ივერიონი / მთავარი პროკურატურა - ჩვენება №4

მთავარი პროკურატურა - ჩვენება №4

საქართველოს მთავარი პროკურატურა  თავდაცვის სამინისტროს იმ ყოფილ თანამშრომელთა ჩვენებებს აქვეყნებს, რომელთა საფუძველზეც დაკავებულნი არიან თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა.

 

 მოწმის პირადი მონაცემები ტექსტში მითითებული არ არის.

"ივერიონი" რიგით მეოთხე ჩვენების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

2007 წელს ჩავირიცხე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე. თავდაპირველად სამსახური დავიწყე  შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონში . 2010 წლიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე  ვმსახურობდი, ქ.თბილისში ვაშლიჯვრის დასახლებაში დისლოცირებულ  სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების რაზმში. სექტემბრის თვეში ჩაგვიტარდა ტესტირება, რის შემდეგაც  ჩემმა ასმეთაურმა ზ.კ-მ გვითხრა, რომ დათხოვილი ვიყავით სამხედრო სამსახურიდან, ხოლო ვისაც სურვილი გვექნებოდა სამხედრო სამსახურს გავაგრძელებდით ქვეით ბრიგადებში, რაზედაც  ჩვენ  უარი განვაცხადეთ და წავედით სახლში. 2 საათის შემდეგ დამირეკეს ვინ არ მახსოვს და დამიბარა თავდაცვის სამინისტროში. თავდაცის სამინისტროში შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეს შეგვხვდა გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კალანდაძე, მან თავისი შეხედულებით გაგვანაწილა ბრიგადებში რამოდენიმე ნაწილად. ბრიგადაში მისვლისას ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავას ვუთხარი, რომ ბრიგადაში სამსახური არ მსურდა და გავენთავისუფლებინე, რაზედაც უარი მივიღე.  შემდეგ  გაგვიშვეს  შვებულებაში.  2011 წლის 16 ოქტომბერს  ზურაბ შამათავას ბრძანებით, მიმავლინეს მე-4 ქვეითი ბრიგადის შტაბის G-3 - ის სამსახურში. 2011 წლის 25 ოქტომბერს, საღამოს დაახლოებით 18:00 საათზე მე ბრიგადიდან გამიშვეს ყოველდღიურ დათხოვნაში. იმავე დღის დაახლოებით 23:30 წუთზე, ჩემს მობილურ ტელეფონზე, რომლის ნომერი იყო 8...  დამირეკეს სამხედრო პოლიციიდან ჩემთვის უცნობმა პირებმა და მითხრეს, ვყოფილიყავი სახლში, მომაკითახვდნენ და წამიყვანდნენ სამხედრო პოლიციაში. თეთრი ფერის  ნივით მოვიდა სამხედრო პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებმაც  მიმიყვანეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.  მინისტრის მისაღების წინ დამხვდნენ ნ. ქ., დ. ხ. და გ. კ., ხოლო დ. დ. იჯდა იქვე გვერდით ოთახში. მინისტრის კაბინეტიდან გამოვიდა ზურა შამათავა, რომელმაც შემიყვანა თავდაცვის მინისტრის ბაჩანა ახალაის კაბინეტში. იქ იყვნენ - მინისტრი ბაჩანა ახალაია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კალანდაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა, და ი. ს და ჩემი თანამოსამსახურე ზემოთ ნახსენები შ. ბ. კაბინეტში ასევე იყვნენ ჩემთვის უცნობი პირებიც. მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ მითხრა რომ ჩვენ თითქოს მთვრალებს უნდა მოგვეწყო ბუნტი მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. მე მისი ნათქვამი ვიუარე. ამის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ მომასმენინა კომპიუტერიდან გინების ხმა. მე მას უთხარი, რომ არაფერ შუაში არ ვიყავი. ბაჩანა ახალაიამ მითხრა, რომ მომიყვანდა პიროვნებას, რომელიც პირზე დამადგებოდა. ამის შემდეგ,  იქვე მდგომმა შ. -მ. ბაჩო ახალაიას შეკითხვაზე უპასუხა, რომ მგონი ესეც იქ იყოვო. ამის შემდეგ ჩემთან მოვიდა გიორგი კალანდაძე და  დამიწყო ცემა სახის და თავის არეში ხელით, შემდეგ  კაბინეტიდან გამომიყვანა  გორგაძემ, ჩემომიყვანა  ე.წ. ,,პლაცზე,, და კატეგორიულად მომთხოვა მეღიარებინა ის რასაც მეუბნებოდა ბაჩანა ახალაია, თან მირტყავდა ტანის არეში. ამ დროს მაიძულებდა მერბინა ,,პლაცის ირგვლივ, რამოდენიმე წრის დარტყმის შემდეგ, მაჩერებდა და ისევ მცემდა, დამაგდებდა დაბლა და მირტყავდა ფეხს ტანზე. ასე აგრძელებდა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამსვა თავის მანქანაში და ჩამომიყვანა მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც დაგვხვდა შავი ფერის მიკრო ავტობუსი, მე გადამსვა აღნიშნულ მიკრო ავტუბუსში, რომლის საჭესთან იჯდა ბაჩანა ახალაია, გვერდზე ეჯდა გიორგი კალანდაძე, იქ სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ მე მათ არ ვიცნობ, ჩვენ წამოვედით მე-4 ქვეით ბრიგადაში. შევედით ყოფილ სასადილოში, იქ დაგვხვდა სამეთაურო რგოლი, თუ ვინ იყვნენ არ მახსოვს, მახსოვს მხოლოდ ვ. ჯ-ვა, ამ ხალხის გარდა იქვე იყვნენ შ. ბ., დ. ხ., ნ. ე, და  გ. კ., მათგან გამორჩევით ცალკე იდგა შ. ბ. მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, ჩვენი ანუ ჩემი, შ.  ბ.,  ს. დ.,  ხ., ნ.ქ,  გ. კ-ს  მისამართით თქვა, რომ ჩვენ ვიყავით უსინდისო ადამიანები, ვაპირებდით დალევას, ბუნტის მოწყობას და დაგვიწყო გინება. ბაჩო ახალაიამ იქვე მდგომ შ. ბ-ს ყველას დასანახად თავში ჩაარტყა რაღაც წვრილი საგანი. ამის შემდეგ იგი წავიდა. ჩვენ გამოგვიყვანეს გარეთ, მე რამოდენიმეჯერ სახეში ხელი გამარტყა ზურაბ შამათავამ. ასევე დავინახე, რომ შ. ბ-ს ხელი და ფეხი რამოდენიმეჯერ გაარტყა გ-მ, ხოლო ნ. ქ-ს კი ზურა შამათავამ. ამის შემდეგ მე, ბ.,  ხ.,  ქ.,  და კ. სამხედრო პოლიციის ავტომანქანით წაგვიყვანეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, იქ მეორე სართულზე ჩვენ ცალკ-ცალკე შევდიოდით ერთ-ერთ კაბინეტში. როდესაც შევედი, კაბინეტში დამხვდა ჩემთვის უცნობი ორი პიროვნება, დაახლოებით 35 წლამდე საშუალო აღნაგობის, მათი ვინაობა არ ვიცი. მათგან ერთმა-ერთმა მითხრა, რომ თუ არ დავწერდი ბუნტის შესახებ პროვოკაციას მოგიწყობ და შენ და შენი ოჯახის წევრებს ჩაგიდებთ წამალს და დაგიჭერთო. ამის შემდეგ,  მესამე სართულზე ერთ-ერთ ოთახში სამხედრო პოლიციელმა გვარად მ-მ, ფურცელზე დამაწერინა განმარტება რომ ვაპირებდით დალევას და ბუნტის მოწყობას, ასევე დამაწერინა პატაკი რომლის მიხედვითაც მე ვითხოვდი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას, რომელიც დაიტოვა თვითონ. ასევე მითხრა რომ ჩემი თვითოეული გადაადგილება უნდა შემეთანხმებინა მასთან. ამის შემდეგ ოთახში მაძახებინეს გაუმარჯოს მეოთხე ქვეით ბრიგადასო. სამხედრო პოლიციაში მე დამტოვეს 26 ოქტომბრის საღამომდე, ხოლო შემდეგ წავედი სახლში. მეორე დღეს ვინაიდან ვიყავი დამცირებული და სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ კრედიტს ვეღარ დავფარავდი ვცადე თავის მოკვლა, კერძოდ ავედი ელექტრო გადამცემი ხაზის ბოძზე და მაღალ ძაბვას შევახე მავთული. ამის შედეგად მოვხვდი საავადმყოფოში, დამწვრობის ცენტრში, სადაც გამიკეთეს ოპერაცია, გადამინერგეს ხორცი მკერდის მარჯვენა მხარეს და მარჯვენა ხელის თითებზე. აქვე ავღნიშნავ, რომ თვითმკვლელობის მცდელობამდე,  ჩემს ტელეფონში ჩავწერე მესიჯი, რომელშიც მივუთითე ჩემი თვითმკვლელობის მიზეზები. ეს ტელეფონი დღეისათვის აქვს ბიძაჩემს ა. გ-. იგი არის ღვთისმსახური .

 

7-11-2012, 18:50
უკან დაბრუნება