სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ გლდანის N8 საპყრობილეში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები დაფიქსირდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე კახა კახიშვილი გამოეხმაურა და სახალხო დამცველს შესთავაზა განცალკევებით ან მასთან ერთად შეხვდეს მსჯავრდებულებს და მათგან პირადად მიიღოს ინფორმაცია. როგორც უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, მისთვის კახა კახიშვილის შეთავაზება მიუღებელია.
-"სახალხო დამცველის წარმომადგენლები რამდენჯერმე იყვნენ აღნიშნულ დაწესებულებაში, მათ შორის დღესაც. არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მინისტრთან ან მინისტრის მოადგილესთან ერთად შევიდე #8-ე დაწესებულებაში. თუკი ამის საჭიროება იქნება, თვითონ გადავწყვეტ ვიზიტს. ჩვენ სასჯელაღსრულების აღნიშნული დაწესებულებიდან ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ამასთან სახალხო დამცველი #8 დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებელი პირების თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"2014 წლის 17 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით.
მისასალმებელია, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოზიცია, რომ გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აწარმოოს.
ამასთან, არსებითი მნიშვნელობისაა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უნდა წარმართოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქმეზე დაუყოვნებლივ ჩატარდეს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, დაიკითხონ დაზარალებულები და სახალხო დამცველის წინადადებაში მითითებული #8 დაწესებულების ყველა თანამშრომელი, ასევე ყველა ის პირი, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას წინადადებით, სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული მასალების, ასევე გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ მსჯავრდებულთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობაში და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ პირთა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
ამასთან, მნიშვნელოვანია, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ შეისწავლოს რამდენად დაცული იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული მოთხოვნები, სასჯელაღსრულების სამინისტროს #8 დაწესებულებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მათ შორის, პატიმართა მიმართ სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ და შედგენილი და დაუყოვნებლივ გაგზავნილი იყო თუ არა ანგარიში მინისტრისა და დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის სპეციალური საშუალების გამოყენების საფუძვლების აღმოფხვრის შემდეგ. შესწავლის განმავლობაში კი "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 91-ე მუხლის შესაბამისად დისციპლინური წარმოებისას ჩამოშორებულ იქნას სამსახურიდან ყველა ის პირი, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება იკვეთებოდეს აღნიშნული პროცედურების დარღვევის გამო,"- ნათქვამია განცხადებაში.