როგორც დეპუტატი შალვა შავგულიძე აცხადებს,"თავისუფალი დემოკრატები" მხარს ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ კანოპროექტს დაუჭერენ.
შავგულიძის თქმით, მთავარია ე.წ. გასაღები შსს-დან გავიდეს. სწორედ ეს არის გათვალისწინებული ხმალაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტში.
დეპუტატი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ე.წ გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-სესიაშვილ-ფოფხაძის მიერ წარდგენილ კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს.
შეგახსენებთ, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით რამდენიმე პროექტია მომზადებული. კერძოდ, დეპუტატების ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, შემოდის ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომლიდანაც ერთი გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მეორე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.
ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება. არასამთავრობოთა შეთავაზება ასევე ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, ერთი გასაღები აქვს სასამართლოს, მეორე - ელექტრონულ კომპანიებს.