საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ენერგეტიკის სამინისტროში 2 წლის მანძილზე განხორციელებული პროექტები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
კალაძემ ყურადღება გაამახვილა იმ შედეგებზე, რომლებიც ენერგეტიკის სამინისტრომ გასული 2 წლის განმავლობაში მიიღო
"შემცირებულია ტარიფები ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე. ტარიფი შემცირდა 300 კილოვატ საათამდე მოხმარების შემთხვევაში, რამაც 2013 წლის 1 იანვრიდან მოსახლეობისთვის ელექტროენერგია გააიაფა 4 თეთრით, ანუ 21-27 პროცენტით.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფს, აქაც 2013 წლის 1 მარტს მოხმარების საფასური შემცირდა 5 თეთრით. საერთო ჯამში ტარიფების შემცირების შედეგად მოსახლეობამ დაზოგა დაახლოებით 140 მილიონ ლარზე მეტი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ინდივიდუალური გამრიცხველიანება და გაზიფიცირება. გასული ორი წლის მანძილზე საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირდა 88 000 აბონენტი.
ასევე უნდა აღინიშნოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის გაზიფიცირების პროექტი, რომელიც დასასრულს უახლოვდება და წლის ბოლომდე 58 სოფლის, 13 000 ოჯახის ბუნებრივი აირით მომარაგება მოხდება. ამ მიზნით ჩვენმა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო 19 მილიონი ლარი.
გაზიფიცირებულ სოფლებში, ქსელზე მიერთების საფასური შემცირდა 600 ლარიდან 400 ლარამდე. ასევე მოსახლეობას ექნება საშუალება, ისარგებლოს გრძელვადიანი უპროცენტო განვადებით. ყოველთვიურად გადაიხდიან 25 ლარს და პლუს ამას დაემატება იმ ბუნებრივი აირის მოხმარების საფასური, რასაც ისინი მოიხმარენ.
ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს მომხმარებლის ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები, რის შედეგადაც 110 ათასი აბონენტი იქნა გამრიცხველიანებული მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ ორი წლის განმავლობაში. 2015 წლის ბოლოსთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამრიცხველიანების პროექტი იქნება დასრულებული.
უშუქო სოფლებში პრობლემის მოგვარების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 6 მილიონი ლარი. აღნიშულის შედეგად ელექტროენერგია დღეს მიეწოდება 8 უშუქო სოფელს. უახლოეს მომავალში დასრულდება დამატებით 20 უშუქო სოფლის ელექტროფიცირების სამუშაოები", - განაცხადა კახა კალაძემ.