მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაზე თავის შეხედულებას ჟურნალ "ფორბსს" უზიარებს და ამბობს, რომ ეს მოხდება საკმაოდ მოკლე დროში.
-"მინდა ვთქვა, რომ მაიდნის სცენარი გამოიწვია არა რაღაც ჯგუფმა უკრაინაში, არამედ გამოიწვია თვითონ იანუკოვიჩმა. მან პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ასე მომხდარიყო. თავისი უტიფრობით, გაუტანლობით, მუდმივი თავზეხელაღებულობით ოპონენტების მიმართ. უკრაინაში თავიდან არ იყო განწყობა და ენერგია ახალი რევოლუციისთვის. მაგრამ იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს სიტუაცია, რომლის იქით უკვე შეუძლებელიც იყო გაჩერება. ამიტომ ეს ყველაფერი არჩევანია ივანიშვილის, ის აკეთებს ამ არჩევანს. ჩვენი არჩევანი ეს ვერ იქნება ვერც ერთ შემთხვევაში. ერთი რამ ცხადია: ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მან ქვეყანა დაიპრივატა, გეგონება მემკვიდრეობაში ერგო და მიაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი მისი აქტივია, როგორც სააფთიაქო ქსელი ჰქონდა, ან რაღაცა გაზპრომის აქცია აქვს. საქართველოც არის მისი ყველაზე ღირებული აქტივი. უხარია ალბათ, რომ ასეთი აქტივი გააჩნია. მაგრამ ახლა საქართველო არ შეიძლება არავის აქტივი და საკუთრება იყოს ძალიან მარტივი მიზეზების გამო. ამიტომ, აქედან გამომდინარე, საზოგადოება მოახდენს რეორგანიზაციას და საზოგადოება გასცემს ამას პასუხს. ამაში საერთოდ ეჭვი არ მეპარება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება არ არის სუიციდალური, მას აქვს ლტოლვა უკეთესი მომავლისკენ. მე ასე მიმაჩნია. მე ვადებზეც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ეს მოხდება ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე მას წარმოუდგენია, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად მიდის მოვლენები.
მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის წლების საკითხი, ეს არის თვეების საკითხი. როცა საზოგადოება ბოლომდე რეორგანიზდება და ივანიშვილს ხელისუფლების უზურპაციის მცდელობისთვის ამა თუ იმ ფორმით გასცემს შესაბამის პასუხს და მეორე – საქართველოს საერთაშორისო პოზიციებისა და საქართველოს სუვერენიტეტის ბოლომდე მოშლისთვის. ეს არის ორი სასიცოცხლო საფრთხე.
საქართველოში ჩნდება ჯგუფი ადამიანების, რომელიც კარგავს მთავარ რაღაცას. რომელსაც გაუჩნდა განცდა, რომ უწიგნური, დაულაგებელი ოლიგარქი ართმევს მომავალს. ეს ძალიან მწარე განცდაა. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური პროცესების წარმართვა-არწარმართვა. როცა გართმევენ მომავალს, გართმევენ ყველაფერს, რაც შეიძლება ძვირფასი იყოს შენთვის. იმ ადამიანს უკვე სულ სხვა ინსტინქტები უჩნდება, თვითგადარჩენისა და მოქმედებების სულ სხვა მოტივაცია უჩნდება" - განუცხადა ჟურნალს სააკაშვილმა.