ნდობის ჯგუფი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შესახებ ამოღებული მასალების განხილვის მიზნით ორ კვირაში ისევ შეიკრიბება-ინფორმაციას ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილი ავრცელებს. მისი თქმით მასალა საკმაოდ დიდია და ამ ეტაპისთვის ნაწილი უკვე შესწავლილია.
-"ზღვა მასალა იყო. მოვახდინეთ ამ მასალებიდან გარკვეული ნაწილის შესწავლა. შევთანხმდით, რომ სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ კვლავ შევიკრიბებით და გავაგრძელებთ მუშაობას", - აღნიშნა სესიაშვილმა.
გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას თქმით, ნდობის ჯგუფის წევრებს მისი სამსახურის მიერ წარდგენილ მასალებთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა ჰქონდათ.
პარლამენტის ნდობის ჯგუფი პრემიერ-მინისტრს ე.წ. კაბელების საქმეში არსებული მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოების მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ნდობის ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს.
-"დღის წესრიგით ნდობის ჯგუფმა განიხილა თავდაცვის სამინისტროსა და "სილქნეტს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მოვუსმინეთ მომხსენებლებს, იყო ძალიან ბევრი კითხვა და თავისთავად, მივიღეთ პასუხები. განხილვის შემდეგ ნდობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება და მივმართავთ პრემიერ-მინისტრს ამ ხელშეკრულებისა და შესაბამისი მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოების მოთხოვნით," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.