ივერიონი / განწირულია თუ არა რუსეთი?

განწირულია თუ არა რუსეთი?

მოკავშირეების გარეშე
სარედაქციო სტატია
ბრისბენში გამართულმა "დიდი ოცეულის" სამიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთს საერთაშორისო არენაზე საქმე ცუდად აქვს. კრემლმა ვერ შეძლო დასავლეთის ზეწოლის ნეიტრალიზება უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ისე, კაცმა რომ თქვას, ამ თვალსაზრისით დიდი პერსპექტივები არ გვქონდა, მაგრამ მაინც არსებობდა მცირე იმედი - იქნებ ვინმე გადმოგვებირებინა "ოცეულის" წევრებიდან და ვიღაცის თბილი ყურადღება მიგვექცია. ბოლოს და ბოლოს, სირიის საკითხში ხომ ასე მოხდა ერთი წლის წინათ...
"დიდი ოცეული" ხომ "დიდი რვიანი" არ არის, "ოცეულში" უამრავი ისეთი სახეოლმწიფო შედის, რომლებთაც ვაშინგტონთან და საერთოდ, დასავლეთთან უთანხმოება აქვთ და რუსეთი აშშ-ის ალტერნატივად და ანტიდასავლური პირობითი კოალიციის ლიდერად მიაჩნიათ. სამწუხაროდ, "ოცეულის" წევრებში მოსკოვმა უკრაინის საკითხში მხარდამჭერი კი არა, თანამგრძნობი ქვეყანაც კი ვერ იპოვა.
ამასთან დაკავშირებით მოკავშირეობის საკითხი ერთობ აქტუალური ხდება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფორმატში, რომელიც ოფიციალურად ძალაში 2015 წლის პირველი იანვრიდან შედის. ალიანსი, როგორც ჩანს, უსაფრთხოების იმ ფორმატს შეინარჩუნებს, რომელიც "ოდკბ"-ის ფარგლებში ჩამოყალიბდა ("ოდკბ" - "ორგანიზაცია დოგოვორა კოლლეკტივნოი ბეზოპასნოსტი", რომელშიც შედიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ).
მოსკოვის გათვლები იმაზე, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირით უზბეკეთიც დაინტერესდებაო, არ მართლდება. უშედეგოა აგრეთვე აზერბაიჯანისკენ მიმართული მცდელობაც: ამ დღეებში პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ისეთი პროევროპული სიტყვით გამოვიდა, რომ გასაგები გახდა - თუ ბაქო გადაწყვეტს და ალიანსებს გარეშე სტატუსს გამოემშვიდობება, ის უფრო ევროკავშირს აირჩევს, ვიდრე ევრაზიულს. მოლდოვას გეოპოლიტიკური ვექტორი 30 ნოემბერს გაირკვევა, როცა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. თურქმენეთი კვლავ თავისთვის რჩება, აშხაბადი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.
საქართველოსთან მიმართებით კი მოსკოვმა, აფხაზეთისათვის შეთავაზებული ხელშეკრულებით, თბილისთან ურთიერთობაში მიღწევათა ის მინიმუმიც კი გადახაზა, რომელიც ბოლო წლებში გაჩნდა - თბილისში ანტირუსული აქცია გაიმართა და იმავე დღესვე, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მაუწყებლობა შეწყვიტა რუსულმა რადიოსადგურმა "სპუტნიკ"-მა...
თვით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირშიც, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, რუსეთის პოზიციები ისეთი მტკიცე არ არის, როგორიც გვეჩვენება. მართლაც მიაღწია თუ არა მოსკოვმა სახელმწიფოთა კავშირს თუ მორიგი თავის ტკივილი მიიღო? თუ საუბარს ნამდვილ მოკავშირეზე დავიწყებთ, ასეთი ევრაზიულ კავშირში მხოლოდ სომხეთია, რომლის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზაა დისლოცირებული და რომელიც რუსეთთან ყველანაირი წარმოსადგენი თუ წარმოუდგენელი შეთანხმებებითაა მიჯაჭვული.
ყაზახეთი სულ სიფრთხილეს იჩენს და მუდამ აცხადებს, რომ ვიღაცის სასარგებლოდ თავისი ინტერესების მცირედსაც კი არ გაიღებს. მართალია, ბოლო ხანს აქ სიტუაცია იცვლება - ასტანამ თვითონ დაიწყო ყირგიზეთის ლობირება ევრაზიულ კავშირში მისაღებად და, როგორც ჩანს, ვლადიმირ პუტინი არ დაივიწყებს ნურსულთან ნაზარბაევის კეთილ ნაბიჯს. გამოდის, რომ რუსეთს, რთული გადაწყვეტილების მიღების დროს, ყაზახეთის და სომხეთის იმედი ექნება, რეზერვში კი ყირგიზეთი ეყოლება.
ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მეხუთე წევრი - ბელორუსია, როგორც უკვე არაერთხელ წერდა "ნეზავისიმაია გაზეტა", სულ უფრო დამოუკიდებელ პოლიტიკას ახორციელებს და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე თავისებურად თამაშობს. არა არის არანაირი ნიშანი იმისა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო თავის პოზიციას შეცვლის პირველი იანვრიდან, როცა ევრაზიული კავშირი ამოქმედდება. ბელორუსია ჩინეთივით არის - მინსკი თავის ინტერესებს, პეკინის მსგავსად, ყველაზე მაღლა აყენებს!
მზადაა რუსეთი ანგარიში გაუწიოს ძალთა ასეთ განლაგებას?
განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველი არ არის. როცა აფხაზეთმა, რომელიც სრულიადაა დამოკიდებული რუსეთზე, თავზე ხელები იტაცა და მოსკოვის მიერ შეთავაზებული სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტი უარყო, უკვე დროა კრემლმა პარტნიორობის ფორმები გადასინჯოს. თანამედროვე მსოფლიოში მოკავშირეთა მობილური კოალიციის გარეშე რუსეთისთვის გლობალური და რეგიონული საკითხების გადაჭრა სულ უფრო და უფრო რთული გახდება, შესაბამისად - სულ უფრო მეტი დანახარჯები იქნება საჭირო სტრატეგიული კურსისი გასატარებლად.

  "ნეზავისიმაია გაზეტა" (რუსეთი), 19 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.ng.ru/editorial/2014-11-19/2_red.html

19-11-2014, 11:31
უკან დაბრუნება