სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში, ქურდული ტრადიციების მატარებელმა მსჯავრდებულებმა 39 პატიმრის ჩართვით, სცადეს შეექმნათ ილუზია, რომ მათი უფლებები უხეშად ირღვევა
"სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მომხდარ სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე კვირას გავრცელებული ინფორმაცია, რომელზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, ქურდული ტრადიციების მატარებელი ცალკეული ჯგუფებისთვის, როგორც ჩანს, ხელსაყრელი მომენტი აღმოჩნდა, რათა გავლენის სფეროს გაფართოება ეცადათ.
წინასწარი ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით, სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში, ქურდული ტრადიციების მატარებელმა მსჯავრდებულებმა, ნ.ნ-მ, გ.კ-მ, გ.ვ-მ და ბ.ო-მ, პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმების გამოყენებით, როგორიცაა შიმშილობა და თვითდაზიანება და ამ პროცესში 39 მსჯავრდებულის ჩართვით, სცადეს გავლენა მოეხდინათ საზოგადოებრივ აზრზე და შეექმნათ ილუზია, თითქოს მათი უფლებები უხეშად ირღვევა. დაწესებულების სოციალური სამსახურის აქტიური მუშაობის შედეგად, ოცდასამმა პატიმარმა შიმშილობა უკვე შეწყვიტა.
აღნიშნული მსჯავრდებულების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კანონის შესაბამისად ხორციელდება. ფაქტის შესწავლაში ჩართულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია", - აღნიშნულია განცხადებაში.