეს ეს სამხერხაო დაიწვა, რაშიც უშუალოდ ანტონ მერაბიშვილის ხელი ურევია. მის ინტერესში იყო, რომ სამხერხაო განადგურებულიყო, შემდეგ დაეტოვებინა მიწის ნაკვეთი. ეს იმიტომ გააკეთა,  რომ  სამხერხაო, რომელიც კონკრეტულ შენობაში იყო განთავსებული, ეკუთვნოდა ერთ-ერთ ორგანიზაციას. ამ შენობაში ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობები იყო განთავსებული და იგი არ ყიდდა ქონებას.

 

 ასევე,  აბასთუმანში,  ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკის დაცულ ტერიტორიაზე, ტენდერში გამარჯვების შემდეგ,  მერაბიშვილის ფირმამ ააშენა კოტეჯი. ეს კოტეჯიც გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა. ანტონ მერაბიშვილმა ხელმეორედ მიიღო კოტეჯის აშენების შეკვეთა სახელმწიფოსგან და ააშენა კიდეც, ანუ მას ორმაგად და თან სოლიდურად გადაუხადეს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს კოტეჯიც ანტონ მერაბიშვილმა განგებ დაწვა,  რათა ხელმეორედ მიეღო შეკვეთა სახელმწიფოსგან. ასეც მოხდა. შეკვეთა მიიღო, კოტეჯი ხელახლა ააშენა და ბიუჯეტიდან სოლიდური თანხაც ჩაერიცხა. ამგვარი უამრავი ფაქტის გახსენება შეიძლება. 

ანტონ მერაბიშვილმა საეჭვო ტენდერის საშუალებით, ხელში ჩაიგდო აბასთუმნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანატორიუმი `აგობილი~. სანატორიუმის შეძენის შემდეგ უკანონოდ დაისაკუთრა სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია, ათობით ჰექტარი ტყე, რომელიც შემოღობა ეკლიანი მავთულით, რასაც მოსახლეობის სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა, თუმცა რეაგირება ნული. მან 4 სანატორიუმი ჩალის ფასად შეასყიდინა საკუთარი ცოლის ნათესავებს, რომლებმაც შემდეგ ზემოთ აღნიშნული ობიექტები გაყიდეს და სოლიდური მოგებაც მიიღეს. ანტონ მერაბიშვილის  გამგებლობის პერიოდში, გაურკვეველ და საეჭვო ვითარებაში დაიწვა რომანოვების სასახლე, სადაც  დედათა მონასტერი იყო და სასულიერო პირები ცხოვრობდნენ". 

 

ლაშა ამირეჯიბის თქმით, ანტონ მერაბიშვილისა და სამცხე-ჯავახეთში ვანო მერაბიშვილის გარემოცვის სხვა წევრების საქმიანობით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.

 

7-11-2012, 18:21
უკან დაბრუნება