ივერიონი / აღადგენს თუ არა პუტინი რუსეთის იმპერიას?!

აღადგენს თუ არა პუტინი რუსეთის იმპერიას?!

რიჩარდ ლანი, "კატონის ინსტიტუტის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (აშშ)
(შემოკლებით)
"ვლადიმერ პუტინის ნამდვილი მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენაა, რომელიც 1721-1917 წლებში არსებობდა. იგი ცდილობს და რამდენადაც გამოუვა, იმდენად გააკეთებს.
ალბათ, ვლადიმერ პუტინმა უკვე იცის, რომ ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი ბარაკ ობამასავით გაუბედავი და ინერტული არ იქნება, ამიტომ ჩქარობს. მან ისიც იცის, რომ ნავთობისა და გაზის ფასი კიდევ უფრო დაიწევს და რუსეთს ფინანსური რეზერვების დახარჯვა მოუწევს. დღეს რუსეთის ეკონომიკა ტიპიური სანედლეულო სახელმწიფოს ეკონომიკას წარმოადგენს: მისი ექსპორტის 68% ნავთობ-გაზითაა წარმოდგენილი და, შესაბამისად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 50%-ზე მეტი სწორედ ნედლეულის გაყიდვით მიღებული ფულით ივსება.
რუსებს, როგორც ცნობილია, ბევრი ფირმები და ასევე ბევრი ევროპელი პოლიტიკოსები ჰყავთ მოსყიდული. ევროკავშირში უამრავი ლობისტური ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც ფულს რუსეთისაგან იღებენ. მოსკოვი ამ მიზნებისათვის წელიწადში რამდენიმე ასეულ მილიონს დოლარს ხარჯავს, დეზინფორმაციას ავრცელებს, ეწევა სასურველი პოლიტიკოსებისა და კომპანიების მოსყიდვას. კრემლს ამგვარი მოქმედებით სურს ნავთობ-გაზის ექსპორტისაგან მიღებული მილიარდები გადაარჩინოს.
თუ უახლოეს ხანში ვლადიმერ პუტინი პირდაპირი თუ ირიბი გზებით უკრაინის დაჩოქებას ვერ მოახერხებს და მისგან ვასალურ სახელმწიფოს ვერ შექმნის, როგორიც გერმანელთა ოკუპაციის დროს ვიშის რეჟიმი იყო საფრანგეთში, ამ შემთხვევაში მოსკოვი სხვა მიმართულებით სწრაფად იმოქმედებს და თავის ხელისუფლებას ჯერ ბელორუსზე და მოლდოვაზე გაავრცელებს, შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანზე, კასპიის ზღვის გაზისა და ნავთობსაბადოების გასაკონტროლებლად. ამით რუსეთი მოხერხებულ პოზიციას შეიქმნის ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეჭრისათვის, რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის საბაბით.
რუსეთს შედარებით სუსტი არმია ჰყავს, მაგრამ აქვს ძალიან ბევრი ბირთვული იარაღი. ვლადიმერ პუტინმა და მისმა მოსყიდულმა აგენტებმა დასავლეთი რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ რუსეთის პრეზიდენტის გრანდიოზულ გეგმებში არ ჩარეულიყვნენ, თორემ ბირთვულ მტვრად გადააქცევდნენ. ასე რომ, ამერიკამ, რუსეთის დაწყნარებისა და დამშვიდების ნაცვლად, უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდოს და ლენდ-ლიზის პირობებით უნდა დაეხმაროს (ეს შესაძლებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, დაგვიანებულია). ამერიკამ რაც შეიძლება მეტი ნავთობი და გაზი უნდა გაიტანოს მსოფლიო ბაზარზე ფასების შესამცირებლად, რომ რუსეთმა ენერგორესურსებიდან ნაკლები შემოსავალი მიიღოს... და ბოლოს, შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიყენოს მთელი თავისი ფინანსური და სავაჭრო შესაძლებლობები, რათა ხელი შეუშალოს რუსული პროდუქციით გლობალურ ვაჭრობას... აი, ასეთი უნდა იყოს ის არაძალისმიერი მეთოდები, რომლითაც [მსოფლიო] თავიდან აიცილებს რუსულ ექსპანსიონიზმს.

  "ვაშინგტონ თაიმსი" (აშშ), 12 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.washingtontimes.com/news/2014/nov/10/rahn-possibilities-and-predicaments-for-putin/

14-11-2014, 12:14
უკან დაბრუნება