ივერიონი / 30 ათასიანი მიტინგი თბილისში მთავრობის წინააღმდეგ

30 ათასიანი მიტინგი თბილისში მთავრობის წინააღმდეგ

საქართველოს დედაქალაქ თბილისის ქუჩებში 30 ათასზე მეტი ოპოზიციონერი გამოვიდა, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებისადმი რუსეთის მთავრობისა და კრემლის მხარდაჭერა გაეპროტესტებინა. დემონტრანტებს მოჰქონდათ საქართველოსა და უკრაინის დროშები და ლოზუნგები წარწერით „სდექ, პუტინ!“
პროტესტის მონაწილეები შაბათს თბილისის მთავარ ქუჩაში შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებით, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. შეკრებილები მის სახელს ხშირად გაიძახოდნენ. თვითონ ექს-პრეზიდენტმა მომიტინგეებს კიევიდან პირდაპირი ტელევიდეოჩართვით მიმართა: „ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მთავრობას, თუ როგორაა მთელი ქვეყანა გაერთიანებული, როცა ჩვენ დამოუკიდებლობასა და მომავალ სერიოზული საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა მან.


მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს კოალიციური ხელისუფლება „ქართული ოცნება“ რუსეთის წინააღმდეგ უმოქმედობაში დაადანაშაულა, როცა მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ მცოცავ ანექსიას ახორციელებს.


რუსეთის მხარდაჭერით ეს ორი სეპარატისტული რეგიონი საქართველოს 1990-იანი წლების დასაწყისში გამოეყო, სამოქალაქო ომის შედეგად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 2008 წლის აგვისტოში კი, ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ორი რეგიონის ტერიტორიაზე ათასობით სამხედრო მოსამსახურე (სამხედრო ბაზები) განალაგა. კრემლის მოქმედება თბილისმა და საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო და უკანონო ოკუპაციად მიიჩნია. მოგვიანებით რუსეთმა პრაქტიკულად იგივე გაიმეორა უკრაინის მიმართ, როცა ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედ სეპარატიტებს მხარი დაუჭირა და ყირიმის ანექსია მოახდინა.


„ქართული ოცნება“, რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, საქართველოს ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად მოვიდა და ამით ბოლო მოუღო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის „ერთიანი ნაცმოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობას. ახალმა მთავრობამ ათობით ყოფილი თანამდებობის პირი დააკავა სხვადასხვა ბრალდებებით, რაც დასავლეთის გართხილების საბაბი გახდა - „ქართული ოცნება“ შერჩევით სამართალს ახორციელებს და ოპონენტების პოლიტიკური დევნით არის დაკავებულიო. თვით მიხეილ სააკაშვილი კი, რომელიც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადაჭარბებაშია დადანაშაულებული, დღეს „ნებაყოფლობით გადასახლებაშია“ - აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობს. მან უარი განაცხადა თბილისში, პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადებულიყო და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგაღძრული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და რომ იგი არ ენდობა ახალ ხელისუფლებას.


„ფრანს-პრესი“ (საფრანგეთი), 16 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.afp.com/en/news/over-30000-rally-tbilisi-against-government

17-11-2014, 10:52
უკან დაბრუნება