ივერიონი / სახალხო დამცველი მაღალჩინოსნების საქმის ნაწილზე საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვს

სახალხო დამცველი მაღალჩინოსნების საქმის ნაწილზე საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვს



სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საქმის ნაწილზე საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვს.
 სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში დაჩქარდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების განსაიდუმლოების პროცესი, რომლებიც არ შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას.
"ივერიონი" აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
  "საქართველოს სახალხო დამცველმა "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით, საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების (ე.წ."კაბელების") საქმის შესწავლა. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები, წინამდებარე საქმის გარემოებების გამოკვლევის პროცესში, არაერთხელ შეხვდნენ ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და ასევე, გაესაუბრნენ მათ ადვოკატებს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უზრუნველყო აღნიშნული საქმის მასალების მისთვის გაცნობა.
საქმის მასალების გაცნობის შედეგად ირკვევა, რომ ე.წ. "კაბელების" სისხლის სამართლის საქმეს გრიფი "საიდულო" მიენიჭა მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების დღეს, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის დადგენილებით. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის მთლიანი მასალა მიეკუთვნება საიდუმლო ინფორმაციას.
2014 წლის 14 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველისთვის საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციით, დაცვის მხარის არც ერთ ადვოკატს არ ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტაციაზე დაშვების უფლება, რის გამოც ადვოკატებს განემარტათ, რომ ვერ მოხდებოდა მათთვის საქმის მასალების ასლების სახით გადაცემა. გამომძიებლის მიერ თითოეული ადვოკატი გაფრთხილებული იქნა სახელმწიფო საიდუმლოების გაუმჟღავნებლობაზე და მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საქმის მასალებს, რაზეც ბრალდებულების ადვოკატებმა უარი განაცხადეს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის 19 ნოემბერს გაკეთებული საჯარო განცხადებითაც გაავრცელა.

 საქართველოს კანონმდებლობა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციისთვის არაერთ გარანტიას აწესებს. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუძემდებლური ელემენტია, რომლის არსებობის გარეშეც სამართლიანი სასამართლო განხილვა წარმოუდგენელი და შეუძლებელია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს, რომ ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღონ მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას, მხარისთვის მეორე მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების გაცნობის, მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლის სავალდებულოობა დადგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო  კოდექსით.
ერთადერთი გამონაკლისი ზემოაღნიშნული წესიდან დადგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილით, კერძოდ, დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის მიღებაზე შეიძლება ბრალდების მხარის შუამდგომლობით შეზღუდოს სასამართლომ მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე. რაც შეეხება სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გადაცემის შეზღუდვის შესაძლებლობას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმისთვის "საიდუმლო" გრიფის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია შეფასდეს საქმის კონკრეტული მასალისთვის (დოკუმენტისთვის) "საიდუმლო" გრიფის მინიჭების მიზანშეწონილობა.

საქართველოს სახალხო დამცველი თვლის, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ე.წ. "კაბელების" სისხლის სამართლის საქმის მხოლოდ ის მასალა უნდა დასაიდუმლოებულიყო, რომელიც შეიცავს "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას.
შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია, მოცემული სისხლის სამართლის საქმის იმ ნაწილის განსაიდუმლოება, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდულოებას. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილ იქნეს გამოძიების პროცესში ბრალდებულებისთვის საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული ადამიანის უფლებები, მათ შორის, მხარეთა თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, დაცვის მხარისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობა.
 საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში დაჩქარდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების განსაიდუმლოების პროცესი, რომლებიც არ შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას".

22-11-2014, 12:37
უკან დაბრუნება