ივერიონი / სანდრო ბრეგაძე: მეუბნებიან, რომ არ მაპატიებენ ბრძოლას ჩემი და თქვენი რწმენის დასაცავად!

სანდრო ბრეგაძე: მეუბნებიან, რომ არ მაპატიებენ ბრძოლას ჩემი და თქვენი რწმენის დასაცავად!

"მივმართავ ყველა ჩემს მეგობარს, პატრიოტს და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანს. რასაც ახლა ვიტყვი, ამ სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ ღვთისა და ქვეყნის წინაშე. ", - აღნიშნულ განცხადებას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სანდრო ბრეგაძემ  facebook-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა:

"ჩემს ფოსტაში და ტელეფონში მთელი ამდენი ხნის განმავლობაში მომდის უამრავი შეტყობინება (სულ მალე მათ გამოვაქვეყნებ) თითქმის ერთი შინაარსით, რომ არ მაპატიებენ ბრძოლას ჩემი და თქვენი რწმენის დასაცავად, იმუქრებიან, რომ გამიკეთებენ მაქსიმალურ დისკრედიტაციას, დამაბრალებენ, რაც არ მითქვამს თუ გამიკეთებია და მაიძულებენ, წავიდე თანამდებობიდან (ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ვუკავშირდები დეზინფორმაციის გამავრცელებელ ჟურნალისტებს, საბუთებით ვუმტკიცებ, რომ რაღაც არ მითქვამს და ისინი ჯიუტად მაინც თავისას იმეორებენ, პირად საუბარში კი მეთანხმებიან).
ეს მანქურთები იმასაც ვერ ხვდებიან, რომ თანამდებობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს და მხოლოდ იმის გამო ვრჩები პოსტზე, რომ მათ არ შევუქმნა გამარჯვებულის იმიჯი. სიმართლე გითხრათ, მხარდაჭერას ვერ ვგრძნობ ვერც შიგნიდან და ვერც გარედან, ერთადერთი, ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის მხარდაჭერას. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრა უწმინდესთან, სადაც მან მამაშვილური სიყვარულით მადლობა მითხრა ჩემი საქმიანობის გამო და ვერც კი წამოიდგენს ვინმე, რომ ეს სიტყვები ჩემთვის ყველა თანამდებობაზე, რეგალიაზე და პოლიტიკურ წინსვლაზე ათიათასჯერ ძვირფასია.
ამ შეხვედრამ და უწმინდესის სიტყვებმა გამიასმაგა ძალა, რათა ვიბრძოლო ჩვენი რწმენის და ეკლესიის მტრების წინააღმდეგ. კარგად ვხედავ, რომ დაიქირავეს ჟურნალისტები იმისათვის, რომ დამაბრალობ ათასი სისულელე, კარგად ვხედავ, რომ მიდის პოლიტიკოსთა გადაბირება, კარგად ვხედავ, რომ სურთ ჩემი მარტო დატოვება ამ ურწმუნო-ბოლშევიკების პირისპირ, მაგრამ ეს უფრო მაძლიერებს და ძალას მმატებს.
ჩვენ უამრავი ვართ, ისინი - ერთეულები, მაგრამ ისინი ორგანიზებულობით, ფინანსებით და შეკრულობით გვჯობიან. ვერაფერს პოულობენ, მაგრამ ხან დისკრიმინაციას, ხან მუქარას, ხან ათას სხვა უკეთურობას მაბრალებენ, თითოეულ ჩემს სიტყვას,მძიმეს, წერტილს თუ აბზაცს შიფრავენ. სხდებიან, აანალიზებენ და პასკვილებს უკვეთავენ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდით.
ვის არ აგზავნიან - დაწყებული ყოფილი სამხედროებით, დამთავრებული ვიღაც ვითომ ემიგრანტებით, მაგრამ ვერ გაიმარჯვებენ. ჩემი ვითომ დამარცხებით მათ სურთ, ყველას აჩვენონ მაგალითი, რომ თუკი ოდესმე ვინმე გაბედავს მათზე შეწინააღმდეგებას, მასაც იგივე ბედი მოელის, ამით კი თავიანთი უძლეველობის მითის საბოლოო დამკვიდრებას ცდილობენ. ნაცები და მათგან კონტროლირებადი ე.წ. არასამთავრობოები - აი, ვინ დგას ყველაფერ ამის უკან.
გუშინწინ პატრიარქი მოიხსენიეს მოღალატედ, გუშინ ეკლესია გამოაცხადეს მტრად, დღეს ბიბლიას დასცინის ვიღაც ურჯულო და ჩვენ აქ სოციალურ ქსელში ვიქარვებთ დარდებს, ხომ ყველა ვგრძნობთ, რომ ხვალ წინ უარესი გველის??? იმდენად გათავხედდნენ, რომ ჩვენი რწმენის დაცვის საშუალებას გვისპობენ, გვიკრძალავენ შეპასუხებას და თუ ვინმემ ეს მაინც გაბედა, მაშინ მის სამაგალითოდ დასჯას ცდილობენ.
მდგომარეობა რთულია და ამ ბრძოლაში გამარჯვებას თითოეული ჩვენგანის თავგანწირვა ესაჭიროება და ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიცი, უმეტესობა თქვენგანი მზადაა ამ თავგანწირვისთვის. თავგანწირვისთვის რწმენისა და სიწმინდეების გადასარჩენად.
პატრიარქი ცოტათი გულდაწყვეტილი მეჩვენა, გულდაწყვეტილი იმ უმსგავსობების, შეურაცხყოფების გამო, რაც ნიაღვარივით წამოვიდა უკეთური ხალხის მიერ, მაგრამ უმნიშვნელოვანესი იყო მისი სიტყვები, რომ მე ვყოფილიყავი იქ, სადაც ვარ და ბრძოლა გამეგრძელებია.განსაკუთრებით ამ სიტყვების შემდეგ ვერც ხვდებიან და მიხვდებიან სერგო ორჯონიკიძის სულიერი შვილები, რომ თანამდებობა არაფერს, სრულიად არაფერს წამოადგენს და მთავარი რწმენაა, რწმენა ღმერთის და ქვეყნის, რომელსაც ვერავინ მოერევა.
ამიტომ უკან დახევა ვერ იქნება, მე თქვენი იმედი მაქვს, ქართველებო, იმედი, რომ არავის დაანებებთ მამულის, ენის და სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ წმინდა საქმეში!!!" - წერს სანდრო ბრეგაძე.

14-11-2014, 20:01
უკან დაბრუნება