საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა პროგრამის "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" მეხუთე ნაკადის 123 მონაწილეს სერტიფიკატები გადასცეს. მოხალისე პედაგოგები ორი აკადემიური სემესტრის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში მოღვაწეობდნენ და წარმატებით დაასრულეს პროგრამა.
პროგრამას "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პროექტი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზეა ორიენტირებული და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი პედაგოგების წარგზავნაა.
პროგრამის მონაწილე მოხალისე მასწავლებლები ადგილობრივ ოჯახებში ცხოვრობენ და ქართულის გაკვეთილებთან ერთად, სკოლის მოსწავლეები ჩართულნი ჰყავთ არაფორმალურ განათლებაშიც, შექმნილი აქვთ კლუბები, ხოლო ოჯახში თანაცხოვრების დროს ოჯახის წევრებს ქართული ენის სწავლაში ეხმარებიან.
პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრის ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა. არაქართულენოვან სკოლაში ერთი აკადემიური წლის მუშაობის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით აფინანსებს.