ივერიონი / პროტესტი რუსთაველზე

პროტესტი რუსთაველზე

მარგარიტა ანთიძე
(შემოკლებით)
ათასობით ქართველი მონაწილეობდა შაბათს საქართველოში გამართულ საპროტესტო მიტინგში, რომელზეც რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიაში დაადანაშაულეს და დაგმეს საკუთარი ხელისუფლების უმოქმედობაც, რომელმაც, მომიტინგეების განცხადებით, უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.


მთავრობის ოპონენტების თქმით, ხელისუფლება ძალიან ერიდება რუსეთის - გავლენიანი მეზობლის კრიტიკას, განასაკუთრებით უკრაინი კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც ქართველებისთვის არასასიამოვნო მოგონებებთანაა დაკავშირებული - რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში მომხდარ კატასტროფულ ომთან. ამ სამხედრო კონფლიქტის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად აღიარა.


მოსკოვმა, ეწინააღმდეგება რა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას გაერთიანდეს ნატოს ტრანსატლანტიკურ სამხედრო ბლოკში, აფხაზეთს ახალი ხელშეკრულების დადება შესთავაზა, რომელსაც თბილისი რუსეთის მიერ აფხაზეთის სრულ ანექსიად განიხილავს.


მიტინგის მონაწილეებმა, რომლებიც ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობის“ მოწოდებით შეიკრიბნენ, თბილისის მთავარ ქუჩაზე ჩაიარეს ეროვნული დროშებით და პლაკატებით წარწერით „არა - ანექსიას“, ისმოდა შეძახილები „საქართველოს გაუმარჯოს!“.


„ეს არის ღია ტექსტით მიმართული გზავნილი ქართული საზოგადოებისადმი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისაგან“, - განუცხადა „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „როიტერის“ კორესპონდენტს, - ეს არის ჩვენი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვისაც. ჩვენ ისეთი მთავრობა გვსურს, რომელიც ქვეყნის პრობლემებზე იფიქრებს და არა პოლიტიკურ შურიძიებაზე“.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული მისი ცხრაწლიანი მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულობებში (უფლებამოსილების გადაჭარბებაში), შეკრებილებს კიევიდან მიმართა: „უნდა ვაჩვენოთ მთავრობას, თუ როგორაა მთელი ქვეყანა გაერთიანებული, როცა ჩვენს დამოუკიდებლობასა და მომავალ სერიოზული საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა მან პირდაპირი ტელეჩართვით, დიდი ეკრანიდან, რომელიც მიტინგის მონაწილეებისთვის იყო დამონტაჟებული


მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო საქართველო (4,5 მილიონი მოსახლეობით) მას შემდეგ დატოვა,  როცა მისი პრეზიდენტობის ვადა ამოიწურა. მისი მხარდამჭერების თქმით, ექს-პრეზიდენტი პოლიტიკურ დევნას განიცდის, იგი „კუდიანებზე ნადირობის“ მსხვერპლია.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობას გააუმჯობესებს და იმავდროულად განახორციელებს ქვეყნის დასავლეთის დემოკრატიულ სტრუქტურებთან ინტეგრაციასაც: „ვიმეორებ, რომ მთავრობა მტკიცედ დგას ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და რომ ეს პროცესი შეუქცევადია“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში.

 

„როიტერი“ (დიდი ბრიტანეთი), 16 ნოემბერი, 2014 წელი
http://uk.reuters.com/article/2014/11/15/uk-georgia-protests-idUKKCN0IZ0QP20141115

17-11-2014, 10:58
უკან დაბრუნება