ივერიონი / ახალგაზრდა "კონსტიტუციონალისტების" აზრით ე.წ. გასაღები შშს-ს უნდა დარჩეს

ახალგაზრდა "კონსტიტუციონალისტების" აზრით ე.წ. გასაღები შშს-ს უნდა დარჩეს

ახალგაზრდა "კონსტიტუციონალისტების" აზრით ე.წ. გასაღები შშს-ს უნდა დარჩეს და ისინი ბესელია-ფოფხაძის და სესიაშვილის პროექტს უჭერენ მხარს.

ორგანიზაციის პოზიცია საზოგადოებას  "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენმტმა  საბა სუთიძემ გააცნო.

 

"პარლამენტში აღნიშნული საკითხის შესახებ ორი კანონპროექტია ინიცირებული: პირველი -  ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის, რომელიც, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მიერ "გასაღების" ფლობის პირობით, ორგასაღებიანი სისტემის შემოღებას ითვალისწინებს და მეორე - ვახტანგ ხმალაძის, რომლის თანახმად, "გასაღები" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელში უნდა გადავიდეს. პარლამენტში, საკანონმდებლო წინადადების სახით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ "გასაღები"  მობილური ოპერატორებისა და სასამართლოს ხელში უნდა გადავიდეს.

 

სასამართლოს ხელში ფარული მოსმენების მექანიზმის მოქცევა სასამართლოს აღმასრულებელ საქმიანობაში ჩართვას გამოიწვევს, რაც გაუმართლებელია. აღნიშნულ გარემოებაზე არაპირდაპირ მიუთითა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემაც, რომელიც ეწინააღმდეგება ფარული მოსმენების "გასაღების" სასამართლოსათვის გადაცემას.

 

მობილური ოპერატორებისთვის აღნიშნული ინსტრუმენტის მიკუთვნება გაუმართლებელია სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვინაიდან ისინი კერძო პირები არიან და გაცილებით დიდია საფრთხე იმისა, რომ, მათი მეშვეობით, უცხო სახელმწიფოებმა საშიშროება შეუქმნან საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. აღსანიშნავია, რომ მობილური პროვაიდერები უარს აცხადებენ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ზემოდასახელებული ბერკეტების მათთვის  მიკუთვნებაზე.

რაც შეეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის "გასაღების" გადაცემას, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა პრობლემურია იმდენად, რომდენადაც პრაქტიკაში არსებობს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევები, როცა დაყოვნებამ შეიძლება, გამოძიებისათვის გამოუსწორებელი შედეგი გამოიწვიოს. ასეთ დროს კონსტიტუციაც უშვებს სასამართლოს ბრძანების გარეშე კომუნიკაციის ფარულობის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. ძნელი წარმოსადგენია, სამართალდამცავმა ორგანოებმა როგორ უნდა მოახდინონ კომისიის წინაშე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის არსებობის დემონსტრირება. ამავდროულად, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან სავალდებულო ინტერაქცია დააზარალებს გამოძიების ინტერესებს, რომელთა დაცვასაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სასამართლოს ბრძანების გარეშე ფარული მოსმენების შესაძლებლობის დაშვება ემსახურება.

 

ამრიგად, კანონპროექტების შემოთავაზებული ვარიანტებიდან ოპტიმალურად ის უნდა ჩაითვალოს, რომელიც ე.წ.  "გასაღების" შსს-სა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორისათვის მიკუთვნებას ითვალისწინებს, ვინაიდან, პირველ რიგში, შსს არის ის სახელმწიფო ორგანო, რომელიც საზოგადოებივი წესრიგის დაცვაზე უნდა ზრუნავდეს და მას ამისთვის ეფექტიანი ბერკეტები უნდა ჰქონდეს; ხოლო პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ფუნქციასთან არათუ შეუთავსებელია "გასაღების" ფლობა, არამედ ესადაგება მას, რადგან ინსპექტორი პერსონალური მონაცემების დაცვას აკონტროლებს, ფარული მოსმენები კი პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უფლებას ზღუდავს", - განაცხადა საბა სუთიძემ.

 

 

22-11-2014, 14:04
უკან დაბრუნება