მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად თბილისში ბაგრატიონ-ბაგრატიონის სასახლე უნდა აშენდეს – "საქართველოს სამეფო სახლის" ფესიბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო სახელწოდებით "მისი სამეფო უმაღლესობა ბატონიშვილი ანა და დედაქალაქის მერი ბატონი დავით ნარმანია შეხვედრის დროს". როგორც ცნობილი ხდება დედაქალაქის მერი დავით ნარმანია საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელს ანა ბაგრატიონ-გრიზინსკის შეხვდა. ამასთანავე სოციალურ ქსელიდან ცნობილი ხდება, რომ შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია "დედათა კომიტეტის" და "სამეფო ოჯახის" ინიციატვით შედგა, სადაც გადაწყდა, რომ მერიის მერ გამოყოფილი 2 ჰექტარ მიწაზე "აფხაზური ოდა" უნდა აშენდეს. ამასთანავე ქართულ მედიაში ვრცელდება დაუზუსტევბელი ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე პატრიარქის ინიციატივა განიხილეს, რომლის მიხედვითაც თბილისის მერია "სამეფო ოჯახს" მიწის ნაკვეთს გამოუყოფს, სადაც ბაგრატიონ-ბაგრატიონის სასახლე უნდა აშენდეს.
მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას "დედათა კომიტეტის" თავმჯდომარე ქეთევან ადამია გამოეხმაურა და კომიტეტის სახელით სპეციალური განცხადება გააკეთა:
არასამთავრობო ორგანიზაციის "დედათა კომიტეტი" განცხადება!
-"ამ წუთებში ჩემთვის ცნობილი გახდა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოქვეყნებული სტატიის შესახებ, რომელიც ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოსდა ვგეგმავთ უფლისწული გიორგი ბაგრატიონისათვის სასახლის მშენებლობას!!!
ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს განახორციელოს პროექტი "აფხაზური ოდა", საქართველოს საპატრიარქოსთან და საქართველოს სამეფო ოჯახთან ერთად.
"აფხაზური ოდა"-ში საქართველოს სამეფო სახლი, საპატრიარქო, არასამთავრობო ორგანიზაცია "დედათა კომიტეტი", აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები, მეცნიერები, ისტორიკოსები იდეალურ, თბილ გარემოს შეუქმნიან ოკუპირებული აფხაზეთიდან სტუმრად ჩამოსულ აფხაზებსა და ქართველებს. ამისათვის, "აფხაზური ოდა"-ში მოეწყობა ორი დარბაზი, ერთი დაეთმობა საქართველოს საპატრიარქოს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია და მეორე, სადაც აფხაზ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა უკეთ გაეცნონ საქართველოს სამეფო სახლის ისტორიას, ჩვენი სახელოვანი მეფე-დედოფლების ბიოგრაფიებსა და მოღვაწეობას. ამისათვის სტუმართათვის ხელმისაწვდომი იქნება იქვე შენობაში განთავსებული ბიბლიოთეკა, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება აფხაზურ ენაზე გამოცემული ლიტერატურის მრავალფეროვნება. დაინტერესებულ პირებს, ექნებათ შესაძლებლობა ეზიარონ აფხაზური ფოლკლორის ნიმუშებს, ხალხურ ცეკვებსა და სიმღერებს. "აფხაზური ოდა"-ს ეზოში მოეწყობა ნამდვილი აფხაზურ-ქართული გარემო, დაიდგმება აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობის ამსახველი მემორიალი.
ასევე მნიშვნელოვანი იქნება "აფხაზური ოდა"-ს ტერიტორიაზე ეკლესიის აშენება ცხუმ-აფხაზეთის სამიტროპოლიტოს ეგიდით, რომელშიც ქართველი და აფხაზი და-ძმები ერთად ილოცებენ. სრულიად საქართველოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II კურთხევით ამ ტაძარს სიმონ კანანელის სახელზე ავაგებთ. აქვე აშენდება დედათა მონასტერი. მთლიანად კომპლექსი იქნება მასშტაბური, სადაც ყველაფერი მოეწყობა აფხაზური და ქართული ტრადიციების გათვალისწინებით.
აფხაზეთიდან ჩამოსულთ ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ და უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე გამართულ შეხვედრებში, რომელსაც ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები წარმართავენ.
აქედან გამომდინარე, პროექტი არ ითვალისწინებს უფლისწული გიორგი ბაგრატიონისათვის სასახლის მშენებლობას!!!(სტილი დაცულია)
პატივისცემით,
ა/ო "დედათა კომიტეტის" თავმჯდომარე
ქეთევან ადამია