-"საუბარი იმაზე, რომ ოდესმე შეიძლება "ნაციონაური მოძრაობა" კონსტრუქციული გახდეს, უბრალოდ სასაცილოა"-ასე გამოეხმაურა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრემიერმინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ღარიბაშვილმა ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.
-"ნაციონალური მოძრაობა" არ შეიძლება ჩაითვალოს რეალურ ოპოზიციად, რადგან ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის დამტკიცებაც, სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო მისი არაკომპენეტურობისა და პოლიტიკური ნების არქონის გამო. საუბარი იმაზე, რომ ოდესმე შეიძლება "ნაციონაური მოძრაობა" კონსტრუქციული გახდეს, ეს უბრალოდ სასაცილოა.
რაც შეეხება ოპოზიციის "ეფექტურობას", მე ვისურვებდი, რომ პირველ რიგში მთავრობა ყოფილიყო უფრო ეფექტური, ეს ქვეყნის ინტერესებში შედის. ხოლო რაც გვეხება ჩვენ, ჩვენი ძალა არის არამხოლოდ კონსტრუქციული, არამედ ზეკონსტრუქციული ოპოზიცია, დაწყებული წინასაარჩევნო პერიოდიდან ჩვენმა ორგანიზაციამ, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებასა და "ქართული ოცნების" გამარჯვებაში. არჩევნებიდან მოყოლებული ჩვენ ყოველთვის ძალიან კონსტრუქციულად ვაკრიტიკებდით მთავრობას, უფრო მეტიც, ჩვენ არაერთგზის რჩევის სახით გაგვიხმოვანებია პოზიცია, თუ რა უნდა გაკეთდეს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში, სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ამას ადექვატური რეაგირება ხელისუფლების მხრიდან არ მოჰყოლია."
მისივე თქმით, კარგია მთავრობამ ახლა თუ მაინც გაიგო, რომ ორი წლის თავზე აუცილებელია ოპოზიციასთან ნორმალური ურთიერთობა და დიალოგი, იმიტომ, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს რეალურ ოპოზიციასთან დიალოგის რეჟიმში მუშაობა.
-"ქვეყანას სჭირდება ეფექტური მთავრობა, ეფექტური ოპოზიცია მას ჰყავს, მაგრამ მთავრობის ეფექტურობის გარეშე ეს ოპოზიციაც ვერ იქნება ეფექტური. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ის განცხადება, როდესაც პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროპულ სტრუქტურებს მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციებისათვის, ჩემთვის ბოლომდე მისაღები არ არის, რადგან ყველა ამ განცხადებაში საუბარია პოლიტიკურ დევნაზე და უსამართლობაზე. ვწუხვარ, რომ პრემიერმინისტრმა ამჯერადაც ვერ შეძლო იმის ახსნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას კი არ აქვს ადგილი, არამედ სამართლიანობის აღდგენის მცდელობას. ეს რომ პრემიერს აეხსნა, ბუნებრივია, დასავლეთში ვერ გაბედავნდენ "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა არაკონსტრუქციული ძალების პოლიტიკურ ოპოზიციად გამოცხადებას," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი აღნიშნავს, რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას" აწყობს ოპოზიციად ჰყავდეს "ნაციონალური მოძრაობა" და ნაკლებად ედებატოს იგივე "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას", რადგან "ნაციონალურ მოძრაობას" რაიმე საკითხზე შეპასუხების უბრალოდ მორალური უფლება არ აქვს".