საქართველოს მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს იმ ყოფილ თანამშრომელთა ჩვენებებს აქვეყნებს, რომელთა საფუძველზეც დაკავებულნი არიან თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა.
მოწმის პირადი მონაცემები ტექსტში მითითებული არ არის.
"ივერიონი" რიგით მეხუთე ჩვენების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
საქმის ირგვლივ მოგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩავირიცხე 2005 წელს... 2010 წელს გადამიყვანეს ვაშლიჯვრის სპეცდანიშნულების ბატალიონში... 2011 წლის ოქტომბრის თვეში ვაშლიჯვრის სპეცდანიშნულების ბატალიონში პირად შემადგენლობას ჩაგვიტარდა ტესტირება, როგორც თეორიულ ცოდნაში, ასევე ფიზიკური მომზადების კუთხით. ტესტირებებს შორის შუალედში ასეულებად მიგვიყვანეს სამინისტროში და გვქონდა უშუალოდ მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან გასაუბრება. გასაუბრებაზე მე მკითხეს თუ როდიდან ვიყავი ჯარში, ვისი რეკომენდაციით ვიყავი და სად ვიყავი ომის დროს. ჩვენი ტესტირება გაგრძელდა რამდენიმე დღე, რომლის დასრულების შემდგომ ჩვენს ბაზაზე ამოვიდა მინისტრი ბაჩო ახალაია და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიგი კალანდაძე. მინისტრმა მოწყობაზე გამოგვიცხადა, რომ ვინც ჩააბარა ტესტირება წარმატებით ისინი ხართ სპეცდანიშნულებაში დარჩენის ღირსი, ხოლო ვინც ვერ ჩააბარა იმათ ბრიგადებში გადაგანაწილებთო. ამის შემდეგ ამოიკითხეს სია, ვინც ვერ ჩააბარა ტესტირება, რომელთა შორის მეც ვიყავი. დაახლოებით 60 კაცზე მეტს ვერ გაგვევლო ტესტირება. ამ ჯარისკაცებიდან დაახლოებით ათმა კაცმა გამოვთქვით სურვილი გაგვეგრძელებინა სამსახური შეიარაღებული ძალების რიგებში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მეორე დღეს ეს ათი კაცი წამოგვიყვანეს სამინისტროში, სადაც დაგვხვდა დანარჩენი თანამშრომლები, რომელთაც უარი განაცხადეს სამსახურის შემდგომ გაგრძელებაზე. მათ გვითხრეს ჩვენც დაგვიბარესო, ყველანი ერთად ვიმყოფებოდით სამინისტროს ტერიტორიაზე არსებულ კლუბში, რა დროსაც მოვიდა გიგი კალანდაძე, რომელმაც განგვიცხადა თქვენ ვერსად ვერ წახვალთ თქვენი ნებით და ყველანი ჯარში უნდა წახვიდეთო. ჩემმა ერთმა თანამშრომელმა გ. გ-მ გ. კალანდაძეს უთხრა - მე 40 წელს ვარ გადაცილებული ჯარში ვერ ვიმუშავებო, რაზეც გ. კალანდაძემ ყვირილით და შეურაცხმყოფელი მიმართვებით გვითხრა თქვენ ხომ არ აკაჩავებთ, სადაც გიბრძანებთ იქ წახვალთ და იქ იმსახურებთო. ამის შემდეგ დარბაზში შემოვიდნენ დ. მ., ზ. გ. და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა, რომელთაც გ.კალანდაძემ უთხრა ამ ხალხს თქვენ წაიყვანთ და ჩარიცხავთ თქვენს ბრიგადებშიო. 14 კაცი მოვხვდით მეოთხე ქვეით ბრიგადაში. მე დამნიშნეს მეოთხე ქვეითი ბრიგადის ...-ად. ჩვენ დაგვევალა პირადი შემადგენლობისთვის თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება სხვადასხვა მიმართულებით... თოთხმეტივე ჯარისკაცს გამოგვიყვეს ერთი საძინებელი ოთახი ყაზარმაში და ერთი სამუშაო ოთახი ბრიგადის შტაბში. ჩვენ ვიმყოფებოდით ვ. ჯ.-ს უშუალო დაქვემდებარებაში. 2011 წლის 24 ოქტომბერს მე და ნ. ქ. ვიყავით მორიგეები და დავრჩით ბრიგადაში, ასვე დარჩა შ. ბ., ხოლო დანარჩენები წასულები იყვნენ დათხოვნაში. მეორე დღის, კერძოდ 25 ოქტომბერს სამეცადინო მასალის მომზადების შემდეგ ჩვენ წავედით ყაზარმაში დასაძინებლად. სამივე ვიმყოფებოდით ყაზარმაში და ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე, მაგრამ საუბრის შინაარსი არ მახსოვს. საუბრის შემდეგ დავიძინეთ, იქნებოდა დაახლოებით 12:00 საათი, ყაზარმაში შემოვიდა ...-ის უფროსი, რომლის გვარიც არ მახსოვს, გაგვაღვიძა და გვითხრა დროზე ჩაიცვით მინისტრთან მივდივართ გვიბარებსო. მე, ქ. და ბ. წაგვიყვანეს ბრიგადიდან. სამინისტროში მისულს იქ დაგვხვდა დათხოვნაში მყოფი ბ. გ, დ. კ. და დ. დ. სამინისტროში ასევე დაგვხვდა ზურაბ შამათავა და სერჟანტი გ. მინისტრთან პირველი შეიყვანეს დ. დ., ხოლო დაახლოებით 5–10 წუთში დ. გამოვიდა კაბინეტიდან შემდეგ შეიყვანეს შ. ბ., ეს უკანასკნელი კვლავ კაბინეტში იმყოფებოდა როდესაც შემიყვანეს თავად. ოთახში შესვლისას იქ დაგხვდა მინისტრი, ი. ს., მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა, გიგი კალანდაძე და კიდევ რამდენიმე ჩემთვის უცნობი პიროვნება. მინისტრი ბაჩო ახალაია იჯდა მაგიდასთან, მის წინ იდგა სავარძელი სადაც მიმითითეს, რომ დავმჯდარიყავი, როდესაც დავჯექი უშუალოდ მინისტრმა დამიწყო უხეში ტონით გამოკითხვა – "აბა რა გინდოდა ბიჭო, რა უნდა დაგელია და რა უნდა გაგეჯაზებინაო". მე ვერ გავიგე რას მეკითხებოდა და ვკითხე ბატონო მინისტრო არ მესმის რაზე მესაუბრებით, 7 წელია ჯარში ვარ და ვიცი სად დავლიო და სად რა უნდა ვილაპარაკოთქო. აღნიშნულზე ბ. ახალაიამ მიმართა იქ მყოფებს, ესეც იმნაირი თესლია და დროზე დაიჭირეთო. ამის თქმისთანავე მოვიდა გიგი კალანდაძე, ხელზე დამადო ბორკილები და გარეთ გამომიყვანა. გამოსვლამდე მინისტრმა მიმართა შ. ბ.-ს და უთხრა ესეც შენთან ერთად იყოო? ბ.-მ თანხმობის ნიშნად თავი დაუხარა, უთხრა მგონი ესეც იქ იყოო. ამის შემდეგ ჩვენ წამოგვიყვანეს მეოთხე ბრიგადაში და შეგვიყვანეს დარბაზში. დარბაზში მწკრივში ვიდექით მე, ბ. გ., დ. კ., ნ. ქ. და შ. ბ. დარბაზში შემოიყვანეს მეოთხე ბრიგადის ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობა. ვისაც მე ვცნობდი მათ შორის იყვნენ ვ. ჯ., გ., ბ., ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა და სხვები. რომელთა სახელები არ ვიცი, ვინაიდან მე მათ არ ვიცნობდი. ამის შემდეგ დარბაზში შემოვიდნენ მინისტრი ბაჩო ახალაია და გიგი კალანდაძე. ბაჩო ახალაია მივიდა ბ.-სთან დადგა მასთან და მიმართა იქ შეკრებილ ოფიცრებს, გახედეთ ეს რას გავს, მე ამისიო და შეაგინა ბ.-ს დედის მისამართით, შემდგომ ყველას დასანახად სახეში ჩაარტყა რაღაც წვრილი საგანი, რომელიც ხელში ეჭირა, ამის შემდეგ ჩვენთან მოვიდა მინისტრი და ფორმის ტანსაცმლიდან აგვახია წოდების და ბრიგადის აღმნიშვნელი სამხრეები, თქვენ ამის ღირსი არა ხართო. შემდგომ გიგი კალანდაძეს უთხრა ესენი რიგითებამდე დააქვეითეთ და იპახაონ ბრიგადაშიო. მერე ჩვენ გვითხრა ერთი თვის მანძილზე შეგვესრულებინა სხვადასხვა შავი სამუშაო, თუ არადა ციხეში ამოგალპობთო. აღნიშნულზე დ. კ.-მ უთხრა მინისტრს, მე ამას არ გავაკეთებ და მირჩევნია ციხეში წავიდეო. შემდგომ ჩვენ ვინც ვიმყოფებოდით დარბაზში, კერძოდ მე, ბ. გ., ნ. ქ., შ. ბ. და გ. კ. გამოგვიყვანეს ერთად გარეთ და მიგვიყვანეს იქვე მდებარე ავტომანქანებთან, მე ჩამსვეს ავტომობილში, თუმცაღა 3–4 წუთის შემდგომ, ისე რომ მანქანა არ დაძრულა კვლავ გადმომიყვანეს უკან, რა დროსაც ჩემთან მოვიდა ზურაბ შამათავა შემაგინა დედის მისამართით და მცემა, კონკრეტულად, რომ მოგახსენოთ რამოდენიმეჯერ მუშტი გამეტებით დამარტყა სახის არეში, აქვე მოგახსენებთ, რომ ჩემს მსგავსად ავტომობილებში ჩასვეს შ. ბ., რომლის ავტომობილიც დაიძრა და სადღაც წაიყვანეს, თუმცაღა მალევე მოტრიალდნენ და მოვიდნენ უკან, ისევე როგორც მე, შ.-მ და გ.-მ ანალოგიურად აგინეს და ცემეს დანარჩენებიც, რასაც ვხედავდი პირადად, ამ დროისათვის სად იმყოფებოდა ბაჩო ახალაია ჩემთვის უცნობია, ამის შემდეგ ჩვენ ჩაგვსვეს მანქანებში ცალცალკე და წაგვიყვანეს სამხედრო პოლიციის შენობაში. იქაც დაგვსვეს ცალ-ცალკე ოთახებში. ოთახში შემოვიდა პოლიციის თანამშრომელი, მისი ვინაობაც მე არ მახსოვს და მითხრა, აბა აღიარე და დაწერე დროზე, რომ აპირებდით დალევას, როგორ უნდა გეცემათ მეთაურები და გამოგეცხადებიდანთ დაუმორჩილებლობაო. მე ვუთხარი, რომ აღნიშნულის გაკეთებას მე არ ვაპირებდი და ამას ვერ დავწერთქო. ამის შემდგომ შემოვიდა მათი უფროსი გვარად გ. მან ჩემზე განხორციელა მუქარა და ზეწოლა, მითხრა თუ ამას არ დაწერ წამალს და იარაღს ჩაგიდებ და სამუდამოდ ციხეში გაგიშვებო. მე იძულების შედეგად დავთანხმდი და დავწერე ყველაფერი ის რაც მათ სურდათ. დავწერე, რომ თითქოს მე ვიყავი ამ საქმის მოთავე და იქ მყოფი ბიჭები ვაპირებდით დალევას, მეთაურების ცემას და დაუმორჩილებლობას. აქვე გაგიმარტავთ, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი და მე ის დავწერე გ.-ს მიერ ჩემზე განხორციელებული მუქარის და ზეწოლის შედეგად. მე დავწერე ყველაფერი ის, რასაც მაბრალებდნენ და რასაც მკარნახობდნენ. ამ ყველაფრის დაწერის შემდეგ ჩვენ იქ მყოფები დაგვაყენეს პოლიციის შენობის მესამე სართულზე და გ.-ს დავალებით მთელი ღამის განმავლობაში გვაყვირეს გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას. როდესაც ვჩერდებოდით მოდიოდა გ. და მიყვიროდა, ნუ ჩერდები იყვირეო. ესე ვყვიროდით მეორე დღის, კერძოდ 26 ოქტომბრის საღამომდე, რის შემდეგაც გ.-მ გვითხრა, ეხლა დაწერეთ პატაკი, რომ პრეტენზიები არა გაქვთ არავის მიმართ და ნებაყოფლობით მიდიხართ სამსახურიდანო. გ.-მ ასევე გაგვაფრთხილა, ოპოზიციაში არ გადახვიდეთ თორემ უარესი პრობლემები შეგექმნებათო. ჩვენ მისი მოთხოვნის შესაბამისად დავწერეთ პატაკი და წამოვედით სახლში. ამის შემდეგ ორი თვის განმავლობაში, როდესაც გავდიოდით სახლიდან ვურეკავდით ტელეფონზე სამხედრო პოლიციის წარმომადგენელს და ვაყენებდით საქმის კურსში, ჩემი გადაადგილების თაობაზე. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მეოთხე ბრიგადაში ყოფნისას შევიტყვე, რომ სერჟანტ გ.-ს თავდაცვის სამინისტროს ეზოში სასტიკად უცემია ბ. გ. და მიუყენებია მისთვის ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა.