"აფხაზებისთვის,ისევე, როგორც ქართველებისთვის, ამ ხელშეკრულების ხელმოწერა კატასტროფის ტოლფასი იქნება", - აღნიშნული განცხადება, აფხაზეთის მთავრობის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი თამაზ კუჩუბერია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შინაარსსთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც კუჩუბერიამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, ეს იქნება აფხაზი ხალხის სირცხვილი, რადგან დოკუმენტში მითითებულია 5 მილიარდი, ამ თანხით აფხაზეთს ყიდულობს და რაიმე სახის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია.
"მინდა, რომ მთელმა აფხაზეთმა გაიგოს, მხოლოდ სიმართლეს ვიტყვი იმის შესახებ, რა ხდება რუსეთის მიერ გამოგზავნილი ამ პროექტის ირგვლივ. ამის ხელმოწერა არ შეიძლება. ეს არის კატასტროფა სრულიად აფხაზეთისთვის და აფხაზი ხალხისთვის, ქართველებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის.
ამ შეთანხმებაში პირდაპირ წერია, რომ მისი გაფორმებისთვის 5 მილიარდს გადარიცხავენ. რა გამოვიდა - რომ აფხაზეთს ვყიდით? ყველაფრის შესახებ რუსული კანონი არსებობს, ჯარი, შსს, საბაჟო და ჩვენ რაღა გვრჩება? გამოდის აფხაზეთი კი არა რუსეთი ვართ. გაუგებარია, რისთვის ვიბრძოდით - იმისთვის, რომ რუსი განაგებდეს ყველაფერს 5 მილიარდის სანაცვლოდ? ამას ხელი თუ მოვაწერეთ, ეს აფხაზი ხალხის სირცხვილი იქნება. მათ სურთ ამ ხელშეკრულების ნაწილობრივ გაფორმება, მაგრამ დღეს თუ ერთი გააფორმე, ხვალ კრემლი გაიძულებს გააფორმო მეორე. შესაძლოა მერე ხაჯიმბას თანამდებობაც დაატოვებინონ. ამას თუ ხელი მოეწერა, შიდა ომი გარდაუვალი იქნება", - აცხადებს კუჩუბერია რუსთავი2-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი, დღეს, სოჭში მოეწერება.